Thumbnail

ახალქალაქელმა ცარუკიანმა დარიუში დაანოკაუტა და UFC-ის ჩემპიონი გამოიწვია

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • არმან ცარუკიანს ბენეილ დარიუშის დასამარცხებლად 1 წუთი ეყო
  • 27 წლის სპორტსმენს UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონთან რემატჩი სურს

UFC-ის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა (21-3) ოსტინში გამართული საღამოს მთავარ ბრძოლაში ბენეილ დარიუში (22-6) პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და მატჩის შემდეგ მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი (25-1) გამოიწვია. 

ახალქალაქში დაბადებულ სპორტსმენს UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგის მეოთხეადგილოსანი ასირიელის დასამარცხებლად მხოლოდ 1 წუთი და 4 წამი დასჭირდა. არმანმა ბენილს მუხლით ძლიერი დარტყმა გაუტარა და ნოკდაუნის შემდეგ მეტოქის დაფინიშება აღარ გასჭირვებია. 

27 წლის ცარუკიანი UFC-ში 2019 წლიდან ჩხუბობს და პერიოდში 10 ბრძოლა გამართა, რომელთაგანაც 8 მოიგო. "ახალქალაქელის" 2 წაგება მატეუშ გამროტთან (23-2) და ისლამ მახაჩევთან აქვს. ამ უკანასკნელს ორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში დაუპირისპირდა და წონის მოქმედი ჩემპიონის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია. არმანს მომდევნო ჩხუბის გამართვა სწორედ დაღესტნელთან სურს. 

"ჩემი აზრით, ბენილ დარიუში ამ წონის ყველაზე დასაფასებელი მებრძოლია. რეიტინგის ტოპ 5-ის წევრი მეტოქე დიდი ხნის მანძილზე ვერ ვიპოვე და ჩემთან ჩხუბს მხოლოდ ბენილი დათანხმდა. ვიცოდი, რომ ნოკაუტით გამარჯვებას შევძლებდი. მახაჩევს 4 წლის წინ ვეჩხუბე, მაშინ მხოლოდ 22 წლის ვიყავი. ისლამი ძალიან მაღალი დონის სპორტსმენია, მაგრამ ახლა 27 წლის ვარ და ვიცი, მასაც ნოკაუტში გავუშვებ. არ აქვს მნიშვნელობა მომდევნო ბრძოლას მასთან ჩავატარებ თუ არა, ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით და გამარჯვებული მე ვიქნები," - თქვა სომეხმა. 

არმან ცარუკიანი 1996 წელს საქართველოში, ახალქალაქში დაიბადა. სოჭში გაზრდილი სპორტსმენი დიდი ხნის მანძილზე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, თუმცა მიმდინარე წლიდან სომხეთის დროშის ქვეშ იბრძვის. მომავალი კვირიდან არმანი UFC-ის ყველაზე ვარსკვლავური წონის რეიტინგის მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლებს და ტიტულის პრეტენდენტი გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები