Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ძიუდოისტთა წლის ბოლო, ტოკიოს გრანდ სლემზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულა, რომელიც ტურნირის პირველ დღეს მოიპოვა. სამწუხაროდ, მეორე საშეჯიბრო დღეს მედლის მოპოვება ტატიმიზე გასულმა ვერცერთმა ქართველმა ძიუდოისტმა მოახერხა. მათგან ყველაზე უკეთ ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ.) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ.) გამოვიდნენ, რომლებიც ბრინჯაოს მოპოვებასთან ახლოს იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს დედაქალაქში 2 დეკემბერს ვერცხლის მედალი ლუკა მაისურაძემ (-90 კგ.) მოიპოვა, ხოლო გიორგი ტერაშვილმა (-73 კგ.) - ბრინჯაო.  

3 დეკემბერს საქართველოს ნაკრების 9 ძიუდოისტმა იასპარეზა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილსა და ლუხუმ ჩხვიმიანს დაბრკოლებად იაპონელი ტაკი ნაკამურა ექცათ. მასპინძელთა 21 წლის ძიუდოისტმა სარდალაშვილი მესამე წრეში დაამარცხა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ჩხვიმიანს კი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში აჯობა. 

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე წრეში გააღწია, მაგრამ იქ ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა ვაჟა მარგველაშვილი, თენგო ზირაქაშვილმა კი პირველივე შეხვედრა დათმო. სტარტზევე მასპინძელ ძიუდოისტებთან დამარცხდნენ ვარლამ ლიპარტელიანი და გიორგი ბერიაშვილი (ორივე -100 კგ.). 

მძიმე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ლევან მატიაშვილმა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში მსოფლიოს და ევროპის ოს ჩემპიონ, ინალ ტასოევთან წააგო, რომელიც ტოკიოში ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობდა. ამავე წონით კატეგორიაში მეორე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას შალვა გურეშიძე. ამავე ეტაპზე დამარცხდა ქალთა -63 კგ-მდე წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილიც. 

კომენტარები

ბოლო ამბები