Thumbnail
  • ფრანგული მედია ვარაცხელიას და ოსიმენის პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერზე წერს
  • ნაპოლი ქართველ და ნიგერიელ ვარსკვლავებს იაფად ნამდვილად არ დათმობს 

ახალი არავისთვის არის, რომ ნაპოლის ლიდერები - ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არაერთი ევროპული გრანდის სამიზნეში არიან. სხვა საკითხია, როდის, რა ფასად და საერთოდ თუ შეიძლება შეელიოს ნეაპოლის კლუბი ქართველ და ნიგერიელ ვარსკვლავებს.

ცნობილი ფრანგული წყარო Le10sport.com პარი სენ-ჟერმენში მოსალოდნელ გადაადგილებებზე წერს და პარიზულ კლუბს, რომელიც კილიან მბაპესთან გამოსამშვიდობებლად ემზადება, ხვიჩას და ვიქტორის მომავალს უკავშირებს. 

კილიან მბაპე დიდი ხანია მადრიდის რეალში გადასვლაზე ფიქრობს

"რამდენადაც კილიან მბაპეს მომავალი გაურკვეველია, პსჟ თადარიგს იჭერს. ამბობენ, რომ დედაქალაქური კლუბი 24 წლის ვარსკვლავის შემცვლელს სატრანსფერო ბაზარზე ეძებს და ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება. ბუნებრივია, ნაპოლი ამ ორ ფეხბურთელში ძალიან დიდ თანხას მოითხოვს. 
 
იტალიური მედიის ცნობით, ნაპოლი ვიქტორ ისიმენს დაახლოებით 200 მილიონ ევროდ აფასებს, ხვიჩა კვარაცხელიას კი - დაახლოებით 100 მილიონად. ანუ, პარი სენ-ჟერმენს სულ ცოტა 300 მილიონი ევროს გაღება მოუწევს იმისთვის, რათა ნიგერიელი თავდამსხმელი და ქართველი გარემარბი გადაიბიროს. გაგრძელება იქნება…".

კვარა და ოსი ნეაპოლის გუნდის მთავარი ვარსკვლავები არიან

ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა ნაპოლის 2022/23 წლების სეზონში სკუდეტო მოაგებინეს. მიმდინარე სეზონში 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ს 12 შეხვედრაში 4 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზე კი 9 მატჩში 6 გოლი და 1 ასისტია.

კომენტარები

ბოლო ამბები