Thumbnail

ბუდუ ზივზივაძემ კარლსრუეს ქულა გადაურჩინა. კრისტიან აიხნერის გუნდი მეორე ბუნდესლიგის მე-15 ტურის საშინაო შეხვედრაში ანგარიშით 1:2 მარცხდებოდა, 62-ე წუთზე მოედანზე ცვლილებაზე შესულმა ქართველმა თავდამსხმელმა კი გაიტანა და კარლსრუე წაგებას გადაარჩინა.

საქართველოს ნაკრების 29 წლის ფორვარდმა თავი წინა ტურშიც გამოიჩინა, როდესაც ნიურნბერგთან ბოლო ათი წუთში დუბლი მიითვალა (4:1). იმ თამაშის შემდეგ ბუდუმ იმედი გამოთქვა, რომ მწვრთნელისგან მეტ ნდობას დაიმსახურებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ბუდუ ზივზივაძემ, რომელსაც გერმანული მედია უკვე კარლსრუეს "ჯოკერად" მოიხსენიებს, ჰანზასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დასაწყისში არ ვიყავით აგრესიულები და წინ საკმაოდ ნელა ვმოძრაობდით. ანგარიშში ჩამოვრჩებოდით, მაგრამ საბოლოოდ ქულის მოპოვება მაინც მოვახერხეთ.

მეტი მსურს. ცვლილებზე თამაში გაცილებით რთულია, ვიდრე სასტარტო შემადგენლობაში. კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ თავიდანვე თამაშს ვიმსახურებ. ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ, ვასრულებ ჩემს საქმეს და ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია. ზამთრის არდადეგებამდე ორი თამაში დაგვრჩა. ამის შემდეგ ჩემს სიტუაციაზე დავფიქრდები", - აქვეყნებს გერმანული მედია ქართველი ფეხბურთელის სიტყვებს. 


ბუდუ ზივზივაძეს, რომელიც კარლსრუეს ღირსებას იანვრიდან იცავს, მიმდინარე სეზონში მეორე ბუნდესლიგის 14 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. კარლსრუე გერმანიის II ბუნდესლიგაში 15 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 დეკემბერს, სტუმრად ჰანოვერს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები