Thumbnail
  • ვირტუსი 99:70 ტორტონა
  • ქართველმა ფორვარდმა 16 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა

თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაშის წყალობით, ვირტუს ბოლონიამ იტალიის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ბოლონიელებმა სერია A-ს მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე ტორტონა მიიღეს და მეტოქეს დამაჯერებლად, 29 ქულის სხვაობით სძლიეს.

ვირტუსმა თამაშის დასაწყისშივე მოიპოვა უპირატესობა, რომელი საფინალო სირენამდე აღარ დათმო. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო კი სწორედ 32 წლის ქართველი ფორვარდი იყო, რომელმაც მოედანზე გატარებულ 28 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. თორნიკეზე მეტი - 18 ქულა, მხოლოდ ტორტონას გამთამაშებელ, ტომაზო ბალდასოს ჰქონდა. 

თოკომ პერიმეტრიდან ერთხელ ისროლა და ზუსტად, მისი 9 ორქულიანიდან 4-მა, ხოლო 6 საჯარიმოდან 5-მა მიზანს მიაღწია. 4-ჯერ ბურთი საკუთარ ფარზე, 3-ჯერ კი შეტევაში მოხსნა. ბურთი ორჯერ დაკარგა, ორჯერ კი დაჯარიმდა. ქართველ ფორვარდს პლუს-მინუს კოეფიციენტი ორივე გუნდში ყველაზე მაღალი - 31 ჰქონდა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი - 23. ბუნებრივია, თორნიკე მატჩის MVP-ადაც დასახელდა.

ვირტუსმა ჩემპიონატში ჩატარებულ 10 თამაშში 8 მოიგო და სატურნირო ცხრილის ლიდერია. მომდევნო შეხვედრებს ბოლონიელები 6 და 8 დეკემბერს, ევროლიგაში, შესაბამისად შინ ბარსელონასა და მაკაბისთან ჩაატარებენ, ჩემპიონატს კი 10 დეკემბერს,  მოქმედ ჩემპიონ ოლიმპია მილანოსთან გასვლითი შეხვედრით დაუბრუნდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები