Thumbnail

ნაპოლისთვის სერია A-ს მე-14 ტურში ინტერთან მატჩი სეზონის წყალგამყოფი იყო: თუ მოიგებდა, "ნერაძურისთან" ჩამორჩენას ხუთ, ხოლო ახალ ლიდერ იუვენტუსთან 6 ქულამდე შეამცირებდა. შესაბამისად, ტიტულის დასაცავად ბრძოლაში დაბრუნდებოდა, მაგრამ თუ წააგებდა, ეს პრაქტიკულად იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ამ სეზონში ნაპოლის მაქსიმუმი ოთხეულში მოხვედრა თუ იქნება.

ნაპოლიმ კი ასეთი გარდამტეხი თამაში წააგო. ამგვარად, პირველადგილოსან ინტერთან ჩამორჩენა უკვე 11 ქულაა, შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, რომ ვალტერ მაძარის გუნდმა "სკუდეტოზე" გაიწიოს.

ვალტერ მაძარი "სტადიო მარადონაზე" დაბრუნდა. წინა ორი მატჩი, რომელშიც მან გუნდს უხელმძღვანელა გასვლაზე იყო, ამჯერად კი შინ 10-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა - იქ, სადაც წელს ნაპოლის მაგრად უჭირს. პარადოქსია, მაგრამ ნაპოლის სერია A-ში სტუმრად ინტერის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მოპოვებული ქულებით, ხოლო საკუთარ მოედანზე მე-16...

ნაპოლიმ "მარადონაზე" ყველა ტურნირის გათვალისწინებით ზედიზედ მეექვსედ ვერ მოიგო (2 ფრე, 4 წაგება), სეზონში კი სულაც მეხუთედ წააგო. ბოლოს "აძურიმ" შინ 27 სექტემბერს მოიგო - დიდი დრო გავიდა.

ნაპოლიმ თამაში კარგად დაიწყო, ინტერს არაფერში ჩამოუვარდებოდა, მომენტიც შექმნა, როდესაც ელიფ ელმასის შორეული დარტყმა იან ზომერმა მოიგერია. მერე იყო მატეო პოლიტანოს ეპიზოდი, მაგრამ იტალიელი ფეხბურთელის შორეული დარტყმა ხარიხას მოხვდა - ინტერი გადარჩა.

სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს სიმონე ინძაგის გუნდი დაწინაურდა: საჯარიმოს მისადგომებიდან ჰაკან ჩალჰანოღლუმ უძლიერესი დარტყმით ალექს მერეტს შანსი არ დაუტოვა - 0:1.

მეორე ნახევარში თამაში სცენარი დაახლოებით პირველის იდენტური იყო. ნეაპოლელებმა სცადეს გათანაბრება და მიზანთან ახლოსაც იყვნენ. 58-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა მაგარი მომენტი, მაგრამ ზომერმა ფანტასტიკურ სტილში მოიგერია მისი დარტყმა. სხვათა შორის, ამავე მომენტში ვიქტორ ოსიმენზე თითქოს საჯარიმოში თამაშის წესიც დაირღვა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა არ გადაწყვიტა.

რადგან მსაჯი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ ნეაპოლელებმა პირველი გოლიც გააპროტესტეს, შეტევის დასაწყისში ლაუტაროს მხრიდან ჯარიმაზე, ალბათ, სამართლიანადაც, მაგრამ მსაჯი და VAR საქმეში არ ჩარეულან...

კვარამ ინტერს მესამე ცდაზეც ვერ გაუტანა

კვარაცხელიას მომენტიდან და არდანიშნული პენალტიდან მალევე ინტერმა უპირატესობა გაზარდა. ნიკოლო ბარელამ ნაპოლის დაცვის ცენტრი გაჭრა და სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს მარკუს ტურამმაც გაიტანა, ინტერმა 3:0 მოიგო და ორი დღის წინ გალიდერებულ იუვენტუსს ისევ 2 ქულით გაასწრო.

ნაპოლი 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს რომასთან ერთად იყოფს, მომდევნო შეხვედრას კი 8 დეკემბერს, სტუმრად იუვენტუსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 4 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს თავის ანგარიშზე.

ნაპოლი 0:3 ინტერი

გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (44), 0:2 ბარელა (62), 0:3 ტურამი (85)

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ოსტიგორი, ნათანი (87. ძერბინი) - ანგისა, ლობოტკა (75. ჟელინსკი), ელმასი (75. ლინდსტრომი) - პოლიტანო (68. რასპადორი), ოსიმენი, კვარაცხელია.

ინტერი (3-5-2): ზომერი - დარმიანი (86. ბისეკი), დე ვრეი (18. კარლოს აუგუსტო), აჩერბი - დუმფრისი (77. კუადრადო), ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი (77. ფრატეზი), დიმარკო - ტურამი (86. არნაუტოვიჩი), ლაუტარო.

კომენტარები

ბოლო ამბები