Thumbnail

'ტრიბუნიდან ჩანდა, მსაჯმა როგორ ვერ დაინახა?!' - ნაპოლიში ბრაზობენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ნაპოლიმ სერია A-ს მე-14 ტურში ინტერთან 0:3 წააგო და საჩემპიონო რბოლას პრაქტიკულად ჩამოშორდა, რადგან ლიდერს უკვე 11 ქულა აშორებს.

თუმცა, თამაში მაინც სკანდალური გამოდგა. ნეაპოლში ფიქრობენ, რომ მსაჯებმა უხეში შეცდომები დაუშვეს, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. საუბარია პირველი გოლის მომენტში ლაუტარო მარტინესის მხრიდან სტანისლავ ლობოტკაზე ჯარიმასა და 0:1-ზე ვიქტორ ოსიმენზე არდანიშნულ პენალტზე.

სწორედ ამიტომ, მატჩის შემდეგ ვალტერ მაძარიმ არც სატელევიზიო კომენტარი გააკეთა და არც პრესკონფერენცია გამართა. სამაგიეროდ, ისაუბრა ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ, რომელმაც ყველაფერზე ღიად ილაპარაკა:

"მაძარი დღეს არ ილაპარაკებს, მწვრთნელი ნერვიულობს იმაზე, რაც მოხდა. ვფიქრობ, რაც დღეს მოხდა, დამამცირებელია, თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ VAR-მა და მსაჯმა, დავიდე მასამ დღეს ცუდად იმუშავეს. ლობოტკაზე ჯარიმა აშკარა იყო, უცნაურია, რომ მასა არ ჩაერია, ამ გოლმა ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი დარტყმა მოგვაყენა.

შემდეგ მეორე ეპიზოდია ოსიმენზე პენალტი, მეტოქე ჩვენს ფეხბურთელს შეეხო, ფოლი აშკარა იყო. შეხედეთ სურათებს, უხეშობა ნათელია! ყოველ შემთხვევაში,
VAR-ის მონიტორზე მაინც უნდა ენახათ! რაც შეეხება ლაუტაროს მხრიდან ლობოტკაზე პირველი გოლის მომენტში ჯარიმას: VAR-ის დახმარება საჭირო არ იყო, ტრიბუნებიდან დავინახე, რომ ჯარიმა იყო, მსაჯმა როგორ ვერ დაინახა?

გუნდმა ყველაფერი გაიღო, საგოლე მომენტები შევქმენით, ცხადია, რაღაც უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ ასეთ დამამცირებელ მსაჯობას არ ვიმსახურებდით. არ მინდა ალიბის ძებნა, თუმცა, როცა ინტერისნაირ გუნდს ეთამაშები, ასეთი უთანასწორობა დაუშვებელია".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს რომასთან ერთად იყოფს, მომდევნო შეხვედრას კი 8 დეკემბერს, სტუმრად იუვენტუსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები