Thumbnail

ბუდუ ზივზივაძემ ისევ ყველა გაგვახარა! საქართველოს ნაკრების ფორვარდი კარლსრუეს მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ ათამაშა, მაგრამ ბუდუმ მცირე დრო კვლავ იდეალურად გამოიყენა და KSC მარცხისგან იხსნა. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ინტერთან ცენტრალურ მატჩში 0:3 დამარცხდა, მაგრამ კვარას მაინც აქებენ - კარგი საქციელის გამო. გასული უიკენდის მნიშვნელოვანი ამბები "ორშაბათის საკითხავში":


ევრო 2024 | სად შეიძლება მოხვდეს საქართველო

თურქეთი, პორტუგალია, ჩეხეთი - აი, ამ ნაკრებებთან მოუწევს საქართველოს ეროვნულ გუნდს ჯგუფში თამაში, თუკი ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავა. ყველამ იცის, რა არის საამისოდ საჭირო, მაგრამ მაინც: საქართველოს ნაკრებმა მარტში დაგეგმილი პლეი ოფი უნდა მოიგოს - ჯერ თბილისში ლუქსემბურგი უნდა დაამარცხოს, მერე კი საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებული. ევრო 2024-ის წილისყრა შაბათს გაიმართა და ყველა ჯგუფი გაირკვა.

📋 | ევროპის ჩემპიონატის წილისყრის შედეგები ნახეთ აქ

კვარა | რას წერენ იტალიაში ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ მილანის ინტერთან უმნიშვნელოვანესი მატჩი შინ 0:3 წააგო და იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ისევ ჩამოშორდა (ინტერთან ჩამორჩენა 11 ქულას შეადგენს). თუმცა კვარამ ქება მაინც დაიმსახურა - მატჩის 76-ე წუთზე, როდესაც სტუმრები ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, ინტერის ნახევარმცველმა დენზელ დუმფრისმა ტრავმა მიიღო, ნეაპოლელებმა კი თამაში გააგრძელეს. ამის შემხედვარე ხვიჩამ, რომელიც დაშავებულ ნიდერლანდელთან ახლოს იმყოფებოდა, განგაში ატეხა, თამაშის შეჩერება და დუმფრისისთვის დახმარების სასწრაფოდ აღმოჩენა მოითხოვა. სწორედ ამის გამო აქებენ ხვიჩას.

📋 | რას წერენ იტალიაში კვარაცხელიაზე და ნაპოლიზე, ნახეთ აქ.

ბუდუ | ისევ გაიტანა და კარლსრუე გადაარჩინა

ნიურნბერგთან შესრულებული დუბლის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძე მაინც არ დააყენეს კარლსრუეს სასტარტო შემადგენლობაში და ისევ შეცვლაზე ათამაშეს, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 90 წუთს იმსახურებს! KSC საკუთარ მოედანზე როსტოკის ჰანზასთან 0:2-ს აგებდა და ის, რომ ქულა მაინც მოიპოვა, სწორედ ბუდუს დამსახურებაა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. კარლსრუეს მომდევნო მატჩი პარასკევს, ჰანოვერში ელოდება და მთავარ მწვრთნელ კრისტიან აიხნერს უკვე აღარ აქვს იმის უფლება, რომ ზივზივაძე თავიდანვე არ ათამაშოს.

📋 | რა თქვა ბუდუ ზივზივაძემ მატჩის შემდეგ, წაიკითხეთ აქ.

ქვილითაია | უგოლო სერია შეწყდა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში აპოელ-მა საკუთარ მოედანზე დოქსა 5:0 გაანადგურა, გიორგი ქვილითაიამ კი უგოლო სერია შეწყვიტა. ქართველი ფორვარდი არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ვარდნაში ეფექტური გოლის გატანა მოახერხა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 30 წლის ქართველი ფორვარდისთვის ოქტომბრის შემდეგ ეს პირველი გოლი იყო, მიმდინარე სეზონში კი სულ მესამე (9 მატჩში).

შენგელია | ისევ მოგება, ისევ MVP

თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაშის წყალობით, ვირტუს ბოლონიამ იტალიის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ბოლონიელებმა სერია A-ს მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე ტორტონა მიიღეს და მეტოქეს დამაჯერებლად, 29 ქულის სხვაობით სძლიეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე გატარებულ 28 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. თორნიკეზე მეტი - 18 ქულა, მხოლოდ ტორტონას გამთამაშებელ, ტომაზო ბალდასოს ჰქონდა.

📋 | მატჩის მიმოხილვა ნახეთ აქ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები