Thumbnail
  • მანჩესტერ სიტიმ ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა
  • მსაჯზე გვარდიოლამაც ისაუბრა და ჰაალანდი დაიცვა

4:4 ჩელსისთან, 1:1 ლივერპულთან და ახლა ისევ დრამატული 3:3 ტოტენჰემთან - მანჩესტერ სიტის კვლავ ტურბულენტური თამაში ჰქონდა, ქულები ისევ დაკარგა და არსენალს 3 ქულით ჩამორჩება.

ტოტენჰემთან 3 ქულა რომ ვერ აიღეს, ამას სიტის ფანები, ფეხბურთელები და თვით ხოსეპ გვარდიოლაც მსაჯს აბრალებენ.

“Wtf?” - ასეთია ერლინგ ჰაალანდის რეაქცია იმ მომენტზე, დამატებულ წუთებზე რომ მოხდა. ნორვეგიელი ძალიან გაბრაზდა და მას გვარდიოლაც ეთანხმება: “ერლინგი ისე მოიქცა, როგორც ყველა ნორმალური მოიქცეოდა. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულია. მეტსაც გეტყვით: სიტის ფეხბურთელი რომ იყოს, თვითონ მსაჯიც კი იმედგაცრუებული იქნებოდა. ახლა კი შემდეგი კითხვა დამისვით, მიკელ არტეტას მსგავს კომენტარს ჩემგან ვერ მიიღებთ,” - თქვა პეპმა მატჩის შემდეგ არტეტაზე ის ამბავი იგულისხმა, ნიუკასლთან მარცხის შემდეგ რომ გაბრაზდა.

გვარდიოლამ მაინც დაამატა: “მართლა რთულია, როცა ასეთ მომენტს მერე გამეორებაზე უყურებ. მსაჯი უსტვენს მას შემდეგ, რაც თამაშის გაგრძელება ანიშნა. პასის შემდეგ მოდის სასტვენი, ეს უბრალოდ არ მესმის.”

მართლაც: არბიტრმა ჰუპერმა ჯერ თამაშის გაგრძელება ანიშნა, მერე კი მაინც დაუსტვინა იმ დროს, როცა გრილიში ტოტენჰემის კარისკენ დაიძრა და შეეძლო, გამარჯვების გოლი გაეტანა.

“ფეხბურთი ხანდახან ისეთია, როგორც ცხოვრება - ვერ იღებ იმას, რასაც იმსახურებ. ვულოცავ ტოტენჰემს ამ ქულას და ბრძოლას ვაგრძელებთ. ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, ბევრი მომენტი შევქმენით, აგრესიულები და კონცენტრირებულები ვიყავით.” - ესეც გვარდიოლას სიტყვებია.

ფაქტი ერთია: 2017 წლის შემდეგ მანჩესტერ სიტის პირველად აქვს პრემიერლიგაში სამმატჩიანი მოუგებელი სერია.

კომენტარები

ბოლო ამბები