Thumbnail
  • ვიქტორ სანიკიძემ ახალ ნატურალიზებულ კალათბურთელზეც ისაუბრა
  • საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუ

ინფორმაცია, რომელზეც "ევროპოპი" რამდენიმე დღის წინ წერდა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ დაადასტურა. საუბარია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურებზე. სანიკიძემ გადაცემაში "სპორტი იმედზე" აღნიშნა, რომ ფედერაცია მართლაც აწარმოებდა მოლაპარაკებას იტალიელ მწვრთნელ ანდრეა ტრინკიერისთან, ამჟამად კი, ყველაზე რეალური სერბი ალეკსანდარ ჯიკიჩის კანდიდატურაა.

ვიქტორ სანიკიძე (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "წინა მწვრთნელების დროს, საუბარია, იგორ კოკოშკოვსა და ილიას ზუროსზე, საკვალიფიკაციო ციკლის მატჩები ძირითადად ზაფხულში იყო და ეს, მოლაპარაკებების დროს ნაკლებ პრობლემას ქმნიდა ხოლმე. სპეციალისტების უმეტესობა ზაფხულში კლუბებისგან თავისუფალი იყო და მათ შეეძლოთ, ეს დრო ნაკრებთან ერთად გაეტარებინათ. ახლა, სანაკრებო ფანჯრები თებერვალსა და ნოემბერშია და ამის გათვალისწინებით, მწვრთნელებთან მოლაპარაკება რთულია. 

ტრინკიერისთან მოლაპარაკების დროს მხედველობაში გვქონდა ის, რომ მან 3 სეზონი მიუნხენის ბაიერნში გაატარა, ახლა, თავისუფალი იყო და ახალ შეთავაზებებს ელოდა. გვსურდა, რომელიმე კლუბთან კონტრაქტი გაეფორმებინა და სწორედ ამის შემდეგ, იმ კლუბთან შეთანხმებითაც დაეწყო ჩვენთან მუშაობა. თავად ტრინკიერი ჩვენს შეთავაზებას ძალიან დადებითად შეხვდა და შემიძლია გითხრათ, რომ კონტრაქტის გაფორმება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო.

ერთი მომენტიცაა, რომ ევროლიგის კლუბების 90% წინააღმდეგია, მათი მწვრთნელი პარალელურად ეროვნულ გუნდში იყოს დასაქმებული. სურთ, რომ მთელი კონცენტრაცია კლუბზე მოახდინონ. სწორედ ამიტომ ველოდებოდით, ტრინკიერი შეთანხმებას რომელ კლუბთან მოახერხებდა. მას ჰქონდა ბასკონიის და ვილერბანის ვარიანტები, თუმცა, გარიგება ვერ შედგა და იმ ვითარებაში აღმოვჩნდით, რომ ჩვენ უნდა დავლოდებოდით ტრინკიერი როდის დაიწყებდა სადმე მუშაობას და მხოლოდ ამის შემდეგ გვემოქმედა. ცხადია, ეს აღარ გვაწყობდა.

რაც შეეხება ჯიკიჩს, მას სანაკრებო დონეზე მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიაში უმუშავია, თუმცა, საკლუბოზე დიდი გამოცდილება აქვს. NBA-შიც ყოფილა, სადაც ასისტენტად მინესოტაში მუშაობდა და ნიკოლოზ ცქიტიშვილსაც კარგად იცნობს. შემდეგ გოგა ბითაძეს ავარჯიშებდა, როდესაც ის ბუდუჩნოსტში იყო. ის ახლა იერუსალიმის ჰაპოელის მწვრთნელია და იქ კიდევ 2 სეზონი უნდა იმუშაოს. მასთან მოლაპარაკებები არ დასრულებულა, თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ორმხრივი ინტერესი.

ცხადია, ახალი მწვრთნელის დანიშვნა რაც შეიძლება მალე გვსურს, რადგანაც პარალელურად დაწყებული გვაქვს მუშაობა ახალი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის მოსაძიებლად. ამდენად, გვსურს ამ პროცესში ახალი მწვრთნელიც იყოს ჩართული. უკვე გავმართეთ მოლაპარაკება რამდენიმე ამერიკელთან, თუმცა, როგორც ტრინკიერისთვის, ასევე ჯიკიჩისთვის ნათქვამი გვაქვს, რომ შეგვიძლია მათ მიერ მოწოდებული კანდიდატურებიც განვიხილოთ. ეს სრულიად გასაგები ამბავია, რადგანაც შედეგებზე ხომ ისინი არიან პასუხისმგებლები. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ გაისად თებერვალში ევროლიგა პაუზას იღებს, ამდენად, ევრობასკეტი 2025-ის პირველი საკვალიფიკაციო ციკლში ევროლიგის კალათბურთელებს თამაშის პრობლემა არ ექნებათ".

შეგახსენებთ, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში საქართველოს ნაკრების 2 სამიზნე ექნება. თებერვალში სტარტს 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები აიღებს, ივლისში კი, პარიზის ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირია დაგეგმილი. ნაკრები თავკაცის გარეშე სექტემბრის შემდეგ იმყოფება, როდესაც პოსტი ბერძენმა ილიას ზუროსმა დატოვა. ის საქართველოს 2016 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა და ისტორიაში პირველად მისი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა მოახერხა, მანამდე კი, გუნდი ორ ევრობასკეტზეც ათამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები