Thumbnail

ნაპოლიმ სერია A-ს მე-14 ტურში ინტერთან 0:3 წააგო და საჩემპიონო რბოლას, პრაქტიკულად ჩამოშორდა, რადგან ლიდერს უკვე 11 ქულით ჩამორჩება.

ინტერმა მეტოქეს აჯობა, თუმცა, მსაჯობის მიმართ შეკითხვები მაინც გაჩნდა. ნაპოლიში მიიჩნევენ, რომ პირველი გოლი გასაუქმებელი იყო, ხოლო 0:1-ზე ვიქტორ ოსიმენზე პენალტი არ დაინიშნა.

სწორედ მსაჯებზე გაბრაზების გამო ვალტერ მაძარის მატჩის მერე პრესკონფერენცია არ ჰქონია. გამოცემა Il Mattino იტყობინება, თამაშის შემდეგ გაღიზიანებულმა აურელიო დე ლაურენტისმა პრეტენზიები იტალიის ფეხბურთის ფედერაციას და მსაჯთა ასოციაციას პირადად დაუფიქსირა.

ამავე წყაროს ცნობით, ნაპოლის ბოსმა სპორტულ დირექტორ მაურო მელუზოს უთხრა, რომ მსაჯების გამო წააგეს: "შეთქმულების თეორიებს არ ვემხრობით, მაგრამ მსაჯის გამო წავაგეთ", - უთხრა მან მელუზოს.

ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მთავარმა მსაჯმა დავიდე მასამ ლაუტარო მარტინესის მხრიდან სტანისლავ ლობოტკაზე ჯარიმა არ დააფიქსირა, ისევე როგორც ფრანჩესკო აჩერბი არ მიიჩნია ოსიმენის წინააღმდეგ დამნაშავედ. საქმეში არც ერთ შემთხვევაში VAR-იც არ ჩარეულა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს რომასთან ერთად იყოფს, მომდევნო შეხვედრას კი 8 დეკემბერს, სტუმრად იუვენტუსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები