Thumbnail

იტალიურ ვირტუს ბოლონიაში თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი აკილე პოლონარა, რომელსაც გასულ წელს სიმსივნე დაუდგინდა, მოედანს დაუბრუნდა.

32 წლის კალათბურთელი ტორტონასთან მოგებულ მატჩში სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტნის ნაცვლად გამოჩნდა და 8 წუთში 5 ქულა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ პოლონარას მძიმე დიაგნოზი შარშან სექტემბერში დაუსვეს. საუბარი იყო სათესლე ჯირკვლის სიმსივნეზე. ოქტომბერში კალათბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა ნეოპლაზმების მოსაშორებლად, შემდეგ კი ქიმიოთერაპიაც გაიარა.

ახლა, აკილე თავს უკეთ გრძნობს და საყვარელ საქმესაც დაუბრუნდა. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, პოლონარას მოედანზე გამოჩენას ვირტუსის გულშემატკივრები განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ.

აკილე იტალიის ნაკრების წევრი გახლავთ, საკლუბო დონეზე კი, ვირტუსის გარდა, ტერამოში, ვარეზეში, რეჯანაში, დინამო სასარიში, ბასკონიაში, ფენერბაჰჩეში, ანადოლუ ეფესსა და ჟალგირისში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები