Thumbnail

ნაპოლიმ სერია A-ს მე-14 ტურში ინტერთან 0:3 წააგო და პრაქტიკულად ჩამოშორდა საჩემპიონო რბოლას, რადგანაც ლიდერს უკვე 11 ქულით ჩამორჩება.

ცხადია, ტურის ცენტრალურ მატჩს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თამაში შეაფასეს იტალიელმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრეს:

ჯუზეპე ბერგომი (ვეტერანი ფეხბურთელი და კომენტატორი): "ნაპოლიმ მატჩის საწყის ნაწილში კარგად ითამაშა, თუმცა, საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა. ორივე გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ ითამაშა, მაგრამ ინტერმა 8 ფეხბურთელი შეცვალა და მოახერხა რთულ სიტუაციებთან კარგად გამკლავება. ნაპოლი მეორე ტაიმის დასაწყისშიც კარგი იყო, შეეძლო ანგარიში 1:1 გაეხადა, მაგრამ მერე ყველაფერი გართულდა. ინტერის ნახევარმცველები ბევრ მომენტს ქმნიან და ბევრი გოლი გააქვთ, თუმცა, ეს მეტოქეზეც არის დამოკიდებული, რადგან მაგალითად, იუვენტუსი არ გაძლევს ისეთ სივრცეებს, როგორიც ნაპოლიმ ინტერს დაუტოვა. კვარაცხელიამ გასულ სეზონთან შედარებით მკვეთრად მოუკლო? მან შეგვაჩვია მაღალ დონეზე თამაშს, მაგრამ ზოგადად, მგონია, რომ სეზონის სტარტთან შედარებით, უმატებს".

ფაბიო კარესა (კომენტატორი): "კვარაცხელიას აღარ აქვს თამაშზე გადამწყვეტი ზეგავლენის მოხდენის ტენდენცია, აღარ არის ისეთი გადამწყვეტი, როგორც - ადრე. ვფიქრობ, განსაკუთრებით, იტალიელი მცველები სიღრმისეულად სწავლობენ მეტოქეებს და მისი თამაში კარგად გაშიფრეს. ყოველთვის ერთი მიმართულებით თამაშობს. რობენიც ასე თამაშობდა და ვერასდროს აჩერებდნენ, თუმცა, ახლა, სხვა სიტუაციაა".

უმბერტო კიარიელო (ჟურნალისტი): "სად იყვნენ კვარა და ოსიმენი ამ საღამოს? ვიქტორი ტრავმისგან ახლახან გამოჯანმრთელდა და იდეალურ კონდიციაში არ იყო, მაგრამ ქართველი მოედანზე ყველაზე ცუდი იყო. მან მხოლოდ ერთხელ გაანათა, როცა ზომერმა აჯობა".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს რომასთან ერთად იყოფს, მომდევნო შეხვედრას კი 8 დეკემბერს, სტუმრად იუვენტუსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები