Thumbnail

მაისაშვილი: ამაღელვებელი ფაქტია, ამ დონის გუნდი საქართველოში იშვიათად ჩამოდის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

პირველი ქართული ფრენჩაიზის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ჩელენჯ ქაფზე ინგლისურ გლოსტერთან მატჩს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წარმატების მისაღწევად სავსე ტრიბუნებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

ლევან მაისაშვილი (შავი ლომის მთავარი მწვრთნელი): "რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში ზედიზედ მესამედ გავედით, თუმცა, ახლა ამ თამაშზე არ ვფიქრობთ და აქცენტი ჩელენჯ თასის მატჩებზე კეთდება. იბერიანსთან თამაშიც, გარკვეულწილად, გლოსთერთან მატჩის მოსამზადებელ ეტაპად განიხილებოდა. ყველამ იცის, რომ წინ სულ სხვა დონის და ინტენსივობის თამაში გველის. ამ დონის გუნდი საქართველოში იშვიათად ჩამოდის და ვეცდებით, მის წინააღმდეგ ღირსეულად წარვსდგეთ. დაგვაკლდებიან ის მორაგბეები, რომელთაც გრძელვადიანი ტრავმები აქვთ, თუმცა, შეიძლება, დაგვიბრუნდნენ მირიან მოდებაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი.

EPCR-ის ტურნირები იგივეა, რაც ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა. ამაზე მაღალი დონის ფორმატი საკლუბო რაგბიში არ არსებობს. ის, რომ ამ დონის თამაშს საქართველოში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გავმართავთ, ჩვენთვის ამაღელვებელია. გულშემატკივარმა კარგად იცის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ქართული რაგბისთვის მათი გვერდში დგომა. ვიმედოვნებ, უმაღლესი დონის თამაში სავსე ტრიბუნების წინაშე გვექნება".

შეგახსენებთ, რომ შავი ლომი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) მიერ ორგანიზებულ ჩელენჯ ქაფზე ისტორიაში პირველად ითამაშებს, ჯგუფში მეტოქეებად კი, გლოსტერის გარდა, უელსური სკარლეტსი და ფრანგული კასტრი და კლერმონი ეყოლება. ინგლისელთა გარდა, თბილისში, კლერმონელები ჩამოვლენ (20 იანვარს), დანარჩენი 2 თამაში (17 დეკემბერსა და 13 იანვარს) კი სტუმრადაა.

ცნობისთვის, გლოსტერი ჩელენჯ თასის ორგზის გამარჯვებულია (2006, 2015), ორჯერ კი ფინალში დამარცხდა (2017, 2018). ამასთან, კლუბმა ინგლისის პრემიერშიფში 4-ჯერ დაიკავა მეორე ადგილი. გლოსტერში 2.5 სეზონი გაატარა ბორჯღალოსანმა გიორგი კვესელაძემ, რომელიც ზაფხულში საქართველოში დაბრუნდა, სწორედ შავ ლომს შეუერთდა და შაბათს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

EPCR Challenge Cup-ზე პირველი ქართული თამაშის კვირა დაიწყო! 🔥 ბილეთები 🎟️ www.TKT.GE/Rugby 🦁 ⚫️ შავი ლომი vs გლოსთერ 🍒 | 09/12/23, 17:00, მიხეილ მესხის სტადიონი 📍

Posted by შავი ლომი . Black Lion on Monday, December 4, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები