Thumbnail

3 ქართველი ძიუდოისტი წონის სათავეში - ცვლილებები IJF-ის რეიტინგში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ტოკიოს გრანდ სლემის შემდეგ რეიტინგი განაახლა
  • ლიდერთა შორის ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და ილია სულამანიძე რჩებიან

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რეიტინგი განაახლა და ცვლილებები ქართველ ძიუდისტებსაც შეეხოთ. შეგახსენებთ, რომ გასულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მონაგარი მხოლოდ 2 მედალი იყო, თანაც ჩემპიონი არ გვყოლია: ვერცხლი ლუკა მაისურაძემ (90 კგ.) მოიპოვა, ბრინჯაო კი – გიორგი ტერაშვილმა (73 კგ.). 

60 კგ.

გიორგი სარდალაშვილი (4 248) ისევ მე-6 ადგილზე იმყოფება, მის წინ კი რიუჯუ ნაგაიამას (იაპონია, 6 410), ფრანსისკო გარიგოსს (ესპანეთი, 5 675), ჰარიმ ლის (სამხრეთ კორეა, 5 732), იუნგ ვეი იანგსა (ტაივანი, 4 860) და ბალაბაი აღაიევს (აზერბაიჯანი, 4 839) ვხედავთ. ლუხუმ ჩხვიმიანი (2 336), რომელიც ტოკიოში მე-5 ადგილზე გავიდა, 3 პოზიციით დაწინაურდა და 22-ეა, თემურ ნოზაძე (1 663) 32-ეა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (433) – 89-ე.

66 კგ.

მოწინავე სამეულში ინარჩუნებს ადგილს ვაჟა მარგველაშვილი, რომელსაც აქტივში 4 606 ქულა აქვს. ქართველი ძიუდოისტის წინ მხოლოდ დენის ვიერუ (მოლდოვა, 6 885) და ბასხუუ იონდონპერენლეი (მონღოლეთი, 5 978) იმყოფებიან, ხუთეულში კი ტოკიოს გრანდ სლემის ჩემპიონი ჰიფუმი აბე (4 500) და ერხემბაიარ ბატოგტოხიც (მონღოლეთი, 4 219) ფიგურირებენ. ამ წონაში ლაშა ნადირაძე (825) 62-ე ადგილზეა, ხოლო გიორგი თუთაშვილი (814) 63-ეა.

გიორგი ტერაშვილმა ტოკიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

73 კგ.

ლაშა შავდათუაშვილი (5 276) მე-5 პოზიციამდე რჩება და იაპონიაში გაჩემპიონებულ აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს (6 638), უზბეკ მუროდჯინ იულდოშევს (5 798), იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსა (5 540) და ბრაზილიელ დანიელ კარნინის (5 099) ჩამორჩება. ამავე წონაში მე-17 ადგილამდე აღზევდა ტოკიოს გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი ტერაშვილი (3 101), კოტე კაპანაძე (866) კი 57-ეა.

81 კგ.

ამ წონით კატეგორიაში ლიდერობას ინარჩუნებს ტატო გრიგალაშვილი (8 415), თუმცა, ტოკიოში ფინალში გასულ ბელგიელ მატიას კასესთან (8 327) დიდი უპირატესობა აღარ აქვს. ხუთეულში არიან სწორედ კასეს გამამწარებელი იონჰვან ლი (სამხრეთ კორეა, 5 540), გილერმე შმიდტი (ბრაზილია, 5 196), და ფრანსუა გოტიე დრაპო (კანადა, 4 425). ამავე წონაში დიმიტრი გოჩილაიძე (1 245) 44-ეა, ხოლო ზაურ დვალაშვილი (1 022) – 54-ე.

90 კგ.

ამ წონაში პირველ ადგილზე რჩება ლუკა მაისურაძე (7 550), რომელიც იაპონიაში ფინალში გავიდა და სანშირო მურაოსთან (6 100) წააგო. ამ შედეგის წყალობით, იაპონელმა ძიუდოისტმა მე-2 პოზიციიდან ლაშა ბექაური (5 500) დააქვეითა, ხუთეულში კი დავლატ ბობონოვი (უზბეკეთი, 4 898) და კრისტიან პარლატიც (იტალია, 4 329) შედიან. ბექა ღვინიაშვილს (3 428) მე-13 პოზიცია უკავია, ხოლო გიორგი ჯაბნიაშვილი 500 ქულით 79-ე ადგილზეა.

ლუკა მაისურაძემ ფინალი იაპონელ სანშირო მურაოსთან წააგო 

100 კგ.

ამ წონას კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს ილია სულამანიძე 7 308 ქულით. მას კვალში ზელიმ კოცოიევი (აზერბაიჯანი, 5 980), მიხაელ კორელი (ნიდერლანდები, 5 656), პეტერ პალჩიკი (ისრაელი, 5 303) და კაილ რეიესი (კანადა, 4 528) უდგანან. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (3 079) მე-17-ეა, ონისე სანებლიძე (1 635) 32-ეა, ხოლო გიორგი ბერიაშვილი (1 145) – 43-ე.

+100 კგ.

მძიმე წონაში გურამ თუშიშვილი (4 028) მე-8 საფეხურზე იმყოფება, გელა ზაალიშვილს (3 566 ქულა) მე-12 საფეხური უკავია, საბა ინანეიშვილი 1 810 ქულით 32-ეა, შალვა გურეშიძე (1035) - 44-ე, ხოლო ლევან მატიაშვილი (976), რომელმაც ტოკიოში ნახევარფინალამდე მისვლა შესძლო, 17 ადგილით დაწინაურდა და 47-ეა. ამ წონაში საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი, 6 775), ინალ ტასოევი (რუსეთი, 6 000), ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი, 5 260), ტაცურუ საიტო (იაპონია, 4 980) და ენდი გრანდა (კუბა, 4 709).

ქალები

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრთაგან საუკეთესო შედეგი კვლავაც ეთერ ლიპარტელიანს გააჩნია, რომელიც 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში 4 098 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება, ეთერ ასკილაშვილი 63 კგ-ში 302 ქულით 92-ეა, მარიამ ჭანტურია (143) 78 კგ-ში 99-ეა, ხოლო მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (+100 კგ.) 2 590 ქულით მე-20-ეა.

წელს IJF-ის ეგიდით გრანდ სლემის ან გრან პრის რანგის ტურნირები დაგეგმილი აღარ არის, მნიშვნელოვანი შეჯიბრებები კი გაისად იანვრის მიწურულს განახლდება. 26-28 იანვარს პორტუგალიის გრან პრია დაგეგმილი, ხოლო 2-4 თებერვალს პარიზის გრანდ სლემი ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები