Thumbnail

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩში ჩემპიონმა ნაპოლიმ ვერაფერი მოუხერხა მილანის ინტერს, 0:3 დამარცხდა და "სკუდეტოს" შენარჩუნების შანსები მნიშვნელოვნად შეიმცირა. ისევე, როგორც მთელმა გუნდმა, ვერცხ ხვიჩა კვარაცხელიამ გააწყო რამე მილანურ კლუბთან და იტალიური მედიის კრიტიკაც დაიმსახურა, თუმცა ის მაინც საუკეთესო იყო ნაპოლის რიგებში. 

წარმატებული დრიბლინგებით ხვიჩა იტალიის ჩემპიონატში მეორეა

WhoScored-ის შეფასებების 7-ქულიან ზღვარს მასპინძელთა რიგებიდან მხოლოდ კვარაცხელია და მატეო პოლიტანო გადაცდნენ, ხვიჩა კი გუნდში საუკეთესო იყო 7.15 შეფასებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ნიკოლო ბარელა გახდა - 8.32. ხვიჩაზე (ანუ ნაპოლის საუკეთესო მოთამაშეზე) უკეთესი შეფასება კი ერთბაშად 8 ინტერელმა მიიღო. 

ქართველმა ფეხბურთელმა კარისკენ 3-ჯერ დაარტყა (1 ზუსტად), მან 5 მნიშვნელოვანი პასი გააკეთა (მატჩში საუკეთესო შედეგი) და მისი ბრალი არ არის, რომ არცერთს გოლი არ მოჰყოლია. ის ბურთს 46-ჯერ შეეხო და ერთი საჰაერო დუელიც მოიგო. კვარაცხელიას ანგარიშზე 4 წარმატებული დრიბლინგია, რაც ასევე მატჩში საუკეთესო შედეგია. სტატისტიკურად, მას სულაც არ ჰქონდა ცუდი მატჩი, თუმცა ეს გუნდისთვის შედეგიან ქმედებაში ვერ აისახა, ნაპოლიმ კი მიზანს ვერ მიაღწია. 

სერია A-ს ფეხბურთელთა რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელია 7.49 საშუალო შეფასებით (უფრო მეტი, ვიდრე ინტერთან ჰქონდა) მე-5 პოზიციაზეა. როგორც ხედავთ, პირველობისთვის ბრძოლაში მან კიდევ უკეთ უნდა ითამაშოს, რომ წინ წაიწიოს. ქართველი ფეხბურთელი სულ 1 მეასედი ქულით უსწრებს მე-6 ადგილზე მყოფ მარკუს ტურამს. ათეულში ნაპოლიდან კიდევ მხოლოდ პოლიტანოა (მე-8 პოზიციაზე - 7.29). ათეულში ინტერის სამი ფეხბურთელია (ლაუტარო, ჩალჰანოღლუ და ტურამი). 

ხვიჩა კარისკენ საშუალოდ 3.5-ჯერ ურტყამს (მესამე შედეგი ჩემპიონატში), 2.5 დრიბლინგს აკეთებს (მე-2 შედეგი) და 1.8 მნიშვნელოვან პასს აკეთებს (მე-12 შედეგი). მოკლედ, 4 გოლისა და 3 საგოლე პასის ავტორი ქართველი ჯერ ისევ იტალიის ჩემპიონატის ელიტაშია. 

სერია A TOP 5. WhoScored

1. მატიას სულე (ფროზინონე) – 7.80
2. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 7.69
3. ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი) – 7.51
4. ადრიენ რაბიო (იუვენტუსი) – 7.50
5. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.49

ევროპის TOP 5 ლიგა. WhoScored

1. ლეროი სანე (ბაიერნი) – 8.46
2. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 8.29
3. სერჰუ გირასი (შტუტგარტი) – 8.10
4. კილიან მბაპე (პსჟ) – 8.03
5. ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 7.97
...21. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.49

კომენტარები

ბოლო ამბები