Thumbnail
  • ჰენდრიკ კრონიეს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები 'ბოკეს' 20 ივლისს ეთამაშება
  • აფრიკელთა ზაფხულის ტესტების ვადები და მეტოქეები ცნობილია

11 ნოემბერს ევროპოპი სამხრეთაფრიკულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ შესაძლოა, "ბორჯღალოსნებმა" მომავალ ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ტესტი გამართონ. დღეს ეს სამხრეთაფრიკელმა ექსპერტმა ჰენდრიკ კრონიემ დაადასტურა. ის "ბოკესთან" დაახლოებული წყაროა, ასერ რომ, ინფორმაციის უტყუარობა უკვე ეჭვსგარეშეა. 

კრონიეს მიხედვით, "ბოკე" 6 ივლისს "ლოფტუსზე" ირლანდიას ეთამაშება, შემდეგ 13-ში ისევ ირლანდიას დურბანში მიიღებს, ხოლო 20 ივლისს მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება. 31 აგვისტოს წლევანდელი ფინალის რემატჩია "ელის პარკზე" - სამხრეთ აფრიკა "ოლ ბლექსს შეხვდება", ხოლო 7-ში იგივე დაპირისპირება კეიპთაუნში გაიმართება. 28 სექტემნბერს კი სამხრეთ აფრიკა არგენტინას ქალაქ მბომბელაში უმასპინძლებს. როგორც ხედავთ, ჯერ მხოლოდ საქართველოსთან მატჩის ქალაქი არ არის გარკვეული.

საფრანგეთში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ფინალში 12:11 დაამარცხა ახალი ზელანდიის ნაკრები და მსოფლიოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა. 

აქამდე საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას ორჯერ ეთამაშა და ორჯერვე დამარცხდა. ბოლოს ეს 2021 წელს მოხდა, როცა პრეტორიის "ლოფტუსზე" ბოკემ 40:9 აჯობა. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა კი 2003 წლის მსოფლიოს თასზე (19:46) გაიმართა. თუმცა საქართველოს ნაკრებს რამდენიმე შეხვედრა აფრიკელთა A გუნდთანაც გაუმართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები