Thumbnail

დღეს მილანში სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის გალა-დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია კურირებს - Gran Galà del Calcio AIC. 

2022/23 წლების საუკეთესო ფეხბურთელად ნაპოლის ნიგერიელი ფორვარდი ვიკტორ ოსიმენი დასახელდა. ხვიჩა კვარაცხელია სეზონის სიმბოლურში მოხვედრით და სეზონის საუკეთესო გოლის ავტორობით დაკმაყოფილდა.

ხვიჩა და ნიცა მილანში

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში სერია A-მ ხვიჩა კვარაცხელია 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.  

ხვიჩა კვარაცხელიამ პრიზი სეზონის საუკეთესო გოლისთვის მიიღო (ატალანტას კარში), ხოლო ტიტული მას იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბიო კვალიარელამ გადასცა, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ გამოაცხადა, რომ 40 წლის ასაკში ფეხბურთს თავი დააანება. 

"მადლობა, რომ ხმა მე მომეცით. სხვა გოლებიც ძალიან ლამაზი იყო, არ ველოდი, რომ ასეთი ლამაზი გამომივიდოდა ეს გოლი, მხოლოდ გატანის მერე მივხვდი, რომ ასე იყო", - განაცხადა ხვიჩამ პრიზის მიღებისას. 

2022/23 წლების სეზონის კლუბად ჩემპიონი ნაპოლი დასახელდა, ცერემონიალს გუნდის მაშინდელი თავკაცი ლუჩანო სპალეტიც ესწრებოდა. სპალეტი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. 

სეზონის გუნდი ასე გამოიყურება: მაიკ მენიო, ტეო ერნანდესი, ჯოვანი დი ლორენცო, ალესანდრო ბასტონი, კიმ მინ-ჟაე, სტანისლავ ლობოტკა, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ნიკოლო ბარელა, ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაო, ვიკტორ ოსიმენი. დანიელე ორსატო სეზონის საუკეთესო არბიტრად დასახელდა. 

AIC-ის დაჯილდოვება სათავეს 1968 წელს იღებს, თუმცა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი 1997 წლიდან მოყოლებული სახელდება. პირველი გამარჯვებული რობერტო მანჩინი იყო.

ყველა გამარჯვებული

1997 - რობერტო მანჩინი (სამპდორია)
1998 - რონალდო (ინტერი)
1999 - კრისტიან ვიერი (ლაციო)
2000 - ფრანჩესკო ტოტი (რომა)
2001 - ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი)
2002 - დავიდ ტრეზეგე (იუვენტუსი)
2003 - პაველ ნედვედი (იუვენტუსი)
2004 - კაკა (მილანი)
2005 - ალბერტო ჯილარდინო (პარმა)
2006 - ფაბიო კანავარო (იუვენტუსი)
2007 - კაკა (მილანი)
2008 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ინტერი)
2009 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ინტერი)
2010 - დიეგო მილიტო (ინტერი)
2011 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი)
2012 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი)
2013 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი)
2014 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი)
2015 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი)
2016 - ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი)
2017 - ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი)
2018 - მაურო იკარდი (ინტერი)
2019 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)
2020 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)
2021 - რომელუ ლუკაკუ (ინტერი)
2022 - რაფაელ ლეაო (მილანი)
2023 - ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი)

კომენტარები

ბოლო ამბები