Thumbnail
  • 'მოლაპარაკებების დროს ეცდებიან გაარკვიონ, რისი მიღება შეუძლიათ მის სანაცვლოდ'
  • სანდრო იმ სამეულში მოხვდა, რომელიც სავარაუდოდ, კლუბს მალე დაემშვიდობება

სან ანტონიო სპურსის ქართველ კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილს მიმდინარე სეზონში მინიმალური სათამაშო დრო ეძლევა, ამდენად, მოულოდნელი არ იქნება, თუკი უახლოეს პერიოდში გუნდის გამოცვლა მოუწევს. სწორედ ამაზე წერს Air Alamo და მამუკელაშვილს იმ სამ კალათბურთელს შორის ასახელებს (ჯულიან შამპანისთანა და ტრე ჯონსთან ერთად), რომელთაც სპურსი მალე დაემშვიდობება.

"მამუკელაშვილს სან ანტონიოსთან მინიმალური კონტრაქტი აკავშირებს და ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი კლუბი მასთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს. გასული სეზონის ბოლოს, ის გრეგ პოპოვიჩის იერარქიაში სასტარტო ხუთეულამდე დაწინაურდა, თუმცა, ვიქტორ ვემბანიამას მისვლის შემდეგ, პოზიციები მკვეთრად დათმო. 24 წლის ცენტრმა მონაწილეობა მხოლოდ 7 მატჩში მიიღო, თანაც მოედანზე მხოლოდ იმ დროს ჩნდებოდა, როდესაც თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი გახლდათ.

სპურსში სანდროზე მყარი პოზიციები გააჩნია ჩარლზ ბესისაც, ეს კი, ნიშნავს, რომ სან ანტონიოში მისი მომავალი კითხვის ქვეშაა. ცხადია, სპურსი შემადგენლობაში ვერ დაიტოვებს ყველა პერსპექტიულ მოთამაშეს, ამდენად, უდავოა, რომ მის სახელს სხვა კლუბებთან მოლაპარაკების დროს გამოიყენებენ და ეცდებიან გაარკვიონ, რისი მიღება შეუძლიათ სანაცვლოდ. ნათელია, რომ მამუს ლიგაში მაინცდამაინც დიდი ღირებულება არ გააჩნია, ამდენად, მოულოდნელი არც ის იქნება, თუკი მას სპურსში დარჩენა კონტრაქტის ბოლო დღემდე მოუწევს".

შეგახსენებთ, რომ სან ანტონიომ დიდად ვერც დრაფტის პირველი ნომრის აყვანით ისარგებლა, რადგანაც მიმდინარე სეზონში ზედიზედ 14 (!) წაგება აქვს, ჯამური ბალანსით (3-16) კი დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონში საშუალოდ მხოლოდ 7.9 წუთს თამაშობს და სტატისტიკაც შესაბამისი აქვს: 2.7 ქულა, 1.9 მოხსნა, 1.1 პასი. სპურსს მომდევნო მატჩი 7 დეკემბერს მინესოტასთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები