Thumbnail

არც ერთი სიტყვა საქართველოზე - ფიბას ექსპერტები ოლიმპიადის კვალიფიკაციაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე ფავორიტთა შორის არ იქნება და შესაბამისად, ვერც პარიზის საგზურს მოიპოვებს. ასეთია ექსპერტების დასკვნა, რომელთაც პროგნოზების გაკეთება ფიბამ სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელებს გაისად ივლისში თამაში რიგაში მოუწევთ, სადაც ჯგუფში მეტოქეებად მასპინძელი ლატვია და ფილიპინები ეყოლებათ, ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ჯვარედინი პრინციპით პარალელური ჯგუფის (ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი) რომელიმე წარმომადგენელს გაეჯიბრებიან, ოლიმპიადაზე კი მხოლოდ საუკეთესო წავა.

ფიბამ აზრი ექვს ექსპერტს ჰკითხა, რომელთაგან ოთხმა უპირატესობა მასპინძელ ლატვიას მიანიჭა, ერთმა – ბრაზილიას და ერთმაც – მონტენეგროს. სამწუხაროდ, არცერთ მათგანს არ უსაუბრია საქართველოზე, თუმცა, ეს დიდად გასაკვირი არ ყოფილა, რადგანაც ოლიმპიადის კვალიფიკაციაში მართლაც უდიდესი კონკურენცია იქნება, ამას კი, ისიც ემატება, რომ საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის არც მთავარი მწვრთნელი ჰყავს და არც – ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი.

ფიბას ექსპერტების პროგნოზები

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 2-7 ივლისს დაგეგმილ მინი-ტურნირს, რომელში მონაწილეობას ქართველი კალათბურთელებიც მიიღებენ, Arena Riga (11 200 მაყურებელს იტევს) უმასპინძლებს. სხვათა შორის, ეს დარბაზი ევრობასკეტი 2025-ის მატჩების ერთ-ერთი მასპინძელიც იქნება და გამორიცხული არაა, საქართველოს ნაკრებმა იქ მაშინაც ითამაშოს.

პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში მონაწილეობას 12 ნაკრები მიიღებს, რომელთაგან 8 უკვე გარკვეულია. ოლიმპიურ თამაშებზე მასპინძლის რანგში წარსდგება საფრანგეთი, დანარჩენი 7 გუნდი კი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაირკვა კონტინენტური ქვოტების მიხედვით. ესენი არიან: სამხრეთ სუდანი (აფრიკა), აშშ, კანადა (ორივე – ამერიკა), იაპონია (აზია), სერბეთი, გერმანია (ორივე – ევროპა) და ავსტრალია (ოკეანეთი).

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საკალათბურთო ტურნირი გაისად 27 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, საკვალიფიკაციო ეტაპს Pierre Mauroy Stadium უმასპინძლებს, ფინალურ ფაზას კი – Bercy arena. შეგახსენებთ, რომ კაცთა შორის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი აშშ-ს ნაკრები გახლავთ, რომელმაც 2021 წელს, ტოკიოში გამართულ ფინალში საფრანგეთს 87:82 სძლია, ბრინჯაოს მედლების მფლობელი კი ავსტრალია გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები