Thumbnail
  • მარიო ბასლერმა გერმანიის ნაკრების ჯგუფზე ისაუბრა
  • ლეგენდარული ნახევარმცველი პირველ ადგილს ითხოვს

გასულ უიკენდზე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეებთან ერთად, ყველა ჯგუფი გაირკვა. ევრო 2024-ის მასპინძელი გერმანიის ნაკრები A ჯგუფში შოტლანდიასთან, უნგრეთთან და შვეიცარიასთან ერთად მოხვდა.

“ეს არ არის სიკვდილის ჯგუფი, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე არც ადვილი მეტოქეები არსებობს. ამ გუნდებმა ძალიან კარგად ითამაშეს შესარჩევში და იოლად არცერთი არაფერს დათმობს,” - ეს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის სიტყვებია.

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი მარიო ბასლერი, როგორც სჩვევია, ჯგუფის შეფასებისას ძალიან მკაცრი იყო - მან გერმანიის ნაკრების ჯგუფზე წუხელ, პოდკასტ Basler ballert-ში ისაუბრა.

'თუ ჩვენი ფეხბურთელები ამ ჯგუფშიც ჩაისვრიან, მაშინ უკვე მართლა აღარ ვიცი' - მარიო ბასლერი

“საკუთარ ქვეყანაში, შოტლანდიის, უნგრეთის და შვეიცარიისაც თუ გვეშინია, ამ გუნდების წინააღმდეგაც თუ ჩავისვრით, მაშინ უკვე მართლა აღარ ვიცი…” - აღნიშნა ბასლერმა და დასძინა: “მაშინ  მე, ლოთარ მათეუსი და იენს იერემისი უნდა გავიდეთ სათამაშოდ!”

სუპერმარიოს აზრით, ბუნდესგუნდის ერთადერთი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება უნდა იყოს: “მეტოქეებს ზერელედ არ უნდა შევხედოთ, მაგრამ წესით, ამ ჯგუფიდან გასვლა პრობლემა არ უნდა იყოს. თანაც, პირველი ადგილით და არა მეორით. ეს ისეთი ჯგუფია, რომელშიც გერმანიის ნაკრებმა მხოლოდ და მხოლოდ პირველი ადგილი უნდა დაიკავოს.”

თუ გერმანიის ნაკრები ამ ჯგუფიდანაც ვერ გავა, ბასლერს ასეთი კომენტარი აქვს: “თუ ჩვენი ფეხბურთელები ამ ბარიერსაც ვერ დაძლევენ, არ არსებობს მიზეზი, რითაც თავის გამართლება შეეძლებათ. თუ ასე მოხდა, ყველა ფეხბურთელმა უნდა თქვას, რომ ნაკრებში თამაშს არ იმსახურებს. მართლა მე, მათეუსი და იერემისი ხომ არ გავალთ სათამაშოდ?”

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა მარიო ბასლერი 54 წლისაა

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად იულიან ნაგელსმანი დაინიშნა, ბუნდესგუნდმა 4 ამხანაგური მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2-ჯერ დამარცხდა. ნაგელსმანის ხელში გერმანელებმა მოიგეს აშშ-ის ნაკრებს (3:1), ფრე ითამაშეს მექსიკასთან (2:2) და წააგეს თურქეთთან (2:3) და ავსტრიასთან (0:2).

🎧 | მარიო ბასლერის პოდკასტის ახალ ეპიზოდს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ:

კომენტარები

ბოლო ამბები