Thumbnail

PlanetRugby: იმედია, შავი ლომი ჩელენჯ ქაფზე ხმაურს გამოიწვევს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ცნობილი სარაგბო პორტალი შავი ლომის ჩელენჯ ქაფზე მოახლოებულ დებიუტს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული ფრენჩაიზი ტურნირში საკუთარი კვალის დატოვებას მოახერხებს. შეგახსენებთ, რომ შავი ლომი პრესტიჟულ ევროპულ შეჯიბრში პირველ მატჩს 9 დეკემბერს ინგლისური გლოსტერის წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ჩელენჯ ქაფზე გარკვეული სიახლეებია, ყველაზე საინტერესო კი, უდავოდ ქართული შავი ლომის მიწვევაა. ამ გუნდს უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა რაგბის ევროპის სუპერთასზე, ქარი ქაფსა და სუპერ რაგბი ამერიკაზე, შემადგენლობაში კი საქართველოს ნაკრების არაერთი მორაგბე ჰყავს, მათ შორის, გამოცდილი შალვა მამუკაშვილი და ნამდვილი ტალანტი ლუკა მატკავა. ისინი პირველ ტურში გლოსტერს მიიღებენ და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, ინგლისელების შემთხვევაში, ეს, ალბათ, ბოლო იყო, რაც მათ სჭირდებოდათ. თუმცა, ისევ შავ ლომს დავუბრუნდეთ: იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი ჩელენჯ ქაფზე სათანადო დონეზე წარსდგებიან და ისეთივე ხმაურს გამოიწვევენ, როგორიც თავის დროზე არგენტინულმა ხაგუარესმა სუპერ რაგბიში. ეს მხოლოდ წინ წასწევს საქართველოს ნაკრებსა და ამბიციებს, რომლებიც 6 ერში ჩართვას უკავშირდება".

შეგახსენებთ, რომ მომავალ შაბათს გლოსტერთან მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და მას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. შავ ლომს ჯგუფურ ეტაპზე კიდევ 3 თამაშის ჩატარება მოუწევს: 17 დეკემბერს, უელსში, სკარლეტსთან, 13 იანვარს, საფრანგეთში, კასტრთანა და 20 იანვარს, თბილისში, საფრანგეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ კლერმონთან.

კომენტარები

ბოლო ამბები