Thumbnail
  • 'შეუძლებელია იმის თქმა, ჩვენ ან ქართველები იმ თამაშს როგორ კონდიციებში შევხვდებით'
  • ლატვიის ნაკრების მწვრთნელმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე ისაუბრა

ლატვიის საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუკა ბანკი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს გამოეხმაურა და მათ შორის, საქართველოზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ლატვიელები რიგაში გაისად 2-7 ივლისს დაგეგმილ შეჯიბრს სწორედ ქართველებთან დაპირისპირებით გახსნიან. ერთი საინტერესო დეტალიც: ბანკი ამავდროულად იტალიურ ვირტუს ბოლონიას ავარჯიშებს, რომლის ლიდერიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაა.

ლუკა ბანკი (ლატვიის საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი): "საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იმ დღიდან შევუდექით, როდესაც შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთი მასპინძელი ლატვია იქნებოდა. შესაბამისი მუშაობა უკვე დაწყებულია. ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპამდე ევრობასკეტი 2025-ის კვალიფიკაცია გველის. მოგეხსენებათ, ამ ტურნირზე ასევე ერთ-ერთი მასპინძლის რანგში უკვე გასულები ვართ, ამდენად, შეგვიძლია, შესარჩევი თამაშები მოსამზადებლად გამოვიყენოთ. კალათბურთელებთან მუშაობას ტურნირამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დავიწყებთ, უშუალოდ შეკრება კი 18 ივნისს დაიწყება და მომდევნო 2 კვირა გადამწყვეტი იქნება.

ჩვენი ჯგუფი საკმაოდ რთულია. მეტოქეებად განსხვავებული სტილის ნაკრებები გვერგო, წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და კონცენტრაცია ყოველ მომდევნო მატჩზე მოვახდინოთ. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო შეჯიბრში 24 გუნდი იქნება ჩაბმული და უდავოა, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა მათგანი მაქსიმუმს გაიღებს.

პირველი მატჩი 2 ივლისს საქართველოსთან გველის და ახლა, ნამდვილად გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება, ეს თამაში როგორ წარიმართება. ამ დროისთვის, შეუძლებელია იმის თქმა, ჩვენ ან ქართველები იმ შეხვედრას როგორ კონდიციებში შევხვდებით. მანამდე, კალათბურთელებს ხანგრძლივი საკლუბო სეზონი ექნებათ ჩასატარებელი, სანაკრებო თამაშებისთვის მოსამზადებლად კი ხანმოკლე პერიოდი გვექნება.

მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეები ჯანმრთელად იყვნენ და მკაცრად მიჰყვნენ გეგმებს, რომლებიც კონკრეტული მატჩებისთვის გვექნება. ლატვიის ნაკრები ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, ამავდროულად კი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მე-6 მოთამაშის ფაქტორი: ჩვენ ხომ გამოსვლა შინაურ კედლებში მოგვიწევს. საუკეთესო ვარიანტში 6 დღეში 4 მატჩის ჩატარება მოგვიწევს და ამისთვის, როგორც - ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად მზად უნდა ვიყოთ".

ლუკა ბანკი ვირტუს ბოლონიაში თორნიკე შენგელიას მწვრთნელია

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე რიგაში გამწესებულ ერთ ჯგუფში, საქართველოსა და ლატვიის გარდა, ფილიპინებიც მოხვდა. ლატვიაშივე პარალელური ჯგუფი ბრაზილიამ, კამერუნმა და მონტენეგრომ დააკომპლექტეს. ამ ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები ჯვარედინი პრინციპით ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, ჩემპიონი კი ოლიმპიადის საგზურს მიიღებს (ნახევარფინალები 6 ივლისს შედგება, ფინალი კი 7 ივლისს არის დაგეგმილი). რიგის ჯგუფების კალენდარი ასე გამოიყურება. 

2 ივლისი: ლატვია – საქართველო, ბრაზილია – მონტენეგრო
3 ივლისი: ლატვია – ფილიპინები, მონტენეგრო – კამერუნი
4 ივლისი: ფილიპინები – საქართველო, კამერუნი – ბრაზილია

ზაფხულში დაეგეგმილ მინი-ტურნირს Arena Riga უმასპინძლებს, რომელიც 11 200 მაყურებელს იტევს. სხვათა შორის, ეს დარბაზი ევრობასკეტი 2025-ის მატჩების ერთ-ერთი მასპინძელიც იქნება და გამორიცხული არაა, საქართველოს ნაკრებმა იქ მაშინაც ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში მონაწილეობას 12 ნაკრები მიიღებს, რომელთაგან 8 უკვე გარკვეულია. ოლიმპიურ თამაშებზე მასპინძლის რანგში წარსდგება საფრანგეთი, დანარჩენი 7 გუნდი კი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაირკვა კონტინენტური ქვოტების მიხედვით. ესენი არიან: სამხრეთ სუდანი (აფრიკა), აშშ, კანადა (ორივე – ამერიკა), იაპონია (აზია), სერბეთი, გერმანია (ორივე – ევროპა) და ავსტრალია (ოკეანეთი).

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საკალათბურთო ტურნირი გაისად 27 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, საკვალიფიკაციო ეტაპს Pierre Mauroy Stadium უმასპინძლებს, ფინალურ ფაზას კი – Bercy arena. შეგახსენებთ, რომ კაცთა შორის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი აშშ-ს ნაკრები გახლავთ, რომელმაც 2021 წელს, ტოკიოში გამართულ ფინალში საფრანგეთს 87:82 სძლია, ბრინჯაოს მედლების მფლობელი კი ავსტრალია გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები