Thumbnail

მაისაშვილი: ჩელენჯ ქაფზე თუნდაც ერთი მატჩის მოგება ურთულესი იქნება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

პირველი ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი ჩელენჯ ქაფზე ისტორიული მატჩისთვის ემზადება, რომელიც 9 დეკემბერს ინგლისური გლოსტერის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება. მოახლოებული ტურნირის შესახებ შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტოქეთა სიძლიერიდან გამომდინარე, ჯგუფურ ეტაპზე თუნდაც ერთი მატჩის მოგება ურთულესი საქმე იქნება.

ლევან მაისაშვილი (შავი ლომის მთავარი მწვრთნელი): "მეტოქის თამაშის ანალიზი უკვე გავაკეთეთ და შესაბამისად ვემზადებით. შავ ლომს ამ დონის გუნდთან ჯერ არ უთამაშია. მოწინააღმდეგე პრემიერშიფის წარმომადგენელია, მისი და სუპერთასზე მონაწილე გუნდებს შორის, განსხვავება ცა და დედამიწაა. აქ შეცდომა უფრო ძვირად ფასობს და დიდი მნიშვნელობა ექნება დისციპლინას, ბალანსს შეტევასა და დაცვას შორის.

ამ ოთხიდან რომელიმე თამაშის მოგება ურთულესი ამოცანა იქნება, თუმცა, ვეცდებით, მაქსიმალურად ხარისხიანი რაგბი ვითამაშოთ და ძალები უძლიერეს მეტოქეებთან მოვსინჯოთ. აქ გამოჩნდება რამდენად ვართ მზად, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩელენჯ თასზე სტაბილურად მონაწილეობის შემთხვევაში, სამომავლოდ ჯგუფიდან გასვლაც რეალისტური იქნება. ამ ეტაპზე ეს ძალიან რთულია. ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ვნახოთ, ეს რას ეყოფა.

ჩელენჯ თასში ჩართვა ქართული რაგბის დიდი დაფასებაა და მნიშვნელოვანია, ღირსეულად წარვსდგეთ. ამ ბიჭებისთვის ესაა შესაძლებლობა აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები და ითამაშონ სანაკრებო ვარსკვლავების წინააღმდეგ. და თუ ვინმესთვის რაგბი მნიშვნელოვანია, ის 9 დეკემბერს აუცილებლად უნდა მოვიდეს მიხეილ მესხზე და უქომაგოს ჩვენს გუნდს. შავი ლომი პროფესიულ კლუბად ყალიბდება, სულ სხვა ეტაპზე გადადის, სხვა ხარისხის თამაშები ელოდება და ეს არის გზა შემდგომი განვითარებისთვის".

შეგახსენებთ, რომ შავი ლომი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) მიერ ორგანიზებულ ჩელენჯ ქაფზე ისტორიაში პირველად ითამაშებს, ჯგუფში მეტოქეებად კი, გლოსტერის გარდა, უელსური სკარლეტსი და ფრანგული კასტრი და კლერმონი ეყოლება. ინგლისელთა გარდა, თბილისში, კლერმონელები ჩამოვლენ (20 იანვარს), დანარჩენი 2 თამაში (17 დეკემბერსა და 13 იანვარს) კი სტუმრადაა.

ცნობისთვის, გლოსტერი ჩელენჯ თასის ორგზის გამარჯვებულია (2006, 2015), ორჯერ კი ფინალში დამარცხდა (2017, 2018). ამასთან, კლუბმა ინგლისის პრემიერშიფში 4-ჯერ დაიკავა მეორე ადგილი. გლოსტერში 2.5 სეზონი გაატარა ბორჯღალოსანმა გიორგი კვესელაძემ, რომელიც ზაფხულში საქართველოში დაბრუნდა, სწორედ შავ ლომს შეუერთდა და შაბათს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

9 დეკემბერს, 5 საათზე არ გამოტოვო ჩვენი პირველი თამაში EPCR Challenge Cup -ზე ! 🔥 ბილეთები შეიძინე აქ 👉 www.TKT.GE/Rugby...

Posted by შავი ლომი . Black Lion on Tuesday, December 5, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები