Thumbnail
  • ლუკა ლოჩოშვილს კრემონეზეში სათამაშო პრაქტიკა აღარ აქვს
  • კრემონული გამოცემა ქართველი მცველის სიტუაციაზე წერს

ლუკა ლოჩოშვილს კრემონეზეში რთული პერიოდი აქვს. ბოლო ორ თვეში მან ერთადერთხელ ითამაშა, ისიც იტალიის თასზე, ხოლო სერია B-ს შეხვედრებში კრემონელთა მთავარი მწვრთნელი ჯოვანი სტროპა არ ათამაშებს - 0 წუთი ბოლო 6 მატჩში.

ყველაფერი დაიწყო კომოსთან შეხვედრით, რომელიც კრემონეზემ 3:1 მოიგო, მაგრამ ლოჩოშვილმა წითელი ბარათი მიიღო. მომდევნო თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, შემდეგ კი სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

კრემონული საიტის, cuoregrigiorosso-ს ჟურნალისტი მიკელე ლონდინი სწორედ ქართველის უთამაშებლობას წერილით გამოეხმაურა:

"ლუკა ლოჩოშვილი, როგორც ჩანს, ამჟამად გამქრალია სტროპას კრემონეზეს რადარებიდან, მაგრამ მას ჯერ კიდევ შეუძლია გუნდისთვის ბევრი რამის მიცემა. შეიძლება ლუკა ლოჩოშვილმა ჯოვანი სტროპას ნდობა ისევ მოიპოვოს? პასუხი გაურკვეველია. ტერნიში დაწყებული სერიის შემდეგ, როდესაც მან ზედიზედ 7 მატჩი ითამაშა ძირითადში, მათ შორის, 3 ბალარდინის ხელმძღვანელობით, ქართველმა მცველმა ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ ერთი ითამაშა იტალიის თასის 1/16-ფინალში ჩიტადელასთან. სერია B-ში მან ბოლოს კომოსთან სტუმრად ითამაშა, მატჩში, რომელშიც ცენტრალურმა მცველმა წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ ამას კრემონეზეს გამარჯვებისთვის ხელი არ შეუშლია. მას მერე, ლოჩოშვილს შეცვლაზეც არ უთამაშია.

სტროპა არის მწვრთნელი, რომელსაც კონკრეტული მიდგომები აქვს: თუ კარგად თამაშობ, მოედანზე გადიხარ, თუ შეცდომებს დაუშვებ, სკამზე ჯდები. ეს მან დაამტკიცა პიზაში საგარეო მატჩის შესვენებაზე გაკეთებული შეცვლებითაც. სწორედ ამიტომ, კომოსთან გაძევება შეიძლება ლუკასთვის ძალიან მძიმედ ფასობს. ისიც უნდა ითქვას, რომ კრემონელთა დაცვა ახლა კარგად თამაშობს და ძნელია ამას ძირი გამოუთხარო. ლოჩოს სურს დაფიქრდეს საკუთარ მომავალზე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად. საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს ევრო 2024-ზე გასვლის შანსი, კრემონაში უთამაშებლობით კი, ნაკრებში ლოჩოშვილის ადგილი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ძნელად წარმოსადგენია კრემონეზემ ზამთარში გაუშვას ფეხბურთელი იმ პოზიციიდან, სადაც ისედაც ბევრი არჩევანი არ აქვს. გარდა ამისა, სტროპამ შეიძლება გადახედოს თავის გადაწყვეტილებებს და ისევ გამოიყენოს, იმის გათვალისწინებით, რომ ლოჩოშვილი დაცვის ცენტრში ერთადერთია ცაციაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ თვისებებზე, რომლებსაც ის ყოველთვის ავლენდა მოედანზე გასვლისას. ჯერ კიდევ გრძელ სეზონში და ისეთ რთულ ჩემპიონატში, როგორიც სერია B არის, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტ მოთამაშეზე დაყრდნობა".

ლუკას შარშან სერია A-ში უფრო მეტი დრო ეძლეოდა, ვიდრე ახლა სერია B-ში

მიმდინარე სეზონში ლუკა ლოჩოშვილმა სერია B-ში 7, ხოლო იტალიის თასზე ორჯერ ითამაშა. ის მოედანზე ბოლოს 31 ოქტომბერს სათასო მატჩში იყო, ხოლო სერია B-ში 8 ოქტომბრის მერე არ უთამაშია. გასული სეზონიდან მოყოლებული ქართველმა მცველმა კრემონულ გუნდში ჯამში 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

კრემონეზემ სეზონის რთული სტარტის შემდეგ სიტუაცია გამოასწორა, რის შედეგადაც 26 ქულით მე-5 ადგილზეა. ჯოვანი სტროპას გუნდს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ბოლო ოთხ თამაშში კი გოლიც არ გაუშვია. მსგავსი სერია კი ცხადია, ლოჩოშვილისთვის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებას ართულებს...

კომენტარები

ბოლო ამბები