Thumbnail
  • მიმდინარე სეზონში ხვიჩამ ოსიმენს გოლი ერთხელ გაატანინა
  • იტალიურ პრესაში კვარასა და ოსიმენის დუეტს აკრიტიკებენ

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport მიმდინარე სეზონში ნაპოლის დუეტის თამაშს გამოეხმაურა. გასულ წელს ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შესანიშნავად თამაშობდნენ, რამაც "პარტენოპეის" ჩემპიონობა განაპირობა და ნაპოლი ისტორიულ ტიტულამდე მიიყვანა. ქართველმა ფეხბურთელმა ნიგერიელს 7 საგოლე პასი გაუკეთა და მთელი მსოფლიო KO-ს დუეტზე ალაპარაკდა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ ოსიმენს გოლი მხოლოდ ერთხელ გაატანინა - ლეჩესთან სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში. ამას, რა თქმა უნდა, თან არაერთი მიზეზი ახლავს, მაგრამ იტალიურმა მედიამ ისინი მაინც გააკრიტიკა.  

"წინა სეზონში ოსიმენსა და კვარაცხელიას შორის მყისიერი ურთიერთგაგება იყო, თითქოს ერთმანეთს ყოველთვის იცნობდნენ. მიუხედავად ამისა, მათ შორის ეს ჰარმონია, რომელმაც გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა, მხოლოდ მოგონებად დარჩა.

გასულ სეზონში KO-მ მთელი მსოფლიო აალაპარაკა

გასულ წელს კვარამ ოსიმენს სერია A-ში გოლი შვიდჯერ გაატანინა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ისინი ერთმანეთს მოედანზე ვეღარ პოულობენ. რა თქმა უნდა, მათ ტრავმებმაც შეუშალეს ხელი, მაგრამ თამაშის დროს ისინი შეკრული წყვილის შთაბეჭდილებას ვეღარ ტოვებენ. საინტერესოა, რა მოუვიდათ მოთამაშეებს, რომლებიც 2023 წლის ოქროს ბურთის კანდიდატებში იყვნენ - ქართველმა ვინგერმა, რომელიც ასევე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მე-17 ადგილი დაიკავა, ნიგერიელი ცენტრფორვარდი კი, შესანიშნავი სეზონისა და სერია A-ში გატანილი 26 გოლის შემდეგ, მე-8 ადგილზე გავიდა. ერთადერთი მეტ-ნაკლებად დამამშვიდებელი ფაქტი არის ის, რომ ჯამში მათ წელს 10 გოლის გატანა მოახერხეს, რა მაჩვენებლითაც კიეზასა და ვლაჰოვიჩს უსწრებენ, რომლებსაც პარასკევს დაუპირისპირდებიან", - წერს La Gazzetta dello Sport.

ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, ოსიმენს კი 6 გოლი და 2 ასისტი დაუგროვდა. ნაპოლი იტალიის სერია A-ს ცხრილში 24 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. ვალტერ მაძარის გუნდი პარასკევს მეორეადგილოსან იუვენტუსს დაუპირისპირდება, რომელსაც 9 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები