Thumbnail
  • რეალის ბელგიელი მეკარე ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატზე ერთად თამაშს არ აპირებს
  • 31 წლის გოლკიპერის მიზანი მომავალი სეზონისთვის მაქსიმალურად მწყობრში ყოფნაა

ტიბო კურტუა ბელგიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშს არ აპირებს.

მადრიდის რეალის 31 წლის მეკარე, რომელმაც აგვისტოში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ოპერაცია გაიკეთა, ამჟამად რეაბილიტაციის პროცესს გადის. ვარაუდით, კურტუა მოედანს მომავალი წლის აპრილში ან მაისში უნდა დაუბრუნდეს და ამ შემთხვევაში, გერმანიაში გასამართი ევროპირველობისთვისაც მწყობრში უნდა იყოს, თუმცა, როგორც ჩანს, ბელგიელი მეკარე თავს იზღვევს და უპირატესობას მომავალ საკლუბო სეზონს ანიჭებს.

RadioMarca-ს ცნობით, მეკარემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ რეალს უკვე აცნობა. კურტუს სურს, რომ მაქსიმალურად მწყობრში შეხვდეს 2024/25 წლების სეზონს და ამისთვის, მომავალი ზაფხულის გატარებას არა გერმანიაში, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, არამედ მადრიდული კლუბის ბაზაზე, მეკარეთა მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ გეგმავს.
 
ამჟამად მადრიდის რეალის ძირითადი მეკარე კეპა არიზაბალაგაა, თუმცა ტრავმის გამო 5 მატჩის გამოტოვება მასაც მოუხდა და გუნდის კარს უკრაინელი ანდრეი ლუნინი იცავდა. 

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიის ქალაქებში გაიმართება. ბელგიის ეროვნული ნაკრები E ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად სლოვაკეთი და რუმინეთი ეყოლება. მეოთხე მეტოქის ვინაობა პლეი ოფში გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები