Thumbnail
  • საბურთალო 1:0 დინამო ბათუმი | 92' სიხარულიძე 
  • საბურთალომ საქართველოს თასი ისტორიაში მესამედ მოიგო
  • მიქაძის გუნდი კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა

საბურთალომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი ისტორიაში მესამედ, ბოლო სამ წელიწადში კი მეორედ მოიგო. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა 2023 წლის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში დინამო ბათუმი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და მომავალ ზაფხულს კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული ძალიან დაძაბული მატჩის გმირი კი ირაკლი სიხარულიძე გახდა, რომელიც თამაშში ცვლილებაზე, კომპენსირებულ დროში ჩაერთო და წუთზე ნაკლებ დროში შეძლო ჩემპიონებისთვის გამარჯვების გოლის გატანა.

საბურთალომ თასი ირაკლი სიხარულიძის გოლით მოიგო

თამაში თავსხმა წვიმის თანხლებით წარიმართა და თავიდან გიორგი მიქაძის გუნდის მცირე უპირატესობა გამოიკვეთა. ბათუმელთა მეკარე როინ კვასხვაძეს პირველ წუთებში რამდენჯერმე მოუხდა საქმეში ჩართვა. ანგარიშის გახსნის რეალური მომენტი მაინც შეიკნე სილას ჰქონდა, მაგრამ საბურთალოს მალელ ფორვარდს სიზუსტე დააკლდა.

გულშემატკივრების მხარდაჭერით გამხნევებულმა დინამო ბათუმმა მალევე შეძლო თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა. დასამახსოვრებელი ირაკლი ბიძინაშვილის შორეული დაარტყმა იყო, თუმცა ბურთი მცირე მანძილით აცდა ლაზარე კუპატაძის კარს. ტაიმის მიწურულს იყო პაატა ღუდუშაურის სახიფათოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმა, თუმცა საბურთალოს მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ. 

რეალური მომენტებით მდიდარი არც მეორე ტაიმი გამოვიდა, სამაგიეროდ, ისევ ხშირი იყო უხეშობა და ჯარიმები. საათის შემდეგ ჯერ საშა ბალიჩმა ჩაჭრა გადაცემა და განმუხტა სახიფათო მომენტი ბათუმელთა კართან, რამდენიმე წუთის შემდეგ კი საპირისპირო მხარეს ლაზარე კუპატაძემ არ გაატანინა პაატა ღუდუშაურს.

მატჩის ბედი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მიქაძის მიერ განხორციელებულმა ცვლილებამ გადაწყვიტა - 91-ე წუთზე მოედანზე შესულმა ირაკლი სიხარულიძეს სულ წუთი დასჭირდა გოლის გასატანად. კუთხურის შემდეგ, სიხარულიძეს ბურთი თავით გია ჩადუნელმა დაუგდო და საბურთალოს თავდამსხმელმაც თავითვე ვარდნაში ზუსტად დაარტყა - 1:0.

ანდრეი დემჩენკოს გუნდს გასატანად მაგარი მომენტები ბოლო წამებზე ჰქონდა. ჯერ ახლო მანძილიდან მათე ვაწაძის ძალიან სახიფათო თავური კუპატაძემ მოიგერია, შემდეგ კი იყო ცოტნე ფაცაციას წაქცევის ეპიზოდი, რისთვისაც ბათუმელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა ამაოდ.

საფინალო სასტვენის შემდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე ვითარება დაიძაბა, რისი მიზეზიც გულშემატკივრების მოედანზე გადასვლა გახდა. საბედნიეროდ, წესრიგის დამცველებმა სერიოზულ გართულებამდე საქმე არ მიიყვანეს.

საბოლოოდ, საბურთალომ საქართველოს თასი ჩაიბარა და გახდა მეოთხე ქართული კლუბი დინამო ბათუმის, დინამო თბილისისა და ქუთაისის ტორპედოს შემდეგ, რომელიც მომავალ ზაფხულს ევროთასებზე ითამაშებს. თბილისური გუნდი კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაცო ეტაპზე გამოვა. 

საბურთალო 1:0 დინამო ბათუმი

გოლი: 1:0 სიხარულიძე (90+2')

გაძევება: პაატა ღუდუშაური (90+8' დინამო ბათუმი)

საბურთალო (4-3-3): კუპატაძე - კაპანაძე, ჩადუნელი, ჯგერენაია, ჯინჯოლავა - ო.მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი, შ.ნონიკაშვილი (90+1' სიხარულიძე) - კოხრეიძე (62' სილაგაძე), ტაბატაძე (77' ლ.ნონიკაშვილი) - სილა (90+1' კობახიძე).

დინამო ბათუმი (4-1-2-3): კვასხვაძე - მამუჩაშვილი, კობახიძე, ბალიჩი, ხარაბაძე - მოსიაშვილი (46’ ტეიდი) - ბიძინაშვილი (88' ფაცაცია), ზარია (90+6' ვაწაძე) - ღუდუშაუროი, ფლამარიონი, წიტაიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები