Thumbnail
  • ვირტუსი 80:75 ბარსელონა
  • იტალიური გუნდი ბოლო მეოთხედამდე მდევრის როლში იყო
  • ქართველ კალათბურთელს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

თორნიკე შენგელიამ და ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაში ბარსელოანასთან ძალიან მაგარი თამაში შემოაბრუნეს. მე-12 ტურის შეხვედრაში იტალიური გუნდი ბოლო მეოთხედამდე მდევრის როლში იყო, მაგრამ ბოლო 10-წუთეულში გარდატეხის შეტანა მოახერხა და ამაში დიდი წვლილი 32 წლის ქართველ ფორვარდსაც მიუძღვის. 

ბარსელონამ პირველი მეოთხედი 6-ქულით მოიგო, დიდ შესვენებაზე კი სტუმართა უპირატესობა უკვე 12 ქულა იყო (33:45). ვირტუსმა თამაში სწორედ ამის შემდეგ გამოასწორა, სხვაობის შემცირება დაიწყო და მეოთხე მეოთხედში სწორედ თორნიკეს სამქულიანის წყლობით პირველად გაათანაბრა კიდეც - 61:61. შეხვედრის ბედი კი ბოლო წამებზე გაბრიელ ლუნდბერგის 3-ქულიანმა გადაწყვიტა, რის შემდეგაც პერიმეტრიდან სტუმრების ნასროლმა მიზანს არ მიაღწია, ბურთი კი შენგელიამ მოხსნა. 

დანიელი უკანახაზელი 21 ქულით ორივე გუნდში საუკეთესო იყო. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე კი, რომელსაც ორმაგ დუბლამდე სულ ერთი მოხსნა დააკლდა, 14 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში, 7 დაცვაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა იყო. ქართველმა კალათბურთელმა 5-იდან 2 სამქულიანი, 8-იდან 2 ორქულიანი და 6-იდან 4 საჯარიმო ჩააგდო. თოკოს 5 დაკარგვა და 1 ჯარიმა ჰქონდა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15 იყო.

ვირტუს ბოლონიას ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 12 მატჩში 8 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე რეალის (11 მოგება) და ბარსელონას (9 მოგება) შემდეგ. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 8 დეკემბერს, კვლავაც საკუთარ მოედანზე, თელ ავივის მაკაბისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები