Thumbnail

NBA | დონჩიჩის ისტორიული სამმაგი დუბლი, დალასს რეკორდამდე ცოტა დააკლდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ დალას მავერიკსმა NBA-ს რეგულარული სეზონი ძახილის ნიშნით განაახლა და იუტა ჯაზი 50-ქულიანი სხვაობით გაანადგურა!

ეს თამაში პირადად ლუკა დონჩიჩისთვის უკვე ისტორიულია: გრანდიოზული სამმაგი დუბლის გამო. მხოლოდ სამ მეოთხედში სლოვენიელმა 40 ქულის ჩაგდება შეძლო (14/24, 6/12 სამქულიანი), 10 მოხსნაც გააკეთა და 11 ასისტიც. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ 32 წუთში.

დონჩიჩისთვის ეს მე-60 სამმაგი დუბლი გახლდათ, რითაც ყველა დროის რეიტინგში ლარი ბერდს გადაასწრო და უკვე მე-9 ადგილზეა. მხოლოდ პირველ ტაიმში დონჩიჩს უკვე 29/10/10 ჰქონდა და NBA-ს ისტორიაში ეს იყო პირველი მინიმუმ 25-ქულიანი სამმაგი დუბლი პირველ ტაიმში. 

მატჩის მიწურულს დალასი 52 ქულით იგებდა და ძალიან ახლოს იყო პირად რეკორდთან (123:70 ფილადელფიასთან, 2014 წლის ნოემბერში), მაგრამ უოკერ კესლერი ბოლოს ჩატენვით რეკორდს წინ აღუდგა.

ლოგიკურია, რომ დონჩიჩი მატჩის შემდეგ ძალიან კმაყოფილი იყო: “თამაშის წინ ჩემს თანაგუნდელებს ვუთხარი: ‘Dont' fuck around’. სხვათა შორის, დღეს შეცდომებიც მქონდა.” - თქვა სლოვენიელმა და ამ წინადადების გამო დალასის რეპორტიორი გულიანად აცინა.

კაირი ირვინგმა 26 ქულა ჩააგდო (11/16), ტიმ ჰარდაუეიმ 17 “სკამიდან”. დალასს ზუსტი სროლების 55-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა და ტექსასელებმა 49 სამქულიანიდან 22 ჩააგდეს (45 პროცენტი). იუტა 40-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა და მის კალათბურთელებს 19 დაკარგვა ჰქონდათ. ჯაზს ძალიან დაეტყო ლაური მარკანენისა და ჯორდან კლარკსონის არყოფნა.

ამ გამარჯვებით დალასმა დასავლეთ კონფერენციაში ისევ მე-4 ადგილზე აინაცვლა და 9 დეკემბერს პორტლენდთან გასვლითი მატჩი ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები