Thumbnail

ამერიკული ClutchPoints ორლანდო მეჯიქის პროგრესს გამოეხმაურა და დაწერა, რომ ამაში დიდი როლი გუნდის მაღლებმა – გოგა ბითაძემა და მო ვაგნერმა ითამაშეს. მათ ძირითადი ცენტრის ვენდელ კარტერის ტრავმის შემდეგ, გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიიღეს და როგორც აღმოჩნდა, ამან მეჯიქს დიდი სარგებელი მოუტანა.

"ორლანდო მეჯიქი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ სიურპრიზად იქცა და აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერ ბოსტონ სელტიკსს მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება. მათი 9-მატჩიანი მოგებათა სერია, რომელიც ფრენჩაიზის ისტორიაში სარეკორდოა, ლიგაში შეუმჩნეველი არავის დარჩენია და ის ფაქტორებიც გამოიკვეთა, რომელმაც გუნდის წარმატებას ხელი შეუწყო.

ერთ-ერთი გადამწყვეტი ის პროგრესი გახდა, რომელიც ორლანდოელთა ბიგმენებმა ვენდელ კარტერის ტრავმის პერიოდში განიცადეს. ისე გამოვიდა, რომ გუნდის ძირითადი ცენტრის არყოფნაში, მეჯიქს პრობლემები არ შექმნია არც დაცვაში და არც – შეტევაში და ამას 2 მთავარი გმირი ჰყავდა – გოგა ბითაძე და მო ვაგნერი.

ბითაძემ ორლანდოელებთან კონტრაქტი გასული სეზონის შუაწელს გააფორმა, ზაფხულში კი მასთან თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყდა. როგორც გამოჩნდა, ეს სწორი ნაბიჯი იყო. გოგას მიმდინარე სეზონში საშუალოდ 6.7 ქულა და 6.0 მოხსნა აქვს და თამაშიდან 54.2%-იანი სიზუსტით ესვრის, თუმცა, ყველაზე მეტად დასაფასებელი ისაა, რასაც ის დაცვაში აკეთებს.

გოგა ბითაძე, პაოლო ბანკერო და მო ვაგნერი

ბითაძეს საშუალოდ 1.4 დაფარება აქვს, რითაც NBA-ს TOP 20-ში იმყოფება. მან ნამდვილი კედელი ააშენა მეჯიქის ფარქვეშ, რაც კარტერის არყოფნაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როდესაც გოგა მოედანზე იმყოფება, ორლანდოს შეუძლია ჩინებული დაცვითი რეიტინგით (108.4) დაიკვეხნოს, მთელ რიგ მატჩებში კი, როდესაც ბითაძეს 2 ან მეტი ბლოკ-შოტი ჰქონდა, ნათლად სჩანდა, მეტოქეები მეჯიქის ფარქვეშ შესვლას როგორ ერიდებოდნენ.

არანაკლებია ის წვლილიც, რომელიც გუნდის წარმატებაში სათადარიგოთა სკამიდან მო ვაგნერს შეაქვს. ის საშუალოდ 13.0 ქულასა და 4.3 მოხსნას აგროვებს, თამაშიდან 63.3%-ით ესვრის, სამქულიანებში კი 37.1% აქვს. შეტევაში მისი ჩართვით ორლანდოს ყოველთვის ჰქონდა დამატებითი ოფცია, განსაკუთრებით კი ბოსტონთან მატჩი უნდა გამოვარჩიოთ, რომელშიც მომ 27 ქულა მიითვალა.

ბითაძისა და მო ვაგნერის ასეთი პერფორმანსი მეტ ინტრიგას სძენს კითხვას თუ როგორ აეწყობა თამაში მოედანზე კარტერის დაბრუნების შემდეგ. გამოჩნდა, რომ მეჯიქს შემადგენლობაში კარგი სიღრმე გააჩნია და გუნდის გულშემატკივრებიც უფრო მომთხოვნები იქნებიან. ძალთა ამჟამინდელი ბალანსით, ორლანდოსთვის მინიმუმ პლეი ოფში გასვლა უნდა იყოს, დანარჩენი კი უშუალოდ სეზონის მე-2 ნახევარში გამოჩნდება".

შეგახსენებთ, რომ მეჯიქს ამ დროისთვის 14 მოგება და 7 მარცხი გააჩნია, ცუდი კი ისაა, რომ ზედიზედ 9 გამარჯვების შემდეგ მიჯრით 2 თამაში წააგო. აღმოსავლეთ კონფერენციაში ორლანდოელთა წინ მხოლოდ ბოსტონი (15-5) და მილუოკი (15-6) იმყოფებიან. ბითაძის გუნდს მომდევნო მატჩი 9 დეკემბერს დეტროიტ პისტონსთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები