Thumbnail
  • 📅 8 დეკემბერი | 🏟 ალიანც სთედიუმი | ⌚ 23:45 | ⚽ იუვენტუსი V ნაპოლი
  • იუვენტუსი ჩემპიონობისთვის იბრძვის, ნაპოლის ამოცანა ამ ეტაპზე ოთხეულია
  • მაძარის გუნდს ბოლო ორი მატჩი წაგებული აქვს, იუვეს ნაპოლისთან უჭირს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა იცოდეთ

რეალთან და ინტერთან წაგების შემდეგ ნაპოლის მორიგი რთული მატჩი აქვს - სტუმრად იუვენტუსთან. სერია A-ს მე-15 ტურს პარასკევს სწორედ ეს დუელი გახსნის.

ვალტერ მაძარის მისვლის შემდეგ, ნაპოლის თამაშის ხარისხი თითქოს გამოსწორდა, მაგრამ შედეგები - არა. ფაქტია, ნეაპოლელებმა ბოლო ორი მატჩი წააგეს. თუმცა, ორივე შემთხვევაში მეტოქე ძალიან ძლიერი ჰყავდათ.

ნაპოლის ადვილი თამაში არც ახლა ელოდება, მაგრამ თავის დამშვიდება იმით შეუძლია, რომ ბოლო დროს იუვენტუსთან ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს. ტურინულმა გუნდმა 2020 წლის იანვრიდან მოყოლებული, სერია A-ში ნაპოლის ერთადერთხელ მოუგო და 5-ჯერ მარცხი განიცადა (1 ფრე). "ბებერი ქალბატონისთვის" ეს კატასტროფული მაჩვენებელია. გასულ სეზონში ნეაპოლელებმა ორჯერვე აჯობეს იუვეს, მათ შორის ტურინში ჯაკომო რასპადორის გოლით, მაგრამ მთავარი მაინც ნეაპოლური მატჩი იყო, რომელშიც ნაპოლიმ დაუძინებელი მტერი 5:1 გაანადგურა. ეს თამაში ბენეფისი იყო ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც, რომელმაც გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. კვარას ნაპოლიში ბევრი მაგარი თამაში ჰქონია, მაგრამ ალბათ, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ საუკეთესო სწორედ ეს იყო.


თუმცა, ამ სეზონში სიტუაცია შეიცვალა. ნაპოლის პრობლემებზე ყველაფერი ცნობილია. ლუჩანო სპალეტის წასვლამ და რუდი გარსიამ მოსვლამ ვერ გაამართლა. ახლა სიტუაციის გამოსწორებას მაძარი ცდილობს, მაგრამ მას რთული კალენდარი ამაში ნამდვილად ვერ ეხმარება.

წინა ტურში ინტერთან წაგებით ნაპოლი საჩემპიონო ბრძოლას ამ ეტაპზე ისევ ჩამოშორდა, რადგან ლიდერთან ჩამორჩენა 11 ქულაა. ნაპოლის იუვესთანაც დიდი ჩამორჩენა აქვს - 9 ქულა. ამ გადასახედიდან, მაძარის მთავარი მისია ამ სეზონში ოთხეულში მოხვედრა უნდა იყოს, რაშიც ბევრი კონკურენტი ჰყავს (რომა, ლაციო, ატალანტა, ბოლონია, ფიორენტინა). მოკლედ, ნაპოლისთვის სეზონის ის ნაწილი დგება, როცა თითოეული ქულა ძვირფასი ხდება. "აძურის" მიმდინარე სეზონში განსაკუთრებით უკანა ხაზში უჭირს, გუნდი ბევრ გოლს უშვებს და მარტივი შესამჩნევია, რომ დაცვის ხაზის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს.

კვარას ინტერთან და მილანთან უჭირს, მაგრამ იუვესთან მაგრად თამაშობს

მეორე მხრივ, იუვენტუსის მთავარი პლუსი სწორედ დაცვაა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი არ თამაშობს სანახაობრივ ფეხბურთს, მაგრამ სოლიდურია, რადგან შედეგზე მკაცრადაა ორიენტირებული. ტურინულმა გუნდმა ამ დრომდე მხოლოდ 9 გოლი გაუშვა, 14-დან 9 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა. საინტერესო დეტალია ის, რომ მცველები არათუ პირდაპირ მოვალეობას ასრულებენ კარგად, არამედ შეტევაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ. მაგალითად, წინა ტურში იუვეს ფედერიკო გატიმ მოაგებინა, მანამდე კალიარისთან გლეისონ ბრემერმა და დანიელე რუგანიმ გაიტანეს გამარჯვების გოლები, კიდევ უფრო ადრე ვერონასთან - ანდრეა კამბიაზომ.

იუვენტუსს დაუბრუნდა დანილო, რომელმაც წინა ტურში შეცვლაზე ითამაშა, ახლა კი კაპიტანს სასტარტოში ელოდებიან. ჯერ კიდევ გასარკვევია, პირველი წუთიდან ითამაშებს თუ არა მანუელ ლოკატელი, რომელსაც წელის ტრავმა აწუხებს და ბოლო ორი შეხვედრა მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა. თუმცა, მისმა შემცვლელმა ჰანს ნიკოლუსი კავილიამ ინტერსა და მონცასთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ტურინულ გრანდს ნაპოლისთან ტიმოთი ვეა, მატია დე შილიო, პოლ პოგბა და ნიკოლო ფაჯოლი დააკლდება.

მონცასთან წინა ტურში გატის გოლი იუვეს სულს ამ სეზონში ყველაზე კარგად გადმოსცემს

ნაპოლის სამი ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული, რომელთაგან ორი მარცხენა მცველია (მარიო რუი, მატიას ოლივერა). სწორედ ამიტომ უწევს მაძარის ცენტრალური მცველის ფლანგზე გადაწევა. თავიდან ამ მისიას ჟუან ჟეზუში ასრულებდა, ბოლოს ნათანმა შეასრულა. მარცხენა მცველის არყოფნა ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც დისკომფორტია, რადგან მას ფლანგზე დამხმარე პრაქტიკულად არ ჰყავს, რის გამოც უჭირს მეტოქის დაცვასთან მარტო გამკლავება. "აძურის" ლაზარეთშია მარჯვენა მცველი ალესანდრო ძანოლიც. სხვათა შორის, ერთ-ერთი ვარჯიში კუნთების გადაღლილობის გამო გაუცდა ჯოვანი დი ლორენცოსაც, თუმცა, ბოლო ცნობებით, პრობლემა მოგვარებულია და კაპიტანი მოედანზე იქნება.

ორივე გუნდისთვის გამარჯვება ჰაერივით მნიშვნელოვანია: ნაპოლი ოთხეულისთვის ბრძოლაში მოიპოვებს მნიშვნელოვან ქულებს და მეტწილად, ფსიქოლოგიურად, ხოლო იუვენტუსი მინიმუმ იქამდე, სანამ ინტერი ითამაშებს, სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციას დაიკავებს, რადგან ტურინული გრანდი კონკურენტს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

საინტერესო ფაქტები

🟠 იუვენტუსმა სერია  A-ში ნაპოლისთან ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (1 ფრე, 5 წაგება). ეს გამარჯვება იყო 2021 წლის 7 აპრილს, როდესაც ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით ტურინელებმა 2:1 მოიგეს. გოლები გაიტანეს კრიშტიანო რონალდომ, პაულო დიბალამ და ლორენცო ინსინიემ.

🟠 იუვენტუსს სერია A-ში 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე). ჩატარებული 14 ტურიდან კი 9-ჯერ კარის მშრალად შეინახა.

🟠 იუვენტუსს ნაპოლი შინ ბოლო ორი სეზონი არ დაუმარცხებია (1:1, 0:1), მაშინ, როდესაც მანამდე 2011/12 წლების სეზონიდან 2020/21 წლების სეზონის ჩათვლით ნეაპოლელებს ტურინში 10-დან 9 მატჩი მოუგო.

🟠 იუვენტუსს მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ყველაზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული (17). ალეგრის გუნდმა შინ 5 მატჩი მოიგო და 2-ჯერ ფრეს დასჯერდა.

🟠 მეორე მხრივ, ნაპოლის ანალოგიური შედეგი აქვს სტუმრად (5 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება), რაც ლიგაში ინტერის შემდეგ მეორე მაჩვენებელია. თუმცა, მოქმედ ჩემპიონს შინ აქვს კატასტროფული შედეგი, რაც მთავარი მიზეზია სეზონის ცუდი სტარტის.

🟠 ნაპოლიმ იუვენტუსთან სერია A-ში ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან 3 არ წააგო (2 მოგება, 1 ფრე). გარდა ამისა, ნეაპოლელებმა ტურინში ბოლო 7 მატჩში გოლი გაიტანეს და ამაზე უკეთესი სერია არასდროს ჰქონიათ იუვეს წინააღმდეგ გასვლაზე (ასევე 7 საგარეო მატჩში გოლი 1948-1956 წლებში).

🟠 ნაპოლიმ სერია A-ში იუვენტუსთან 67 მატჩი წააგო და ამაზე მეტი თამაში არავისთან წაუგია (იგივე მაჩვენებელი ინტერთან). გარდა ამისა, ნეაპოლელებს ყველაზე მეტი გოლიც იუვესგან აქვთ გაშვებული (225).

🟠 ნაპოლი არის გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში სტუმრად სახლთან შედარებით ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა: 10-ით მეტი (სტუმრად 17 და შინ მხოლოდ 7).

🟠 იუვენტუსს სერია A-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი კუთხურიდან (5), მათ შორის, სახლში გატანილი ბოლო 6 გოლიდან 3 კუთხურიდან შეაგდეს. მეორე მხრივ, ნაპოლი ბოლონიასა და ემპოლისთან ერთად არის გუნდი, რომლებსაც ჯერ კუთხურიდან გოლი არ გაუტანიათ.

🟠 ნაპოლი არის გუნდი, რომელმაც მეტოქის ნახევარზე მოპოვებული ბურთის შემდეგ კარისკენ ყველაზე მეტჯერ დარტყმა სცადა (40), ხოლო იუვენტუსზე ცუდი შედეგი ამ თვალსაზრისით მხოლოდ სალერნიტანას აქვს (9 ტურინელებს, 6 - სალერნოელებს).

🟠 დუშან ვლაჰოვიჩმა ბოლო ოთხ საშინაო მატჩში გოლი გაიტანა, როდესაც ის ძირითად შემადგენლობაში იყო. თუმცა, ნაპოლის წინააღმდეგ სერბს ერთადერთი გოლი აქვს გატანილი, ისიც ფიორენტინას მაისურით 2020 წლის 18 იანვარს.

🟠 ჯაკომო რასპადორის იუვენტუსის წინააღმდეგ 306 წუთში 3 გოლი აქვს გატანილი. მხოლოდ ჯენოასთან აქვს უკეთესი შედეგი (4 გოლი)

🟠 ხვიჩა კვარაცხელიამ იუვენტუსთან გასულ სეზონში ორივე მატჩში ითამაშა, აქტივში კი გოლი და 2 საგოლე პასი აქვს.

🟠 ნაპოლიმ მიმდინარე სეზონში სერია A-ში სტუმრად ჩატარებულ 7 მატჩიდან ხუთში ორივე ტაიმში გაიტანა გოლი, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

🟠 იუვენტუსის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ნაპოლის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 4-ჯერ კი ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ეს გუნდები სერია A-ში აქამდე 154-ჯერ შეხვედრიან. 67 მატჩი იუვემ მოიგო, 39 ნაპოლიმ, ხოლო 48-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (3-5-2): შჩესნი - გატი, ბრემერი, დანილო - კამბიაზო, მაკკენი, ნიკოლუსი კავილია (ან ლოკატელი), რაბიო, კოსტიჩი - კიეზა, ვლაჰოვიჩი.
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: ვეა, დე შილიო, ფაჯოლი, პოგბა.

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ოსტიგორი, ნათანი - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
ტრავმა: მარიო რუი, ოლივერა, ძანოლი.

კომენტარები

ბოლო ამბები