Thumbnail
  • გერმანელმა სპეციალისტმა შეფილდთან მატჩის შემდეგ Amazon Prime-თან ისაუბრა
  • ინტერვიუს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია და იურგენ კლოპმა წამყვანი გააკრიტიკა

შეფილდ იუნაიტედთან გამარჯვების შემდეგ, ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა Amazon Prime-თან ისაუბრა. ინტერვიუმ სკანდალურად ჩაიარა - გერმანელ სპეციალისტს ერთ-ერთი წამყვანის, მარკუს ბაკლენდის კითხვა არ მოეწონა, რის გამოც მას შეუტია.

ბაკლენდმა მერსისაიდელების მომდევნო თამაშზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც შაბათს ადრე გაიმართება. კლოპმა ამის შესახებ წარსულში უკმაყოფილება არაერთხელ გამოხატა. ბოლოს მან ორგანიზატორები სიტისთან მატჩამდე გააკრიტიკა, რადგან ფეხბურთელები სანაკრებო პაუზის შემდეგ ახალი დაბრუნებულები იყვნენ და ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის ჩატარება ძალიან მალე უწევდათ, შესაბამისად, ძალების აღდგენისა და მომზადების დროც ცოტა ჰქონდათ.

კლოპმა ჟურნალისტებთან შეფილდის დამარცხების შემდეგ ისაუბრა

Amazon Prime-ის წამყვანმაც ამაზე იხუმრა და აღნიშნა, რომ კრისტალ პალასთან მატჩი მისთვის "საყვარელ დროს" იყო ჩანიშნული. ეს ხუმრობა კლოპმა საკმაოდ ცუდად მიიღო და ბაკლენდი გააკრიტიკა.

"ამაზე ხუმრობას გამბედაობა სჭირდება. ზუსტად არ ვიცი, როდის წავალთ სახლში, მაგრამ სავარაუდოდ, ღამის პირველ ან ორ საათზე ჩავალთ, შემდეგ კი, ისევ თამაში გვიწევს. ვარჯიშის ორი სესია გვექნება. აღდგენას მოვასწრებთ და შემდეგ სათამაშოდ ისევ წავალთ. კრისტალ პალასმაც დღეს ითაშა, შესაბამისად, არაუშავს. ვხვდები, რომ ეს ყველაფერი შენ კარგად არ გესმის და ფეხბურთში მუშაობ, შესაბამისად, რატომ უნდა დავიწყო ამის ახსნა. თუ ამაზე ხუმრობ, მაშინ თავხედი ხარ!", - აღნიშნა კლოპმა.

ამის შემდეგ ბაკლენდი სიტუაციის განმუხტვას მაქსიმალურად ცდილობდა და ისიც თქვა, რომ უპატივცემულობის გამოხატვა არ უნდოდა, მაგრამ კლოპმა მას ლაპარაკი შეაწყვეტინა: "შენ ეს უკვე გააკეთე. არაუშავს, შეგიძლია ის თქვა, რაც გინდა, მე ვერ ვამბობ იმას, რაც მსურს, რადგან ეს განსხვავებულად გამოჩნდება."

ლივერპული 34 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. მერსისაიდელები მომდევნო მატჩს შაბათს, ჩვენი დროით 16:30-ზე კრისტალ პალასთან გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები