Thumbnail

საქართველოში სუმო დიდი ხნის განმავლობაში მსუქანი კაცების ჭიდაობად მიიჩნეოდა. ამ მოცემულობის შეცვლას ლევან ცაგურია (კოკაი) ჩაუდგა სათავეში - პირველი ქართველი რიკიში, რომელიც სუმოს დიდ სცენაზე ავიდა. ყველაფერი კი 2018 წელს დაგვირგვინდა, როცა ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი აღმართა და სუმოს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.


სპორტის ეს უძველესი სახეობა იაპონიაში შეიქმნა. ლეგენდის თანახმად, ორი ღმერთი ერთმანეთს იმის გასარკვევად შეერკინა, თუ ვის დარჩებოდა იაპონია, გამარჯვებული ტაკემიკაძუჩი გახდა, რომლის შთამომავლებად იაპონიის იმპერატორები ითვლებიან. ვფიქრობ, ამ პატარა ისტორიის მოყოლა საკმარისია იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, თუ რას ნიშნავს სუმო იაპონელებისთვის. და მაინც, რა აზრობრივი და ემოციური დატვირთვა აქვს სუმოს ამომავალი მზის ქვეყნისთვის?

იაპონელებს სჯერათ, რომ თუ სუმოისტებს ხელით შეეხებიან, ძალა მათში გადავა და ღვთიურ ძალმოსილებას შეიძენენ. ამიტომაც, ისინი "მსუქან კაცებს" დღემდე ისე აღიქვამენ, როგორც ღმერთებს. მათთვის სუმო შინტოისტური რელიგიის მთავარ დამაკავშირებელ რიტუალად ჩამოყალიბდა. სიმბოლურია, რომ შინტო იაპონიის წარსულსა და აწმყოს განსაზღვრავს. იაპონიაში სუმო არის სპორტიც, რელიგიაც, კულტურაც და ეროვნული იდენტობაც. შეიძლება ამ ყველაფრის ფონზე უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სუმო ამომავალი მზის ქვეყანაში პოპულარობით მესამე ადგილს იკავებს - ფეხბურთისა და ბეისბოლის შემდეგ, იქვე ძალიან ახლოსაა ჩოგბურთიც. 

სუმო 1847/52 წლებში - ანდო ჰიროშიგეს ნახატი

გული, გონება და სხეული - სუმოისტი სამურაის მორალური კოდექსით ცხოვრობს, მეომრის გზით (ბუშიდო), რომელიც რაინდულ ქცევებს მოიცავს. მისთვის ღირსეული მარცხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უღირსი გამარჯვება. პატარა მაგალითი სუმოს იერარქიის მკაცრ წესებზე: იმისთვის, რომ სუმოს მსაჯმა (გიოჯი) უმაღლეს რანგს მიაღწიოს და გახდეს ტატე-გიოჯი, დაახლოებით 50-წლიანი გამოცდილება სჭირდება. რიკიშებს კი არ შეუძლიათ, ისე თავისუფლად და შეუზღუდავად იცხოვრონ, როგორც ამას სხვა სახეობების სპორტსმენები აკეთებენ. 

რამდენჯერმე ვახსენეთ "მსუქანი კაცები" და მოდი, განვმარტოთ, თუ რატომ არიან სუმოტორები მძიმეწონოსნები. ხშირად მსმენია ასეთი კითხვები: "რატომ სუქდებიან?", "ისინი ხომ სპორტულად ცხოვრობენ და ყოველდღიურად ვარჯიშობენ?", "თუ მსუქანი არ ვარ, სუმოს ვერ ვიჭიდავებ?". სინამდვილეში, სუმოისტები დიეტას იცავენ, ოღონდ, გასუქების მიზნით. ყოველი ვარჯიშის შემდეგ დიდი რაოდენობით საკვებს მიირთმევენ, მათ ტრადიციულ კერძს ჩანკონაბე ჰქვია, მარტივად რომ ვთქვათ, იაპონური ბულიონია, რომლის კალორიულობა 20 000-მდე აღწევს. 

“კოკაიმ იაპონიაში ჩვენზე რთული პერიოდი გაიარა, ის აქ დაგვხვდა და სუმოში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ძალიან დაგვეხმარა".

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან რთულია იაპონიაში შორეული საქართველოდან ჩახვიდე და თავი დაიმკვიდრო, ეზიარო კულტურას და დაიცვა სუმოს მკაცრი წესები. სირთულეებთან გამკვლავება და უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ლევან გორგაძემ იდეალურად შეძლო. ყველაფერი 2004 წელს დაიწყო, როცა 17 წლის ასაკში მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში დაბადებულმა ბიჭმა იაპონიას მიაშურა. მან მონაწილეობა სუმოს სამოყვარულო ტურნირში მიიღო, რომელიც ოსაკაში ტარდებოდა. ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი, რომელიც, ამავდროულად, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაშიც გამოდიოდა, უკან აღარ დაბრუნებულა. ლევანმა მეორე სამშობლოდ იაპონია აირჩია. 

ტოჩინოშინი ადრეულ წლებში კაისეისთან, კაკურიუსთან და გოეიდოსთან ერთად

ლევან გორგაძესთან ერთად იაპონიაში თეიმურაზ ჯუღელი წავიდა - მომავალში ცნობილი, როგორც გაგამარუ მასარუ. მათ სუმოს სამყაროში კოკაი დახვდათ, რომელიც ოძეკების რისხვად იყო შერაცხილი. მისი ღვაწლი ქართული სუმოს განვითარებაში ფასდაუდებელია. სწორედ კოკაი დაეხმარა ქართველ მებრძოლებს იაპონიაში თავის დამკვიდრებაში. გაგამარუ იხსენებს: "კოკაიმ იაპონიაში ჩვენზე რთული პერიოდი გაიარა. ის აქ დაგვხვდა და სუმოში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ძალიან დაგვეხმარა".

დავუბრუნდეთ ლევან გორგაძეს და მის გზას. ახალგაზრდა ქართველი სუმოისტი კასუგანო ბეიას წევრი გახდა, ხოლო შიკონა (მეტსახელი) ტოჩინოშინი მიიღო, რომელიც ძლიერ გულს ნიშნავს. 

ძლიერი გული და მტკიცე ხასიათი ტოჩინოშინს მთელი კარიერის განმავლობაში გამოარჩევდა. ფიზიკურად ძლიერმა ბრძოლის სტრატეგიად იოცუ-ძუმო აირჩია - მოწინააღმდეგის მავაშიზე (ქამარზე) ჩავლება და მიძალება. ტოჩის განსაკუთრებით მარცხენა ხელით ჩავლება (ჰიდარი-იოცუ) უყვარდა. ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა - ბავშვობაში მიყენებული ტრავმის გამო მარჯვენა ხელს ბოლომდე ვერ შლიდა. ზოგადად, იაპონელებს ძალიან უყვართ, როცა სუმოისტს საყვარელი საბრძოლო სტილი აქვს.

ტოჩინოშინმა კარიერა ძალიან კარგად დაიწყო, 2008 წელს ელიტაში მოხვდა - ჯურიოში, რომელიც რანგით მეორე დივიზიონია. ქართველმა გოლიათმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ჯურიოში აღზევება მის კარიერაში ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო. "თუ საკუთარ თავში ძალას ვერ იპოვი, ვერაფერს მიაღწევ", - ეს ტოჩის სიტყვებია. 

ქართველი გოლიათის საყვარელი ჩავლება

ჯურიოში პირველსავე ბაშოზე ჩემპიონობა მოიპოვა, მაისში კი მაკუუჩი დივიზიონში გადავიდა - სუმოს მთავარ სცენაზე, სადაც დიდი ჩემპიონების წინააღმდეგ იბრძოდა. ტოჩი ტურნირებზე სტაბილურად ასპარეზობდა, კომუსუბის წოდებაც კი მოიპოვა, მაგრამ ყველაფერი 2013 წელს შეიცვალა, როცა ნაგოია ბაშოზე საფირმო ცურიდაშის შესრულების დროს მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ვისაც სპორტთან ჰქონია შეხება, მიხვდება, თუ რა სიმძიმისა ეს ტრავმა. ტოჩინოშინმა 4 ბაშო გამოტოვა და რანგით მესამე დივიზიონში დაქვეითდა.

კარიერის განმავლობაში ლევან გორგაძის მთავარი მეტოქე ტრავმები იყო, მოგვიანებით იგი იხსენებს: "ყველაზე რთული ის იყო, რომ დოჰიოზე თითქმის 1 წელი ვერ ავედი, ეს ჩემთვის ტრაგიკული პერიოდი იყო". 

გავიხსენოთ ბრძოლის წინ მისი ტრადიციული ჯდომი დოჰიოსთან - მარჯვენა ფეხი მოკეცილი და მარცხენა გაშლილი, წარბშეკრული, ჯმუხი, აგრესიული და შემართული.

ქართველი მებრძოლი დაბრუნდა, თანაც როგორ. სუმოში გამოჩნდა ახალი ტოჩი, მარჯვენა მუხლზე დიდი სახვევით, რომელიც მისი კარიერის მეორე ნაწილის მთავარ სიმბოლოდ იქცა. გავიხსენოთ ბრძოლის წინ მისი ტრადიციული ჯდომი დოჰიოსთან - მარჯვენა ფეხი მოკეცილი და მარცხენა გაშლილი, წარბშეკრული, ჯმუხი, აგრესიული და შემართული. დიდ ჩემპიონებს თვალებში არავინ უყურებს, მისი მზერა იოკოძუნას გამომეტყველებას ჰგავდა. იაპონელები ამბობენ: "როცა ტოტს ხატავ, ქარის სუნთქვა უნდა გესმოდეს".

2018 წლის იანვრის ბაშოზე ლევან გორგაძემ მესამე მაეგაშირას რანგში იმპერატორის თასი მოიგო და სუმოს ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. მისი საბრძოლო ტექნიკა დაიხვეწა. ტოჩი არა მხოლოდ იოცუ-ძუმოში, არამედ ოში-ძუმოშიც დომინირებდა. მარტში, ტრავმის მიუხედავად, 10 მოგება დააგროვა და ძალიან მიუახლოვდა ოძეკობას.

საქართველოში სუმოს განსაკუთრებულმა პოპულარობამ სწორედ მაისის ბაშოზე მიაღწია. ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ იაპონიაში ქართველმა სუმოისტმა ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიგო და ოძეკობისკენ მიიწევდა. იმ დროს ქართული სპორტი მსგავს გამარჯვებებს ძალიან მონატრებული იყო. დაიწყო ტოჩინოშინის საყოველთაო გულშემატკივრობა, ფაქტობრივად, იგი ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა. ტურნირის ყოველი დილა შემდეგი კითხვებით იწყებოდა: "ტოჩინოშინმა რა ქნა?", "ტოჩი იყო უკვე?", "როდის გამოდის ტოჩინოშინი?". მისი ბრძოლის დაწყებას დიდი ინტერესით ველოდით. ტოჩინოშინმა ქართულ სპორტში სიამაყის განცდა დააბრუნა.

მაისის ბაშო საოცრად დრამატული აღმოჩნდა. ტურნირს ლევან გორგაძე 11 ჩატარებული ბრძოლის შემდეგ წაუგებლად ლიდერობდა. მე-12 დღეს კი მას დიდი იოკოძუნა ჰაკუჰო ელოდა. მახსოვს, ამ ბრძოლის დაწყებამდე ძალიან ვნერვიულობდი. ვგრძნობდი, რომ ტოჩი ახალ სიმაღლეზე ადიოდა და ამ გზაზე მთავარი გამოცდა ყველა დროის საუკეთესო სუმოისტთან ჰქონდა. სუმოს სამყაროც როგორი ინტერესით ელოდა ამ ბრძოლას - ქართველ რიკიშს დასამტკიცებელი ჰქონდა, რომ ძალისმიერ სუმოში ყველაზე მაგარი იყო. 

ქართული სპორტი ბოლო 5 წლის განმავლობაში ორ ეტაპად დაიყო - ტოჩინოშინიდან კვარაცხელიამდე.

ბრძოლა დაიწყო. იოცუ-ძუმო და ოთხივე ხელი მავაშიზე. რა თქმა უნდა, ჰაკუჰომ ტოჩინოშინის ყველაზე ძლიერი იარაღი აირჩია და ეს მისთვის გამოწვევა იყო. მძლავრი მიძალებებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ტოჩიმ ჰაკუჰო დოჰიოს კიდესთან მიიყვანა, მონღოლი თავს იცავდა. დიდხანს იდგა, მაგრამ ვეღარ გაძლო. ტოჩინოშინმა ჰაკუჰო კარიერაში პირველად დაამარცხა. ეს იყო დაუვიწყარი ემოცია. ქართველი სუმოს მწვერვალზე იდგა და იმპერატორის თასისკენ მიიწევდა. 

ტოჩი ჰაკუჰოს დამარცხების შემდეგ

ტურნირის მე-13 დღე - არ ვიცი, რამდენად საკრალურია ეს რიცხვი, მაგრამ ამ ბრძოლამ ტოჩინოშინის კარიერაზე დიდი გავლენა იქონია. ის იაპონელ შოდაისთან დამარცხდა. თანაც, მარჯვენა ხელის მაჯის ხრტილი ორ ადგილას მოიტეხა და ბაშო მეორე ადგილით დაასრულა. ტოჩი ოძეკი გახდა და თან, ძალიან დამაჯერებლად - ბოლო სამ ბაშოზე 45 მცდელობიდან 37 ბრძოლა მოიგო. ტოჩის იმდროინდელი პოპულარობა ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელ ფურორს ძალიან ჰგავს, როგორც კვარას ყოველ მატჩს, მის თითოეულ გოლსა და შედეგიან გადაცემას შევციცინებთ, ზუსტად იმავე ემოციით ვგულშემატკივრობდით ტოჩინოშინსაც. ფაქტობრივად, ქართული სპორტი ბოლო 5 წლის განმავლობაში ორ ეტაპად დაიყო - ტოჩინოშინიდან კვარაცხელიამდე. 

ოძეკი სამუდამოდ - ქართველმა რიკიშმა ტრავმებთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ გაჩერება გადაწყვიტა. მან ჩატარებული 102 ბაშოს შემდეგ კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა. ტოჩი დაიღალა, სხეული აღარ ემორჩილებოდა, მუხლიდან სახვევი მოიხსნა, რომელიც ძალიან უჭერდა და დიდი სცენიდან თავაწეული წავიდა. იგი სუმოს ისტორიაში დარჩება, როგორც ოძეკი ტოჩინოშინი. და მაინც, ტოჩინოშინმა რა ქნა?!..

 

კომენტარები

ბოლო ამბები