Thumbnail

საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყო ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში, რომელიც გაისად მარტში შედგება.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის თანახმად, გიორგი ჩიტაურის გუნდი მე-6 ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად თურქეთი, სერბეთი და დანია ეყოლება.

ტურნირის ფორმატის თანახმად, ევროპირველობის ელიტ-რაუნდში 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას კი გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორედაგილოსანი მიიღებს.

17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაისად 20 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით კვიპროსში ჩატარდება და ტურნირის მე-16 მონაწილეც სწორედ მასპინძელთა ნაკრები იქნება, მოქმედი ჩემპიონი კი გერმანია გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ U17 საქართველო ელიტ-რაუნდში წარმატებულად ჩატარებული საკვალიფიკაციო ციკლის ხარჯზე მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელებმა პირველ ჯგუფში (ქუთაისმა უმასპინძლა) სწორედ იმ დანიას მოუგეს (2:1), რომელსაც ელიტ-რაუნდშიც გაეჯიბრებიან, ლიეტუვას დაუზავდნენ (1:1), ავსტრიასთან კი წააგეს (1:2). შედეგად, საქართველომ მე-2 ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი

1-ლი ჯგუფი: ინგლისი, საფრანგეთი, უნგრეთი, ჩრდ.ირლანდია.
მე-2 ჯგუფი: უელსი, ბულგარეთი, შვედეთი, რუმინეთი.
მე-3 ჯგუფი: ნიდერლანდები, ბელგია, ფინეთი, იტალია.
მე-4 ჯგუფი: საბერძნეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი, უნგრეთი.
მე-5 ჯგუფი: პორტუგალია, გერმანია, ხორვატია, ირლანდია.
მე-6 ჯგუფი: თურქეთი, სერბეთი, საქართველო, დანია.
მე-7 ჯგუფი: ესპანეთი, ავსტრია, სლოვენია, ნორვეგია.
მე-8 ჯგუფი: პოლონეთი, ჩეხეთი, ბელარუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა.

კომენტარები

ბოლო ამბები