Thumbnail

სერია A-ს მე-15 ტურში ნაპოლი ტურინში იუვენტუსს ესტუმრება. მნიშვნელოვანი მატჩის წინ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ პრესკონფერენცია გამართა.

იტალიელ სპეციალისტს ხვიჩა კვარაცხელიაზეც ჰკითხეს: ხომ არ ფიქრობს, რომ თამაშის დროს ხვიჩას ცენტრში გადაწევა მას ორმაგი მეურვეობისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.

...კვარას ცენტრში გადაწევის ვარიანტზე: "საინტერესო შეკითხვაა. გუნდი, რომელიც "სკუდეტოს" მოიგებს, მეტოქის მწვრთნელების მხრიდან უფრო მეტად ყურადღების ცენტრში ექცევა. ამიტომ, საჭიროა ფეხბურთელები მოვაქციოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ყოველთვის ორმაგი მეურვეობის ქვეშ არ იყვნენ და შესაბამისად, საჭიროა, ზოგჯერ ცენტრისკენ შეწევა, რათა ფეხბურთელი გათავისუფლდეს მეურვეობისგან. თუმცა, მაგალითად, თუ კვარაზე 3 ფეხბურთელი მიდის, ეს ნიშნავს, რომ სხვა ზონებში ჩვენი ფეხბურთელები თავისუფლები არიან და ეს კარგად უნდა გამოვიყენოთ".

...ინტერთან მსაჯობაზე: "ამჟამად, თქვენს წინაშე ახალი მაძარია. აღარ მინდა ვიყო მაძარი, რომელიც მსაჯებზე ლაპარაკობს და არც მომავალში ვაპირებ მათზე საუბარს, ჩათვალეთ, რომ ძველი მაძარი პენსიაზე გავიდა. მირჩევნია, ისე მოვიქცე, როგორც კვირას. უბრალოდ, მინდა გუნდზე ვისაუბრო და არა მსაჯებზე".

...თამაშზე: "ვიცით, რასაც ნიშნავს იუვე-ნაპოლის მატჩი. ერთ მხარეს არის გუნდი, რომელიც ჩემპიონია და მეორე მხარეს გუნდი, რომელსაც ბევრი "სკუდეტო" აქვს მოგებული. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 24 ქულით რომასთან ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს, ხოლო პირველადგილოსან ინტერთან 11-ქულიანი ჩამორჩენა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები