Thumbnail
  • დინამო თბილისის გვინეელი ლეგიონერით უკრაინული კლუბები ინტერესდებიან
  • ჩერკასის ლნზ მზადაა, 24 წლის ფეხბურთელში 150 ათას ევროზე მეტი გადაიხადოს 

დინამო თბილისის ლეგიონერი უსმანე კამარა უკრაინაში გადაბარგებასთან ახლოსაა. 24 წლის გვინეელი გარემარბის გადაბირებით უკრაინის პრემიერლიგის კლუბი, ჩერკასის ლნზ ინტერესდება. 

უკრაინული მედიის ცნობით, ჩერკასის კლუბმა ტრანსფერთან დაკავშირებით დინამო თბილისის წინადადებით უკვე მიმართა. წერენ, რომ ლნზ მზადაა, კამარაში 150 ათას ევროზე მეტი გადაიხადოს და ეს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბისთვის მისაღებია.

ასევე წერენ, რომ თავად გვინეელმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა. კამარას უკრაინაში გადაბარგება ამ ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო დიდად არ სურს. 

აღსანიშნავია, რომ უსმანე კამარას ტრანსფერით უკრაინაში მხოლოდ ჩერკასელები არ ინტერესდებიან. მანამდე იწერებოდა, რომ ფეხბურთელის დამატებას კრივოი როგის კრივბასი და ლვოვის კარპატიც განიხილავენ.

უსმანე კამარა დინამო თბილისში გორის დილადან, 2022 წლის იანვარში გადავიდა და დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე აკავშირებს. 24 წლის შემტევმა 2023 წელს ყველა ტურნირის 41 მატჩში ითამაშა, გაიტანა 15 გოლი და მიითვალა 7 საგოლე პასი. 

გვინეელ ფეხბურთელს, რომელსაც ევროპაში ასევე უთამაშია შვედეთსა და ნორვეგიაში, პორტალი Transfermarkt 400 ათას ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები