Thumbnail

ფიგურული სრიალი | ქართული წყვილი გრან პრის ფინალში დიდი უპირატესობით ლიდერობს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ პეკინში კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენეს
  • თავისუფალი პროგრამა 9 დეკემბერს შედგება და ისინი ოქროს მედლებთან ახლოს არიან

ქართული წყვილი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით ფიგურულ სრიალში გრან პრის სერიის ფინალის სასტარტო დღის შემდეგ, პირველ ადგილზე იმყოფება.

შეჯიბრს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი მასპინძლობს, ფინალში კი ის წყვილები არიან გასულნი, რომელთაც წლის განმავლობაში გამართული ეტაპების ჯამური შედეგები ყველაზე მაღალი ჰქონდათ.

მეტელკინა და ბერულავა იუნიორთა სპორტულ წყვილებში გამოდიან და მოკლე პროგრამაში კარიერისთვის სარეკორდო 70.48 ქულა (38.98 ტექნიკური ელემენტებისთვის + 31.50 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღეს, რაც პირველი მაჩვენებელი აღმოჩნდა.

ქართული წყვილი დიდი უპირატესობით უსწრებს მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულ კანადური დუეტებს (შესაბამისად, 57.91 და 55.97 ქულა), ამდენად, ოქროს მედლებთან ძალიან ახლოსაა.

თავისუფალი პროგრამა 9 დეკემბერს არის დაგეგმილი და მეტელკინა და ბერულავა ყინულზე ბოლო ნომრად, უმთავრესი ფავორიტების რანგში გავლენ.

აღსანიშნავია, რომ გრან პრის სერიის ფინალებში, რომელიც 1995 წლიდან ყოველწლიურად იმართება, საქართველო უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას. 2019 წლის გამარჯვებული მაშინ ჯერ კიდევ იუნიორთა კატეგორიაში მოასპარეზე წყვილი გახდა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით.

 

კომენტარები

ბოლო ამბები