Thumbnail

ჩელენჯ ქაფის სასტარტო მატჩის წინ შავმა ლომმა ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც გულშემატკივრებიც დაესწრნენ.

შავი ლომი ისტორიულ შეხვედრას 9 დეკემბერს, თბილისში ჩაატარებს და ეს იქნება პირველი თამაში ქართული ფრენჩაიზისთვის ჩელენჯ ქაფზე. მატჩამდე კომენტარი მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს.

ლევან მაისაშვილი (მთავარი მწვრთნელი): "ისტორიული დღე ახლოვდება და ყველა კარგ განწყობაზე ვართ. ჩელენჯ თასზე თამაში ქართული რაგბისთვის დიდი შესაძლებლობაა. მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია უდიდესი ისტორიით. ვემზადებით სრული მონდომებით და ვეცდებით მაყურებელს კარგი რაგბი ვაჩვენოთ".

მერაბ შარიქაძე (კაპიტანი): "ქართული რაგბი დიდი ხანი ელოდა ამ შესაძლებლობას, შანსი მივიღეთ და მას სრული პასუხისმგებლობით ვუდგებით. მიუხედავად იმისა, რომ გლოსტერი უძლიერესი შემადგენლობით არ ჩამოვიდა, მის რიგებში მრავლად არიან კარგი შემსრულებლები. ხშირ შემთხვევაში გადახალისებული შემადგენლობა მეტი მონდომებით თამაშობს, რადგან ახალგაზრდები მოტივირებულები არიან და წინ საინტერესო ბრძოლა გველოდება".

შეგახსენებთ, რომ შავი ლომი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) მიერ ორგანიზებულ ჩელენჯ ქაფზე ისტორიაში პირველად ითამაშებს, ჯგუფში მეტოქეებად კი, გლოსტერთან ერთად, უელსური სკარლეტსი და ფრანგული კასტრი და კლერმონი ეყოლება. ინგლისელთა გარდა, თბილისში, კლერმონელები ჩამოვლენ (20 იანვარს), დანარჩენი 2 თამაში (17 დეკემბერსა და 13 იანვარს) კი სტუმრადაა.

ცნობისთვის, გლოსტერი ჩელენჯ თასის ორგზის გამარჯვებულია (2006, 2015), ორჯერ კი ფინალში დამარცხდა (2017, 2018). ამასთან, კლუბმა ინგლისის პრემიერშიფში 4-ჯერ დაიკავა მეორე ადგილი. გლოსტერში 2.5 სეზონი გაატარა ბორჯღალოსანმა გიორგი კვესელაძემ, რომელიც ზაფხულში საქართველოში დაბრუნდა, სწორედ შავ ლომს შეუერთდა და შაბათს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები