Thumbnail

კარლსრუეს თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე მაგარ ფორმაშია, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერი საქართველოს ნაკრების 29 წლის თავდამსხმელის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას ბოლო დრომდე არ ჩქარობდა. ჰანოვერთან თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კარლსრუეს მწვრთნელმა ამ თემაზე დასმულ შეკითხვას ერთმნიშვნელოვნად მაინც არ უპასუხა. 

ბუდუმ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო 2 მატჩში, რომლებშიც ცვლილებაზე ითამაშა, 3 გოლის გატანა მოახერხა. ნიურნბერგთან შინ მოგებულ შეხვედრაში (4:1) დუბლით გამოირჩა, სტუმრად ჰანზასთან კი თავის გუნდს ქულა გადაურჩინა (2:2). ქართველმა ფორვარდმა იმედი მაშინვე გამოთქვა, რომ "ჯოკრის" სტატუსს მოიშორებდა და მწვრთნელისგან მეტ ნდობას მიიღებდა, მაგრამ როგორც ჩანს, აიხნერი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

"აიხნერმა ღიად დატოვა საკითხი, მიიღებს თუ არა ბუდუ ზივზივაძე შანსს, რომელსაც ის ბოლო ორ მატჩში გატანილი სამი გოლის შემდეგ ელოდება. "პრინციპში, ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა 41 წლის სპეციალისტმა, რომელიც აფასებს იმას, რომ ზივზივაძე მოედანზე "შედის და მაშინვე ამწვავებს თამაშს". 

მწვრთნელის თქმით, არსებობს მიზეზები, რის გამოც ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. ის ამაზე მუშაობს და "საკმაოდ ახლოს არის იმ მდგომარეობასთან, რომ არამხოლოდ ღირებული ჯოკერის ფუნქციას ასრულებდეს", - წერს გერმანული მედია.

კარლსრუემ მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში 17 ქულის მოპოვება შეძლო და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა. აიხნერის გუნდი მე-16 ტურის შეხვედრას სტუმრად ჰანოვერთან 8 დეკემბერს ჩაატარებს.

ბუდუ ზივზივაძეს, რომელიც კარლსრუეს ღირსებას იანვრიდან იცავს, მიმდინარე სეზონში მეორე ბუნდესლიგის 14 მატჩში (1 სასტარტოში) 4 გოლი აქვს გატანილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები