Thumbnail
  • დინამო ბათუმი ჩემპიონთა ლიგაზე I საკვალიფიკაციო ეტაპიდან ითამაშებს
  • კონფერენსლიგაზე საბურთალო, ტორპედო და დინამო თბილისი გამოვლენ

თასის ფინალით საქართველოში 2023 წლის საფეხბურთო სეზონი დასრულდა და საბოლოოდ გაირკვა იმ 4 კლუბის ვინაობა, რომლებიც 2024/25 წლების სეზონის ევროთასებზე ცდიან ბედს. დინამო ბათუმი ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, ხოლო თასის მფლობელი საბურთალო, ვიცე-ჩემპიონი დინამო თბილისი და მესამეადგილოსანი ტორპედო ქუთაისი - უეფას კონფერენსლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპიდან. 

საბურთალო ევროთასებს თასის მოგების წყალობით უბრუნდება

მორიგი წარუმატებელი ევროსეზონის შემდეგ საქართველოს უეფას კოეფიციენტში მხოლოდ 1.250 ქულა შეემატა. ქვეყანა 7.625 ქულით რეიტინგში 46-ე პოზიციაზეა. ევროპაში სულ 12 ქვეყანაში არის სეზონი განსხვავებულად (გაზაფხული-შემოდგომის სისტემა), მათ შორის, საქართველოში. უცნაურია, მაგრამ ამ ფაქტს უკვე შევეგუეთ (არადა, დანარჩენი 11 ქვეყანა ცივ კლიმატურ პირობებშია და ამის გამო ვერ ახერხებს ჩემპიონატის შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით გამართვას).

ჩემპიონები უკვე ცნობილია, თუმცა ნორვეგიული ბოდო/გლიმტი და შვედური მალმიო ასპარეზობას მე-2 საკვალიფიკაციო წრიდან დაიწყებენ. დანარჩენი ათი (როგორც დინამო ბათუმი) პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეა. იქნება თუ არა იქ განთესილი ქართული კლუბი ჯერ რთული სათქმელია, თუმცა 5.500 კოეფიციენტით ამის შანსი მიზერულია.

უკვე ცნობილი გუნდებიდან 5 კოეფიციენტით წინ არის: ჰიკ (ფინეთი), ფლორა (ესტონეთი), კლაკსვიკარი (ფარერები), შემროკ როვერსი (ირლანდია) და რიგასი (ლატვია). საქართველოს ჩემპიონი მხოლოდ პანევეჟისს (ლიეტუვა), ორდაბასის (ყაზახეთი) და ვიკინგურს (ისლანდია) უსწრებს. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 15 წყვილი იქნება, გამარჯვებულები შემდეგ ეტაპზე გადადიან, დამარცხებულები კი - კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე (ერთის გარდა, ვისაც წილისყრით გაუმართლებს - ის მე-3 ეტაპზე გადავა). მატჩები 9/10 და 16/17 ივლისს გაიმართება.

კონფერენსლიგის 2024/25 წლების სეზონის  პირველ საკვალიფიკაციო წრიდან დინამო თბილისი, ტორპედო ქუთაისი და საბურთალო (როგორც თასის მფლობელი) იასპარეზებენ. მატჩები 11 და 18 ივლისს გაიმართება. 

საქართველო რჩება იმ ქვეყნების (სულ 8) ჩამონათვალში, რომელთა კლუბებს არასდროს უთამაშიათ არცერთი ამჟამინდელი ევროტურნირის (თუმცა უეფას თასის ჯგუფში იყო დინამო თბილისი) ჯგუფურ ეტაპზე. ასეთი ჩვენი ქვეყნის გარდა მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდია, უელსი, მონტენეგრო, სან მარინო, ანდორა, მალტა და ლიხტენშტაინია. 

შეგახსენებთ, რომ 2023/24 წლების სეზონის ევროთასებზე საქართველოს ასევე 4 კლუბი წარადგენდა. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისმა ყაზახურ ასტანასთან (1:1, 1:2) დათმო. კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმმა ალბანურ ტირანასთან წააგო (1:1, 1:2), ხოლო ტორპედომ პენალტების სერიაში (2:2, 1:1) 4:2 დაამარცხა ბოსნიური სარაევო, რაც შეეხება დილას, გორულმა კლუბმა სლოვაკური დუნაისკა სტრედას (1:2, 2:0) წინააღმდეგობა დაძლია. მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი დინამო თბილისი ახლა მალტურ ჰამრუნ სპარტანსთან (1:2, 0:1) დამარცხდა და მორიგი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა კლუბის ისტორიაში. ტორპედო ყაზახურმა აქტობემ გააგდო (1:4, 2:1), ხოლო დემჩენკოს დილამ ბრძოლა გააგრძელა - უკრაინული ვორსკლა (1:2, 3:1) გაიარა. ქართული კლუბების "ეპოპეა" მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე დასრულდა, სადაც დილამ ვერაფერი გააწყო კვიპროსულ აპოელ-თან (0:2, 0:1), რომელიც შემდეგ პლეი ოფიდან ბელგიურმა გენტმა გააგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები