Thumbnail

'ოლიმპიადამდე ფორმას ვერ აღვიდგენ' - დათუნაშვილმა კარიერა დაასრულა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზურაბ დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში კარიერის დასრულების შესახებ დაწერა
  • სერბეთის სახელით მოჭიდავე ქართველს პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა სურდა

ქართველმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა დაასრულა. სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა სურდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ამას ვერ მოახერხებს და ამიტომ კარიერას ასრულებს. დათუნაშვილი წერს, რომ ჭიდაობაში დარჩება და ეცდება, რომ სერბეთსა და საქართველოს დიდი დახმარება გაუწიოს.

 ''მოგესალმებით, მეგობრებო. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჭიდაობისთვის მაქვს მიძღვნილი. ჩემს კარიერაში იყო არაერთი დიდი გამარჯვება და ბევრი იმედგაცრუებაც. ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში შევძელი ჩემს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა და მცირე ასაკში ავისრულე ყველა სპორტსმენის მთავარი ოცნება.

ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც ჩემი მთავარი მიზანი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა იყო და მისთვის მზადების პროცესში ვიყავი, თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ცნობილია, რომ გასულ ზაფხულს შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დამჭირდა სასწრაფო ოპერაციაც.

სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ ვასწრებ ფორმის აღდგენას და 32 წლის ასაკში მიწევს აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩემი ცხოვრება მთლიანად ჭიდაობასთან არის დაკავშირებული და ასე იქნება მომავალშიც. მივდივარ აქტიური სპორტიდან, თუმცა ვრჩები ჭიდაობაში და ვაპირებ, ჩემი 26 წლიანი გამოცდილება მოვახმარო ჭიდაობის განვითარებაზე ზრუნვას როგორც საქართველოსა და სერბეთში, ისე მთლიანად მსოფლიოში.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ ხნის განმვალობაში მგულშემატკივრობდით და ჩემთან ერთად იზიარებდით მარცხისას განცდილ სინანულსა და გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს'', - დაწერა დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში.

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ერთხელ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. გარდა ამისა, ის 2022 წელს სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვება, 2019 წელს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები