Thumbnail

სერია A-ს მე-15 ტურის მთავარ მატჩში ჩემპიონი ნაპოლი ტურინში იუვენტუსს ესტუმრება. შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიასა და კომპანიისთვის ეს ბოლო შანსიც იყოს "სკუდეტოს" შენარჩუნებისთვის ბრძოლის გაგრძელებაში.

CBS Sports მომავალ დაპირისპირებას ლიდერების დუელის კუთხით გამოეხმაურა - ნომინალურად ორივე მარცხენა შემტევია, ფედერიკო კიეცაც და ხვიჩა კვარაცხელიაც, თუმცა მათი სათამაშო სტილი ძალიან განსხვავებულია. პარასკევს ამ ორი ვარსკვლავის დუელის შედეგს საბოლოო რეზულტატზე დიდი მნიშვნელობა ექნება.

კვარაცხელიასა და კიეზას დუელი წინა სეზონში

"თუკი ბიანკონერი დიდწილად დამოკიდებულია იტალიელი გარემარბის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე, ნაპოლი მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებს კვარა კლუბის პრობლემების გადაჭრას, რომელიც ამ სეზონში ნაპოლის აქვს. ორივე გუნდი განსხვავებულად თამაშობს, განსხვავებული ტაქტიკით. გარემარბი კიეზა 3-5-2 სისტემაში მეორე ფორვარდად თამაშობს და მეტი თავისუფლება აქვს, მაშინ, როცა მაძარის 4-3-3-ში ქართველ გარემარბს მარცხენა ვინგერის ბუნებრივი პოზიცია უკავია", - წერს CBS Sports.

პასები ბოლო მესამედში: ამ კატეგორიაში კვარაცხელია უკეთესია - ის მოედნის შემტევ მესამედში 85%-იანი სიზუსტით აკეთებს პასებს, ხოლო კიეზას მონაცემი მხოლოდ 72%-ია. სხვათა შორის, ახლახან ატალანტასთან საგარეო მატჩში ხვიჩას ეს მაჩვენებელი უნაკლო ჰქონდა - 100%. 

კიეზას 'ჰითმეფი'

შანსების შექმნა: აქაც ხვიჩას უპირატესობა აშკარაა - ქართველმა მეტი შანსი შექმნა სეზონში, ვიდრე იტალიელმა - 23 15-ის წინააღმდეგ. CBS-ის აზრით, ამის მიზეზი გუდების განსხვავებული თამაშის ტაქტიკაა - "ბიანკონერი გაცილებით დაცვითი გუნდია და აქცენტს კონტრშეტევებზე აკეთებს. იუვემ ისედაც ცოტა შანსი შექმნა (152), ვიდრე ნაპოლიმ (195)". 

კვარაცხელიას 'ჰითმეფი'

გოლები და საგოლე პასები: ორივემ 4-4 გოლი გაიტანა ჩემპიონატში, ხვიჩამ ამას სამი საგოლე პასი დაუმატა, ხოლო კიეზამ - ერთი. იტალიელის xG 3.08-ია, ხოლო ქართველის - 4.96. გამოდის, რომ კიეზა ოდნავ უკეთ ართმევს თავს მომენტებს, ვიდრე ხვიჩა, რომელსაც მეტი მომენტი ექმნება. კარში ზუსტი დარტყმები 13:11-ზეა ხვიჩას სასარგებლოდ, თუმცა ფედერიკო უფრო ზუსტად ურტყამს (38% კარში მიდის, ხვიჩას დარტყმულების მხოლოდ 29%). 

"კიეზა სერიოზული ტრავმის მერე დაბრუნდა, მას თავისი წარმატებები და წარუმატებლობები აქვს მოედანზე, მოუწია პოზიციის შეცვლაც. ის ახალ სისტემას ჯერ კარგად ვერ შეეჩვია, სისტემას, რომელიც მის გარეშეც მუშაობდა. მას მაინც ვერ განვიხილავთ ფორვარდად, უფრო შიგნით შეწეულ ვინგერად", - წერს გამოცემა და აგრძელებს: "თუ ამ ფეხბურთელთა "ჰითმეფებს" შევხედავთ, მათ შორის დიდ მსგავსებას აღმოვაჩენთ. ხანდახან, ტაქტიკურ სქემებზე მეტად ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორ თამაშობენ კონკრეტულად ვარსკვლავები. ცხადია, კიეზა უფრო ხშირად იწევს ცენტრში და შეტევის ხაზში ვლაჰოვიჩთან ტანდემს ქმნის, მაშინ, როცა კვარას ოსიმენი და პოლიტანო ეხმარებიან. ორივე, როგორც კიეზა, ასევე კვარაცხელია, თავიანთი გუნდების გადამწყვეტი ფეხბურთელია. ქაღალდზე შესაძლოა, სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობენ, თუმცა ჩვენ გაჩვენეთ, რომ მათ შორის მსგავსება უფრო მეტია. ორივე მთავარი პერსონაა, ერთი იუვენტუსში, მეორე - ნაპოლიში".

შეგახსენებთ, რომ 14 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატს 35 ქულით მილანის ინტერი ლიდერობს. იუვენტუსი მას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. აი, ჩემპიონი ნაპოლი კი 24 ქულით მხოლოდ მეხუთე ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები