Thumbnail
  • ფედერიკო გატი 3 წლის წინ ჯერ კიდევ მოყვარული ფეხბურთელი იყო
  • მერე, გიგანტური ნაბიჯებით და დიდი შრომით იუვენტუსამდე მიაღწია
  • გატის ადარებენ კიელინის, მაგრამ მისი ამბავი უფრო სხვა ფეხბურთელისას ჰგავს

"მე ამ გუნდისთვის ვცხოვრობ. მზად ვარ, ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაფერი გვერდით გადავდო. მიხარია, რომ ისინიც მეხმარებიან, ეს ჩემი მეორე ოჯახია, მათთან უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე ჩემს ნამდვილ ოჯახთან".

ეს სიტყვები ფედერიკო გატის ეკუთვნის, რომელმაც იუვენტუსს დეკემბერში, მონცასთან უმძიმესი მატჩი მოაგებინა. "მოულოდნელმა გმირმა" იმ თამაშში, 94-ე წუთზე გაშვებული გოლიდან ერთ წუთში ნამდვილი ბომბარდირივით ითამაშა. გატი საჯარიმოში ფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა და გადამწყვეტ დარტყმაში ყველაფერი ჩააქსოვა - ბრაზი, მოტივაცია, ძალა, ვნება და გამარჯვების სურვილი.

ფედერიკოს ეს გოლი ზუსტად გადმოსცემს იმ ხასიათს, რომელიც მიმდინარე სეზონში იუვენტუსს აქვს. ეს ნამდვილად არ არის ისტორიაში საუკეთესო იუვე, ახლოსაც არ არის ამ სტატუსთან, მაგრამ აქვს ის დნმ, რაც იუვეს სხვებისგან ყოველთვის გამოარჩევდა - ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე და ბოლო წამამდე. "ლა ვეკია სინიორას" სლოგანიც ხომ ზუსტად ამას ნიშნავს: Fino alla fine - ანუ, "ბოლომდე".

ჩვენი დღევანდელი სტატიის მთავარი გმირიც სწორედ ფედერიკო გატია - ბიჭი ზღაპარივით ისტორიით.

გატი ფროზინონეში

სულ რაღაც 4 წლის წინ ის მხოლოდ სამოყვარულო დონეზე თამაშობდა პავაროლოში, სალუცოში, ვერბანიაში. ამ კლუბების სახელები ალბათ ბევრს არც არაფერს გეუბნებათ, მაგრამ სწორედ ასე დაიწყო გატის ისტორია, რომელიც ახლა იუვეში და იტალიის ნაკრებში გრძელდება. პირველი პროფესიონალური კონტრაქტი მან სულ რაღაც 3 წლის წინ, 2020 წელს გააფორმა, როცა სერია C-ს კლუბში, პრო პატრიაში ჩაირიცხა.

გარდამტეხი 2021 წელი გამოდგა, როდესაც ფროზინონეს სპორტულმა დირექტორმა გუიდო ანჯელოციმ შეამჩნია. სწორედ მან ირწმუნა პირველმა გატის უნარების და ინტუიციამ არც უმტყუნა - ფედერიკო მალევე იქცა ფროზინონეს დაცვის ლიდერად, თანად გოლებიც გაჰქონდა.

"2 წლის წინ, როცა ვთქვი, რომ გატის კიელინის ფიზიკა და ბონუჩის ფეხები ჰქონდა, ბევრს გაეცინა".

"ეჭვიც არ მეპარებოდა" - თქვა ცოტა ხნის წინ ანჯელოციმ, როცა იუვენტუსში გატის წარმოუდგენელ პროგრესზე ჰკითხეს და განაგრძო: "ფედერიკო ამ ყველაფერს იმსახურებს. ის ქვემოდან მოდის და ყველაფერს შრომით მიაღწია. 2 წლის წინ, როცა ვთქვი, რომ გატის კიელინის ფიზიკა და ბონუჩის ფეხები ჰქონდა, ბევრს გაეცინა. სამაგიეროდ, ახლა ყველა ასე ფიქრობს. ფედე იუვეს სიმბოლო ხდება და ჯერ კიდევ შეუძლია გაუმჯობესება, კონკრეტულად კი, უფრო მეტის გაკეთება შეუძლია შეტევის წამოწყებაში, მაგრამ არ დავივიწყოთ, სად იყო რამდენიმე წლის წინ. ფედეს პროგრესში ალეგრის დიდი წვლილი აქვს, მასთან ძალიან მაგრად იმუშავა".

2022 წლის იანვარში ყველაფერი მზად იყო ტორინოში ტრანსფერისთვის - კლუბში, რომლის აკადემიაში მან 7 წელი გაატარა, მაგრამ მისი შესაძლებლობის მაშინ არ დაიჯერეს. კონტრაქტის გაფორმებამდე აღარაფერი რჩებოდა, როცა საქმეში იუვენტუსიც ჩაერია და თანაქალაქელს ფეხბურთელი ცხვირწინ ააცალა.

გატი იუვენტუსმა ტორინოს წაართვა

მაშინ ბევრი გაკვირვებული დარჩა: კი, მაგრამ რაში სჭირდება იუვენტუსს ფეხბურთელი, რომელსაც პროფესიონალებში 2-წლიანი თამაშის გამოცდილებაც კი არ ჰქონდა? იუვემ ფედერიკო იმ სეზონის ბოლომდე ფროზინონეში დატოვა, 2022 წლის ზაფხულში კი ტურინული თავგადასავალიც დაიწყო. სხვათა შორის, 2021/22 წლების სეზონში ის სერია B-ს საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

გატის ხშირად ადარებენ ჯორჯო კიელინის და იუვენტუსში მის მემკვიდრედაც მიაჩნიათ. ხასიათით, მენტალიტეტით, ბრძოლისუნარიანობით კიელინისთან პარალელის გავლება უადგილო სულაც არ არის - ორივეს აერთიანებს თავგანწირვისა და მოედანზე აბსოლუტურად ყველაფრის გაღების სურვილი. გატისნაირი ტიპები არ ნებდებიან, მათთვის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, არ არსებობს მეტოქის შიში ან რიდი - მინდორზე ყველა თანასწორია, მაგრამ ბრძოლაში მისი დაჩაგვრა ძალიან რთულია.

ფედერიკოს ჯერჯერობით 5 გოლი აქვს იუვეს მაისურით და ყველა შემთხვევაში ეს იყო გადამწყვეტი გოლი, ესთეტიკურად არცთუ დაუვიწყარი, მაგრამ გოლები, რომელთა დავიწყება მაინც ძნელია, რადგან ბრძოლით გატანილი გოლებია. სადებიუტო გოლი შარშან, ევროპალიგაზე ლისაბონის სპორტინგს გაუტანა, იუვესთვის უმძიმეს, უფერულ მატჩში, როცა კარის წინ აღმოჩნდა და შეიძლება ითქვას, ბურთი კარში დაამიწა.

მეორე გოლიც ევროპალიგაზე შეაგდო, იმავე სიტუაციაში, როცა იუვე ამჯერად სევილიასთან წვალობდა, ჯახირობდა, მთელი თამაში უმომენტოდ იყო და 96-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ანგარიში გაათანაბრა. დანარჩენი გოლები მიმდინარე სეზონსა და სერია A-ზე მოდის. იტალიის ჩემპიონატში პირველი გოლი ბედის ირონიით ტორინოს გაუტანა, გუნდს, რომლის გზა გატის ისტორიასთან რამდენჯერმე გადაიკვეთა. ეს გოლიც "გატის გოლია" - უბრძოლველად და მარტივად რომ არ გასულა. მერე იყო მონცასთან ის გოლი, რომლითაც ეს სტატია დავიწყეთ, ამ თამაშიდან ერთ კვირაში კი, იუვეს ნაპოლისთან მოაგებინა - ისევ ცენტრფორვარდის პოზიციაზე აღმოჩენილმა, ფორვარდივით შეარჩია პოზიცია, დაჯაბნა ამირ რაჰმანი და იუვეს არათუ 3 ქულა მოუტანა, ნაპოლიზე შურისძიების შესაძლებლობაც მისცა.


თუმცა, სანამ იუვეს მოულოდნელი გმირი გახდებოდა, მანამდე ფედერიკომ მძიმე გზა გაიარა. ჰო, სწორედ იმ წლებში, როცა სამოყვარულო დონეზე თამაშობდა, პარალელურად მუშაობდა, მძიმედ, ფიზიკურად, როდესაც არემონტებდა სახურავებს, იყო ფანჯრებისა და აგურის ქარხანაში დასაქმებულიც. 17 წლის ასაკში იძულებული გახდა, სკოლა მიეტოვებინა, როდესაც მამა უმუშევარი დარჩა, რათა სახლში ფული მიეტანა. ასე დაიწყო დიდი ფეხბურთისკენ გზა. ეჭვიც არ მეპარება, რომ გატის დღევანდელი პერსონაჟი სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა, სხვაგვარ სცენარში სხვანაირ გატის მივიღებდით.

დილით ძალიან ადრე უწევდა გაღვიძება, რათა ემუშავა და ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა, ხოლო საღამოს უკვე მოედანზე იყო და ვარჯიშობდა. ვარჯიშობდა მძიმედ, ალბათ, ერთადერთი ფიქრით, რომ ერთ დღესაც მიაღწევდა იმ წერტილს, სადაც ახლაა. მაშინაც, იმ რთულ წლებში, ფედერიკო ფეხბურთით ცხოვრობდა. იბრძოდა თავისი მიზნებისთვის, ოცნებებისთვის, ვნებებისთვის და შრომაც დაუფასდა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი არასდროს სჯეროდათ".

"მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი არასდროს სჯეროდათ. თქვენ მაძლევდით ძალას, რომ არასდროს დამეკარგა რწმენა, გამეუმჯობესებინა ჩემი თავი და არასოდეს დავნებებულიყავი", - იტყვის ფედეც ერთხელ, როდესაც ოცნების ახდენა მოახერხა.

ფედერიკო იმ ადამიანის პროტოტიპია, რომელიც არასდროს ნებდება

ალბათ, დღევანდელი გატიც იმ ყველაფრის ნაყოფია, რაც მან გამოიარა. ხასიათი, არასდროს დანებების უნარი და ბოლომდე ბრძოლის ჟინი მაშინ ჩამოუყალიბდა, როდესაც მისი არავის სჯეროდა და ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში ოჯახის დასახმარებლად ფიზიკურად მუშაობა უწევდა.

"2 წლის წინ აგურის მწარმოებელი ვიყავი და კარ-ფანჯრებსაც ვაწყობდი. საღამოს ვვარჯიშობდი ტალახში, გაყინულ მოედნებზე და სიცივეში. ბევრი დადებითი და უარყოფითი გამოცდილება განვიცადე, ყველაფერი ზრდაში დამეხმარა და გამხადა ადამიანი, როგორიც დღეს ვარ. სწორედ დღეს ვაფორმებ ჩემს პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს, ჩემს კონტრაქტს, რადგან ყველაფერი გავაკეთე და გავიღე ამისთვის, ვიბრძოდი ყველაფრისა და ყველას წინააღმდეგ", - წერდა სოციალურ ქსელში 2020 წელს, როდესაც კონტრაქტს ხელი პრო პატრიასთან მოაწერა.

გატის ადარებენ კიელინის, მაგრამ მისი ისტორია უფრო მეტად ალბათ მორენო ტორიჩელის მიესადაგება - 90-იან წლებში იუვენტუსის დაუვიწყარ მცველს, რომელიც სამოყვარულო დონიდან პირდაპირ ტურინულ გრანდში მოხვდა და თითქმის 10 წელი დაცვის ხაზის შეუცვლელი ფიგურა იყო, თანაც, როგორ იუვეში?! ევროპას რომ აზანზარებდა.

დანებებულ ტორიჩელისაც ვერასდროს ნახავდით, მორენო მარჩელო ლიპის დიდი იუვეს ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო პერსონაჟი იყო, რომელიც არავის უშინდებოდა. ფეხბურთის თამაში მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი იყო. "იმედი მაქვს, რომ ვინმეს ექნება ისეთივე ბედი, როგორიც მე მქონდა", - უთხრა ტორიჩელიმ წლების წინ Corriere Dello Sport-ს. იქნებ, ეს სწორედ ფედერიკო გატია?!

მის ძლიერ ხასიათსა და მენტალიტეტზე კიდევ ერთი ამბავი მეტყველებს. მიმდინარე სეზონში იუვენტუსი ერთადერთხელ დამარცხდა სასუოლოსთან (2:4), სადაც გატის 3 გოლში მიუძღვის დიდი წვლილი, ბოლო წუთზე კი სულაც საკუთარ კარში გაიტანა, მართლაც კომიკური ავტოგოლი. ეს იყო მატჩი და მომენტი, რომელიც ალბათ, მენტალურად ოდნავ მაინც სუსტ ფეხბურთელს აუცილებლად გატეხდა, მოახდენდა მასზე გავლენას, მაგრამ არა ფედერიკოზე, რომელმაც სწორედ ამ კოშმარული მატჩის მერე უფრო დიდი ნაბიჯებით დაიწყო წინსვლა. მას შემდეგ ალეგრის დაცვა გატის გარეშე წარმოუდგენელია. ასე რომ, ფედერიკო სირთულემ და სიმძიმემ კი არ გატეხა პირიქით - მეტად გაძლიერებისგან უბიძგა, ეს მოტივაციად გამოიყენა და კიდევ უფრო ამაყი გახდა - როგორც ნამდვილ მეომარს შეეფერება, ფეხზე წამოდგა და ბრძოლა გააგრძელა.

ნაპოლის კარში გატის გოლი

ნაპოლისთან გამარჯვების გოლის შემდეგ, როცა იტალიაში ყველა ისევ გატიზე საუბრობდა, მან წარსულიც გაიხსენა და უახლოესი მიზნებიც გააჟღერა: "მაღაზიაში ხილ-ბოსტნეულის ყუთებს ვცლიდი, კარ-ფანჯრებს ვაწყობდი, სახურავებზეც ვმუშაობდი. ახლა მიზანი ზაფხულში იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაში და პირველ რიგში, იუვესთან ერთად რაღაცის მოგებაა. გუშინ სტადიონზე ჩემი მშობლები ჩემს შეყვარებულთან ერთად მოვიდნენ და ძალიან ბედნიერები იყვნენ. მათი ემოცია უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩემი. ჯერ კიდევ ბევრი რაღაც მაქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ ამ კლუბმა ჩემი ცხოვრება შეცვალა", - უთხრა ნაპოლისთან მატჩის მეორე დღეს ფედერიკომ Rai-ს.

"ის გიგანტური ნაბიჯებით იზრდება, მაგრამ კიდევ აქვს გაუმჯობესების და სწავლის გიჟური სურვილი".

25 წლის მცველს აქებს მასიმილიანო ალეგრიც, რომელიც ასევე ხაზს უსვამს მის განვლილ გზას: "ფედერიკო შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს სასწავლი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 3 წლის წინ სერია C-ში თამაშობდა. გიგანტური ნაბიჯებით იზრდება, მაგრამ მაინც ყოველთვის აქვს გაუმჯობესების და სწავლის გიჟური სურვილი".

მოკლედ, გატი ის ბიჭია, რომელსაც იოლად ვერ გატეხ, რომელიც საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს და რომელსაც შეუძლია, თავისი გუნდის გამო ყველაფერი გაიღოს და თავიც გაწიროს, თუ ეს საჭირო გახდება. ზუსტად ასეთ გუნდში მოხვდა, სადაც თავგანწირვა და ბრძოლა ყოველთვის ფასობდა. ამიტომ, სრულიად დარწმუნებული ვარ, ფედერიკო ნებისმიერი ეპოქის იუვეში ითამაშებდა - ჯოვანი ტრაპატონის, მარჩელო ლიპის თუ ანტონიო კონტეს, არ აქვს მნიშვნელობა - გატი ნებისმიერი იუვეს მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. მან ცოტა ხნის წინ ახალი კონტრაქტიც გააფორმა "ბებერ ქალბატონთან".

ემოცია, ვნება, ბრძოლისუნარიანობა, უდრეკი ხასიათი - გატის მთავარი თვისებები

თანამედროვე ფეხბურთს ნამდვილად აკლია ასეთი ტიპები. ვისთვისაც ფეხბურთი მხოლოდ ფულის შოვნის, გასამდიდრებელი და "კაი ტიპობის" საშუალება არ არის, არამედ ცხოვრებაა. მგონია, რომ ფედერიკო გატიც ფეხბურთს ცხოვრებისთვის თამაშობს, სინამდვილისთვის თამაშობს და ფეხბურთს არაფერი უხდება უფრო მეტად, ვიდრე ნაღდი ადამიანები. მის თითოეულ ემოციაში იკითხება, რომ უფეხბურთოდ არ შეუძლია, მისთვის ეს არის ვნება და ჰობი, საყვარელი საქმე, სიცოცხლეც და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ სამსახური.

...ფედერიკო გატის ისტორია რაღაცნაირად ზღაპარს ჰგავს, რომელსაც აუცილებლად კეთილი დასასრული უნდა ჰქონდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები