Thumbnail
  • 2024 წელი ქართული სპორტისა და მისი ქომაგისთვის გამორჩეულად საინტერესოა
  • საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროზე მოხვედრას მეორედ შეეცდება
  • კალათბურთელთა ეროვნული გუნდი ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლებს
  • წინ გველის ოლიმპიადა, ხელბურთელების ევრო და ლეგენდების მატჩი ბათუმში  

ძალიან საინტერესო მოვლენებით დატვირთული წელიწადი გველის და გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ ჩვენი სპორტის ისტორიაში ახალი ფურცლების ჩაწერის ფაქტების მომსწრენი გავხდებით.

უკვე ნაახალწლევს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები გერმანიაში, მისთვის პირველ ევროპირველობაზე წარსდგება, ჩვენი მოციგურავეები კი ლიუტუვაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ, სადაც ანასტასია გუბანოვა მოქმედი ჩემპიონის რანგში იასპარეზებს. თებერვალში რაგბი ევროპის ჩემპიონატში გამოსვლას დაიწყებენ "ბორჯღალოსნები", ხოლო ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი UFC-ში გამართავენ უმნიშვნელოვანეს ორთაბრძოლებს. ზაფხულში ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე გამოვლენ ჩემპიონი დინამო ბათუმი, თასის მფლობელი საბურთალო, ვიცე-ჩემპიონი დინამო თბილისი და მესამეადგილოსანი ქუთაისის ტორპედო. 

წელი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ფეხბურთელთა და კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებებისთვის, ასევე - სპორტის ოლიმპიური სახეობების წარმომადგენლებისთვის. შესაბამისად, ამ სტატიაში ყურადღება იმ სპორტულ მოვლენებზე გავამახვილეთ, რომლებსაც 2024-ში განსაკუთრებული ინტერესით ველოდებით.  

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფი

📅 21 მარტი | ⚽ 1/2 ფინალი | 🏟️ საქართველო V ლუქსემბურგი

📅 26 მარტი | ⚽ ფინალი | 🏟️ საქართველო/ლუქსემბურგი V საბერძნეთი/ყაზახეთი

ის, რასაც მომავალი წლისგან ქართველი გულშემატკივარი ყველაზე მეტად ელოდება, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლაა. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული, ჩვენი ეროვნული გუნდი დიდ საერთაშორისო ტურნირზე მოხვედრას საკვალიფიკაციო ეტაპებიდან ვერასდროს ახერხებდა, უეფას ერთა ლიგის გზით კი ამ ოცნების ახდენასთან ძალიან ახლოს ერთხელ უკვე კი იყო, თუმცა ევრო 2020-ის საგზურისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონია ვერ დაამარცხა… 

საქართველოს პლეი ოფით ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ზედიზედ მეორედ აქვს

ახლა მეორე ასეთი შანსი გვაქვს. საქართველოს ნაკრები, როგორც ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფის გამარჯვებული, გაზაფხულზე ევროსაგზურისთვის ლუქსემბურგთან, ყაზახეთთან და საბერძნეთთან იბრძოლებს. პლეი ოფის ნახევარფინალები 21 მარტს გაიმართება. ვილი სანიოლის გუნდი ლუქსემბურგს უმასპინძლებს, საბერძნეთი კი ყაზახეთს მიიღებს. წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს ევროსაგზურისთვის უკვე ფინალში, 26 მარტს შეხვდებიან. წილისყრით გადაწყდა, რომ ფინალს საქართველო-ლუქსემბურგის წყვილში გამარჯვებული მიიღებს და ამგვარად, საქართველო თუ პლეი ოფის ფინალში გავა, ისევ მასპინძელი იქნება. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგთან თამაშს სფფ-ის შეცდომისა და დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს ხვიჩა კარაცხელია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ნახავერფინალურ ბარიერს ნაპოლის ვარსკვლავის დახმარების გარეშეც დავძლევთ, ფინალს კი მასთან ერთად მოვიგებთ.

და თუკი საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, გერმანიაში, ტურნირის ფინალურ ეტაპზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია ეყოლება. ცნობილია ისიც, რომ ვილი სანიოლის გუნდი პირველ მატჩს დორტმუნდში, თურქეთთან გამართავს, მეორე ტურში ჩეხეთს ჰამბურგში ეთამაშება და ბოლოს, პორტუგალიას გელზერკირხენში დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რიგით მე-17, 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიის ქალაქებში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება. დღეისათვის ტურნირის მონაწილე 24 ნაკრებიდან 21 ცნობილია, დარჩენილი 3 კი მარტის პლეი ოფში გამოვლინდება. ტურნირი "ალიანც არენაზე" გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩით დაიწყება. ჯგუფებიდან შემდეგ ეტაპზე გამოსვლას 2-2 გამარჯვებული გააგრძელებს, ასევე 6-დან 4 საუკეთესო მესამედგილოსანი.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 

📅 26 ივლისი-11 აგვისტო | 🏟 პარიზი 2024

მსოფლიო სპორტში წლის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებია, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი უმასპინძლებს. პარიზი, სადაც თამაშები 1900 და 1924 წლებშიც ჩატარებულა, ზაფხულის ოლიმპიადას ისტორიაში მესამედ მიიღებს.

ცნობილია, რომ მომავალ ოლიმპიადაზე მედლებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 10 500-მდე სპორტსმენი, სპორტის 32 სახეობაში (48 დისციპლინაში) იბრძოლებს. საკითხის ხანგრძლივი განხილვის, უკრაინის და მის მხარდამჭერთა პროტესტის მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა თამაშებში მაინც დაუშვა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, ოღონდ, მხოლოდ ინდივიდუალურად, ნეიტრალური ათლეტების რანგში - ეროვნული სიმბოლიკის, მათი ქვეყნის დროშისა და ჰიმნის გარეშე და გარკვეული პირობებით. 

პარიზში ზედიზედ მესამე ოლიმპიური ოქროსთვის ლაშა ტალახაძე იბრძოლებს

პარიზის თამაშები რიგით მე-8 ზაფხულის ოლიმპიადა იქნება, რომელშიც საქართველო დამოუკიდებელ ქვეყანად იქნება წარმოდგენილი. ჩვენი ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა მოგვიანებით დაზუსტდება და არ არის გამორიცხული, იქ პირველად ისტორიაში, წარმომადგენელი გუნდურ სახეობაშიც გვყავდეს. პარიზში მოხვედრას საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები შეეცდება, რომლის გამოწვევებსა და მიზნებზე ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ. აქ კი აღვნიშნავთ, რომ ოლიმპიური მედლების მოპოვების შანსი, კვლავინდებურად, ძალოსნობაში, ძიუდოში და ჭიდაობის სახეობებში გვექნება.

მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონატის მოგების შემდეგ ტატო გრიგალშვილი პარიზშიც მედლისთვის იბრძოლებს

1996 წლიდან მოყოლებული, საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში მოპოვებულ 40 მედალს ითვლის, საიდანაც 10 ოქრო, 12 ვერცხლი და 18 ბრინჯაოა. ხარისხობრივად საუკეთესო შედეგი 2008 წელს, პეკინში გვქონდა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა (35 მონაწილე) 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს, მედლების რაოდენობით კი ჩვენთვის გამორჩეული ბოლო, 2020 წლის ოლიმპიადა იყო. ტოკიოში, სადაც თამაშები პანდემიის გამო ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა, საქართველომ (35 მონაწილე) 8 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. ბუნებრივია, პარიზში წინა შედეგების გაუმჯობესების იმედით გავემგზავრებით!

ნინო სალუქვაძე ზედიზედ მეათე ოლიმპიადაზე გამოვა

აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიადის პირველი ლიცენზია ჩვენს ქვეყანას ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ მოუტანა. 54 წლის ტყვიის მსროლელი, რომელსაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული, ოლიმპიადაზე ზედიზედ მეათედ იასპარეზებს. თამაშების ისტორიაში ათ ოლიმპიურ თამაშებზე ქალ სპორტსმენს ჯერ არ უასპარეზია, ხოლო ერთადერთი, რომელიც ოლიმპიადაზე 9-ჯერ გამოსულა, თავად სალუქვაძე გახლავთ.

ოლიმპიადის და ევრობასკეტის საგზურებისთვის

📅 23-26 თებერვალი | 🏀 ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი

📅 2-7 ივლისი | 🏀 ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი

📅 21-24 ნოემბერი | 🏀 ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი

საქართველოს კალთბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე 2011 წლიდან მოყოლებული სისტემატურად თამაშობს (5 ევრობასკეტი), 2023-ში უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამოვიდა, 2024-ში კი შანსი აქვს, ახალი ისტორია დაწეროს - მოიპოვოს პარიზის საგზური და გახდეს საქართველოს პირველი წარმომადგენელი გუნდურ სახეობებში, რომელიც ოლიმპიადაზე იასპარეზებს. ზოგადად კი, 2024 წელი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისთვის, რომელსაც ილიას ზუროსის წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელი დასანიშნი ჰყავს, საკმაოდ დატვირთულია. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირთან ერთად, გუნდს ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ციკლიც ელის. 

საქართველოს ნაკრები უკვე თებერველში ევრობასკეტის შესარჩევ G ჯგუფში დაიწყებს გამოსვლას, სადაც მეტოქეებად ფინეთი, სერბეთი და დანია ჰყავს. პირველ მატჩს 23-ში სტუმრად დანიასთან გამართავს, 26-ში სერბეთს უმასპინძლებს. ტურნირს გუნდი შემოდგომით ფინეთთან მატჩებით დაუბრუნდება - 21 ნოემბერს სტუმრად ეთამაშება, სამი დღის შემდეგ კი - შინ. ბარემ აქვე აღვნიშნავთ, რომ ევრობასკეტის შესარჩევ ციკლს 2025 წლის თებერვალში, შინ დანიასთან (21 თებერვალს) და სტუმრად სერბეთთან (24 თებერვალს) მატჩებით დავხურავთ. 

წინა ევრობასკეტის შესარჩევში საქართველომ სერბეთში 94:90 მოიგო

მომავალ ევრობასკეტს 2025 წლის 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ოთხი ქვეყანა უმასპინძლებს: ფინეთი, კვიპროსი, პოლონეთი და ლატვია და იქ 24 ნაკრები იასპარეზებს. საკვალიფიკაციო G ჯგუფში, რომელშიც ფინეთი, როგორც მასპინძელი, უკონკურსოდ გამოდის, საქართველოს მიზანი სხვა ორ საუკეთესოს შორის მოხვედრა იქნება.

რაც შეეხება ოლიმპიადის საგზურის მოპოვების შანსს, ქართველ კალათბურთელებს თამაში 2-7 ივლისს, რიგაში დაგეგმილ მინი-ტურნირში მოუწევთ, სადაც ჯგუფში მეტოქეებად მასპინძელი ლატვია და ფილიპინები ეყოლებათ. 2 ივლისს ლატვიას ვეთამაშებით, 4-ში კი ფილიპინებს. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ჯვარედინი პრინციპით პარალელური ჯგუფის (ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი) რომელიმე წარმომადგენელს ნახევარფინალში შევხვდებით, ოლიმპიადაზე კი ამ 6 გუნდიდან საუკეთესო წავა.

საქართველოს ნაკრები შესარჩევ მატჩებს რიგის არენაზე ჩაატარებს

პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში მონაწილეობას 12 ნაკრები მიიღებს, რომელთაგან 8 უკვე გარკვეულია. თამაშებზე მასპინძლის რანგში წარსდგება საფრანგეთი, დანარჩენი 7 გუნდი კი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაირკვა კონტინენტური ქვოტების მიხედვით. ესენი არიან: სამხრეთ სუდანი (აფრიკა), აშშ, კანადა (ორივე - ამერიკა), იაპონია (აზია), სერბეთი, გერმანია (ორივე - ევროპა) და ავსტრალია (ოკეანეთი).

პირველად ევროპის ჩემპიონატზე

📅 10-28 იანვარი | 🤾‍♂️ ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში

წლის დასაწყისში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს უნდა ვუქომაგოთ, რომელმაც უდიდესი სენსაცია მოახდინა, საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში უძლიერესი უნგრეთი (31:30) დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. 

ქართველმა ხელბურთელებმა ისტორია დაწერეს

2024 წლის ევროპირველობას 10-28 იანვარს, გერმანია მასპინძლობს, მატჩებს კი კიოლნი, ჰამბურგი, მანჰაიმი, მიუნხენი და დიულედორფი მიიღებენ. ტურნირში კონტინენტის 24 უძლიერესი ნაკრები, ექვს ოთხგუნდიან ჯგუფში იასპარეზებს, საიდანაც 2-2 საუკეთესო გამოსვლას ძირითად რაუნდში, ორ ექვსგუნდიან ჯგუფში გააგრძელებს. ამ ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები ჯვარედინი პრინციპით ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, ჩემპიონი კი 28 იანვარს, კიოლნის Lanxess Arena-ზე გამოვლინდება, რომელიც 20 ათასამდე გულშემატკივარს იტევს.

რაც შეეხება ტიტე კალანდაძის გაწვრთნილ გუნდს, ჩვენი ნაკრები E ჯგუფში მოხვდა და მანჰაიმში შვედეთს, ნიდერლანდებსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდება. ქართველ ხელბურთელებს სასტარტო მატჩი 11 იანვარს ნიდერლანდელებთან ელით, 13-ში შვედეთთან ითამაშებენ, 15-ში კი - ბოსნია ჰერცეგოვინასთან.

დასანანია, რომ საქართველოს ნაკრებს გერმანიაში ფრანგული შამბერის ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ კალანდაძე ვერ დაეხმარება. 21 წლის ტალანტმა დიდი როლი ითამაშა ნაკრების წარმატებაში, მაგრამ სამწუხაროდ, მოგვიანებით საფრანგეთის ჩემპიონატში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. 

ნიკოლოზ კალანდაძე, ტიტე კალანდაძე და გიორგი ცხოვრებაძე

სასიხარულოა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ლიდერის, გერმანულ გუმერსბახში მოთამაშე გიორგი ცხოვრებაძის ფორმაში ყოფნა. ევრო 2024-ის შესარჩევის საუკეთესო ბომბარდირი (6 მატჩი, 42 გოლი) კარს მომდგარ ევროპირველობას მოსამზადებელ თამაშებში ნაჩვენები ჩვეული მაღალი შედეგიანობით ხვდება.

Legend Series: საქართველოს ლეგენდები VS ინტერის ლეგენდები

მარტში, სანამ საქართველოს ეროვნული გუნდი ევრო 2024-ის პლეი ოფს ითამაშებს, ქართველ გულშემატკივარს სუპერმატჩი ელოდება - ბათუმში საქართველოს ნაკრების ლეგენდები მილანის ინტერის ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება "ევროპაბეთის" ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში. 

მატჩის ზუსტი თარიღისა და ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია იანვრიდან გავრცელდება. გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, ბილეთები მაქსიმალურად შეღავათიან ფასში შეიძინოს, ისარგებლოს სპეციალური შეთავაზებებით და გახდეს დიდი ზეიმის მონაწილე.

უკვე ცნობილია, რომ GEO11-ის შემადგენლობაში აუცილებლად ითამაშებენ ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ერთ-ერთი რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, გამორჩეული მებრძოლი და ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია. 

ინტერის ლეგენდების გუნდში ითამაშებენ ოქროს ბურთის მფლობელი ლუიშ ფიგუ, ამ კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მარკო მატერაცი და არგენტინელი ესტებან კამბიასო - ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს ტრებლის მომგები გუნდიდან. ინტერის იმ ლეგენდარული შემადგენლობიდან ბათუმში მოედანზე ჯამში 9 (!) ფეხბურთელი გავა.

თემურ ქეცბაია, ფაბიო გალანტე, “ევროპაბეთის” აღმასრულებელი დირექტორი მაია კოპინაძე,
შოთა არველაძე და ესტებან კამბიასო

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ იქნება ერთჯერადი პროექტი. "ევროპაბეთის" ორგანიზებით და Sports Orient-თან პარტნიორობით, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების ჩამოსვლა და ქართული ფეხბურთის ვეტერან ვარსკვლავებთან თამაშები საქართველოში ტრადიციად უნდა ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, ინტერის ლეგენდების სტუმრობა მხოლოდ დასაწყისია.

კომენტარები

ბოლო ამბები