Thumbnail
  • ფრანც ბეკენბაუერი 78 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ მისი სახელი უკვდავია
  • კაიზერ ფრანცი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე “მხოლოდ” გერმანიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი

“თუ ფრანცი ფანჯრიდან გადახტება, ზემოთ გაფრინდება.”

წარმოიდგინეთ, რამდენი რამ უთქვამთ და დაუწერიათ გერმანიაში ფრანც ბეკენბაუერზე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა, რასაც მასზე ამბობდნენ, ეს არის. ასე ლაპარაკობდნენ მასზე ბავშვები სკოლებში, როცა ის გერმანიის ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. მერე საფეხბურთო გერმანიამ მას კაიზერ-ფრანცი შეარქვა და ამ მეტსახელმა ბეკენბაუერის სახელი უკვდავყო. როცა ფეხბურთელს კაიზერს არქმევენ, ის არ შეიძლება მოკვდეს. ფანჯრიდანაც რომ გადახტეს, გაფრინდება.


60-იან წლებში ერთმა მისმა ბაიერნელმა თანაგუნდელმა თქვა: “როცა ჩვენ მატჩის წინ გახურებას ვიწყებდით, ფრანცი სწორედ მაშინ დუნდებოდა და ეშვებოდა.”

ეს წინადადება მხოლოდ იქიდან არ მოდის, რომ ბეკენბაუერი მხრებგამართული დარბოდა და მთელი ცხოვრება გერმანულ თავდაჭერილობასთან, სიმშვიდესთან და გერმანულ აუღელვებლობასთან ასოცირდებოდა. ეს წინადადება არც მხოლოდ იქიდან მოდის, რომ “ხარების” (პაულ ბრაიტნერი), “ბომბერების” (გერდ მიულერი) და სხვების კომპანიაში სრულყოფილ ჯენტლმენად ჩანდა. ეს ფრაზა პირველ რიგში იმის დასტურია, რომ კაცი, რომელსაც ყმაწვილკაცობაშივე უწოდეს “კაიზერი”, თავისი ნიჭითა და სტილით იმდენად აღემატებოდა თავის თანაგუნდელებს, რომ თამაშის დაწყების წინ, როცა სხვები მძიმედ შრომობდნენ, თვითონ მსუბუქად მოძრაობდა და სამაგიეროდ, ისეთ შთამაგონებელ ფრაზებს ისროდა, რომ გარშემო ყველას მოტივირებას ახერხებდა.

მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატზე ფრანც ბეკენბაუერი გერმანიის მთავარ მწვრთნელ ჰელმუტ შიონსაც მართავდაო - მასზე ამასაც ამბობენ.

ფრანც ბეკენბაუერმა გერმანიას აჩვენა, რა არის თავდაჭერილობა, სიმშვიდე და აუღელვებლობა. “კაიზერ ფრანცამდე” გერმანიის იკონური ფეხბურთელები ფრიც ვალტერი და უვე ზეელერი იყვნენ - ორი აზრი არ არსებობს, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგრამ მათი თამაში აგრონომია, აგრიკულტურა, მიწათმოქმედება იყო და სარეცხი საპნის სუნი ასდიოდა. ვალტერი მუშათა კლასის ტიპურ წარმომადგენელს ჰგავდა, ზეელერი - სმოკინგში გამოწყობილ პენსიონერს, რომელმაც მთელი დღე ნავსადგურში იმუშავა. ბეკენბაუერი კი არ ოფლიანდებოდა. თითით საჩვენებელ, საოცნებო კარიერაში მას უამრავი თასი აქვს აწეული და ყველა ფოტოსა თუ ვიდეოში ისე გამოიყურება, თითქოს საშხაპიდან ახალი გამოსულია, უკვე კრემებიც წასმული აქვს და სუნამოც დასხმული.

მოკლედ: ბეკენბაუერი დემონსტრირებდა იმას, რომ მუშაობა ყოველთვის ოფლსა და ტანჯვას არ ნიშნავს.

ფრანც ბეკენბაუერი, უვე ზეელერი და ჰელმუტ შიონი

ის “King of Cool ფეხბურთელი” იყო. როგორც ფრენკ სინატრამ თავისი Rat Pack ან პოლ მაკარტნიმ Beatles, ბეკენბაუერმა თავისი ლიდერობით დიდებულ ეპოქაში შეიყვანა მიუნხენის ბაიერნი და მთელი გერმანული ფეხბურთი. გვერდით ისეთი სტრატეგები და ლიდერული ნიჭით დაჯილდოებული ხალხი ჰყავდა, როგორებიც ული ჰიონესი და პაულ ბრაიტნერი იყვნენ, მაგრამ ბეკენბაუერის აურის, მისი ელეგანტურობის ფონზე ისინი ახალბედებს, დამწყებებს ჰგავდნენ.

ბეკენბაუერმა მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა - ფეხბურთელის რანგში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, თასების მფლობელთა თასი და ქვეყნის ჩემპიონობები თუ თასები იმდენჯერ, თვითონაც ვერ დაითვლიდა. მწვრთნელის ლიცენზიის გარეშე, მაგრამ მწვრთნელის რანგში მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი.

18 წლის იყო, ბაიერნში პირველი კონტრაქტი რომ გაუფორმეს (ხელფასი: 160 მარკა). 19 წლის იყო, როცა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი გახდა. 23 წლის ასაკში უკვე გერმანიის ჩემპიონი იყო, 27 წლისამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 29-ის იყო, მსოფლიო თასი რომ აღმართა. 31 წლის ბეკენბაუერმა ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა თასი (დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა). კაპიტნის სამკლავური მკლავზე ტატუირებულივით ჰქონდა.

როცა უკვე მწვრთნელის რანგში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, 44 წლის იყო. სწორედ მაშინ, 1990 წლის მუნდიალის ფინალის შემდეგ გადაუღეს ცხოვრებისა და კარიერის ყველაზე ცნობილი ვიდეოკადრი: როგორ სცემს ბოლთას კაიზერი რომის “ოლიმპიკოს” მინდორზე, ოქროს მედლით. ზუსტად არავინ იცის, რას ფიქრობდა იმ მომენტში. ბევრჯერ უთქვამს ჟურნალისტებისთვის, ჩემს ცხოვრებაში უმეტესი რაღაცები უბრალოდ მოხდაო. იღბალიც სულ თან დაჰყვებოდა.


გერმანიაში, ქვეყანაში, სადაც ფეხბურთს ხშირად რადიკალური სერიოზულობით უყურებენ, თითქოს თამაში კი არა, საჰაერო-კოსმოსური სივრცის მეცნიერება იყოს, ან მინიმუმ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად აღიქვამენ, ზუსტად ამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა აჩვენა, რომ ფეხბურთი გართობაა.

ის ფაქტი, რომ მისი ხშირად უდარდელი მიდგომები, მისი სიმსუბუქე, სიმშვიდე და ნდობა თავისი, თითქოს დაუსრულებელი იღბლიანობისა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის სკანდალმა შეურაცხყო, ბედის დაცინვაა.

საზოგადოებამ, რომელსაც შეცდომების პატიება არ უყვარს და რომელსაც მოსწონს, როცა წარმატებული ადამიანები უცებ ყირავდებიან და ჩრდილი ადგებათ, არა მარტო საფეხბურთო, არამედ სრულიად გერმანიის ერთ-ერთი ნათელი წერტილი ბეკენბაუერი დაუნდობლად დაანარცხა მიწაზე.

2006-ში კაიზერი მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 10 წლის შემდეგ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. გამოძიება არკვევდა თანხების გადარიცხვებს მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტიდან კატარელი ფუნქციონერისკენ, მოჰამედ ბინ ჰამამისკენ, რომელმაც, როგორც ჩანდა, დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 2006 წელს გერმანიას ემასპინძლა.

ფრანც ბეკენბაუერი და ალესანდრო დელ პიერო 2006 წლის მუნდიალის ფინალის დაჯილდოებაზე

უფრო კონკრეტულად: საქმე ეხებოდა 6,7 მილიონ ევროს, რომელიც მაშინ გერმანიის საფეხბურთო კავშირიდან ფიფაში გადაირიცხა. ოფიციალურად მითითებული იყო, რომ ეს თანხა დაგეგმილი გახსნის ცერემონიალისთვის იყო გათვალისწინებული, მაგრამ რეალურად ამაში არ გამოიყენეს. ეს თანხა გერმანიის საფეხბურთო კავშირმა თავის დროზე “ადიდასის” ყოფილ შეფს, რობერტ-ლუის დრეიფუსს გადაახდევინა. ეს უკანასკნელი 2009 წელს გარდაიცვალა.

არადა, ფრანცი 2006 წლის მუნდიალით ძალიან ამაყობდა. იმ ჩემპიონატს თავის შვილად მოიხსენიებდა. როგორც საორგანიზაციო კომიტეტის შეფს, ამის საფუძველიც ჰქონდა, რადგან 2006 წლის მუნდიალი ყველა დროის ყველაზე უკეთ ორგანიზებულ მუნდიალად მიიჩნევა. მაგრამ 10 წლის შემდეგ ატეხილმა სკანდალმა ბეკენბაუერს უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არაფერია დამტკიცებული, არც შავი ბუღალტერია და არც მუნდიალის მასპინძლობისთვის ხმების ყიდვა, მისი ძეგლი მაინც გაიბზარა და მოირყა. როგორც ხდება ხოლმე.

მისთვის, პედანტი ვორკაჰოლიკისთვის, რომელიც ყოველთვის ბევრს მუშაობდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ხალხს არ ეფიქრა, 2006 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება ფულით იყიდაო.

ამას დაემატა შვილის, შტეფანის გარდაცვალებაც, რომელიც ტვინის სიმსივნესთან ბრძოლაში 46 წლისა დამარცხდა. ფრანცი სიცოცხლის ბოლო წამამდე მასთან იყო. “ბილდის” ცნობილი ავტორი ალფრედ დრაქსლერი თავის სვეტში წერს, შტეფანის დასაფლავებაზე ფრანცს რომ ვუყურებდი, გული მომიკვდა, რადგან მანამდე მუდამ მხრებგამართული და თავაწეული, პირველად ვნახე წელში მოხრილი და თავდახრილიო.

მას შემდეგ კაიზერ ფრანცი, ისეთი, როგორსაც მანამდე იცნობდნენ და ხედავდნენ, აღარავის უნახავს.

მოგვიანებით ნათქვამი აქვს: “შტეფანის სიკვდილი ჩემი ცხოვრების უდიდესი დანაკარგია. მანამდე არ ვიცოდი, რას ნიშნავდა, გქონდეს რაიმე პრობლემა, არ ვიცოდი, რა იყო ტკივილი.”

ბეკენბაუერის ბოლო ცნობილი ფოტო

ფრანც ბეკენბაუერმა, როგორც ფეხბურთელმა, მსოფლიოს ახალი გერმანია გააცნო - როგორც მშვიდობიანი და მხიარული ქვეყანა. რასაც პოლიტიკოსები წლების მანძილზე ვერ ახერხებდნენ, მიუნხენელმა ფეხბურთელმა შეძლო.

ის მუშათა კლასის უბან გიზინგში იყო დაბადებული. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 4 თვეში დაიბადა. მამა ფოსტის თანამშრომელი იყო. დედამ, რომელსაც ყოველთვის ყოველდღე ურეკავდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, მთავარ სადგურზე წაიყვანა, სადაც გერმანელები მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონების მატარებელს ელოდებოდნენ. იმ დღეს 8 წლის ფრანცს დედისთვის უთქვამს, მეც დიდი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო. სინამდვილეში ყველაზე დიდი ფეხბურთელი გამოვიდა. გერმანიის მასშტაბით ულაპარაკოდ ყველაზე დიდი და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი.

1947 წელი: 2 წლის ფრანცი დედასთან ერთად

გაზეთი “ზუდდოიჩე ცაითუნგი” წერს, ბეკენბაუერთან ერთად გერმანული თავდაჭერილობის და სიმშვიდის საუკეთესო განსახიერება წავიდა და ქვეყანაში არავინ ჩანს, ვინც მას ამაში შეცვლისო.

78 წელი იცოცხლა. აქედან 60 წელი კაიზერი იყო და როცა მართლა გადახტა ფანჯრიდან, პრინციპში, მალევე გაფრინდა ზემოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები