Thumbnail

ახალი წლის დღესასწაულებმა ჩაიარა და როგორც იქნა, სპორტული სამყაროც ნელ-ნელა გამოფხიზლებას იწყებს. MMA-ს შემთხვევაში, “სამყაროში”, რა თქმა უნდა, შერეული ორთაბრძოლების მთავარი ორგანიზაციები იგულისხმება.


2024 წლის პირველი ივენთებისთვის მომზადების გარდა, ბოლო დღეებში არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი დაანონსდა. ამ ანონსებს შორის, ქომაგებში განსაკუთრებით აქტიური განხილვა ორმა ბრძოლამ გამოიწვია: ჩარლზ ოლივეირა VS არმან ცარუკიანი და დასტინ პორიე VS ბენუა სენ დენი. 

…და საქმე იმაშიც კი არაა, რომ აქედან ერთ-ერთი მატჩი 155 ფუნტის ტიტულზე მთავარ პრეტენდენტს გამოავლენს. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ორივე ბრძოლა აბსოლუტურად მოულოდნელი იყო და მსუბუქი დივიზიონის დასტა, უკვე მერამდენედ, სრულიად აირია.

დღეს ვეცდებით, ამ არეულობაში ცოტა დავლაგდეთ და გავარკვიოთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სიახლეები დივიზიონის მომავლისთვის.

დასტინ პორიე vs. ბენუა სენ დენი (UFC 299)

რაღა დაგიმალოთ, ანონსიდან უკვე დღეები გავიდა, მე კი კვლავ არ მესმის, ამ მატჩის იდეა საერთოდ საიდან დაიბადა… ან რატომ… ან რანაირად. არასწორად არ გამიგოთ: თავად ბრძოლა აბსოლუტურ ფოიერვერკებს გვპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ის UFC 299-ის 5-რაუნდიან co-main ივენთადაა ჩანიშნული, ძალიან გამიკვირდება, თუ მასში ფინიშს არ ვიხილავთ. პორიეც და სენ დენიც ფანტასტიკური მებრძოლები არიან და მოსაბეზრებელი გამოსვლები არც ერთს ახასიათებს. უბრალოდ, იშვიათია, დივიზიონის მე-3 ნომრის მე-12 ნომერთან დაპირისპირება ვიხილოთ.

ბენუა სენ დენის მხრიდან ამ ბრძოლაზე თანხმობა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გასაგებია. მოგების შემთხვევაში, ის რანგებში საგრძნობლად წინ წაიწევს და, დიდი ალბათობით, ეგრევე TOP 5-ში აღმოჩნდება. თუმცა რატომ დათანხმდა ამ ბრძოლაზე 34 წლის ყოფილი დროებითი ჩემპიონი პორიე? ამ კითხვაზე ვერცერთ ლოგიკურ პასუხს ვერ ვპოულობ.

საქმე იმაშია, რომ პორიე ამ მატჩში გამარჯვებით ვერაფერს მოიგებს. საუკეთესო შემთხვევაში, დაამარცხებს ოპონენტს, რომელიც უდავოდ ნიჭიერია, თუმცა აქამდე დივიზიონის TOP 15-შიც კი არ შედიოდა. რაც შეეხება მარცხის შესაძლებლობას: გასულ აგვისტოში გეიჯისთან დანოკაუტების შემდეგ, სენ დენისთან წაგება პორიესთვის კატასტროფული იქნება. ეგრევე შეუძლია დაემშვიდობოს ტიტულზე ბრძოლის ყოველგვარ ამბიციებს, თუ ასეთი კიდევ გააჩნია. ხოლო თუ პორიეს ამ ეტაპზე ტიტული აღარ აინტერესებს და უბრალოდ “დიდ” ჩხუბებში მონაწილეობა სურს - ამ მიზნის მისაღწევად ბენუა სენ დენი ძალიან არასწორი ოპონენტია. ფრანგი უაღრესად სახიფათო მეტოქეა, რომელსაც ფანების უმეტესობა ჯერ საერთოდ არ იცნობს. ეს ბრძოლა UFC 300-ზე მაინც რომ ჩანიშნულიყო, დასტინის მხრიდან საიუბილეო ქარდზე ბრძოლის სურვილით მაინც ავხსნიდით… ახლა კი, ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ეს მატჩი “The Diamond”-ისთვის უამრავ რისკსა და თითქმის არავითარ მოგებასთანაა ასოცირებული. 

რაც შეეხება UFC 300-ს…

ჩარლზ ოლივეირა vs. არმან ცარუკიანი (UFC 300)

...წინა ბრძოლისგან განსხვავებით, ამ მატჩის ჩანიშვნის მიზეზები აბსოლუტურად ნათელია. კი, ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ჩარლზ “Do Bronx” ოლივეირა დივიზიონის მოქმედ მეფეს, ისლამ მახაჩევს შეხვდებოდა… თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მახაჩევი ტრავმირებულია და შეჯიბრს ზაფხულამდე ვერ გამართავს. შესაბამისად, UFC-ს მატჩმეიქერებმა ოლივეირას ლოგიკური ალტერნატივა შესთავაზეს: შეუჩერებელი არმან ცარუკიანი, რომელმაც გასულ დეკემბერს ბენილ დარიუში გაანადგურა.

ბევრ ქომაგს კი გაუკვირდა, რატომ დათანხმდა ოლივეირა ამ ძალიან სახიფათო ბრძოლაზე, თუმცა, ჩემი აზრით, გასაკვირი არაფერია: ოლივეირამ მახაჩევთან რევანშის შანსი ოქტომბერში დაკარგა, როდესაც UFC 294-ზე ჩანიშნულ ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა. რა თქმა უნდა, ტრავმა მატჩის ხელახლა ჩანიშვნისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი მიზეზია, თუმცა მკითხველმა ჩემზე უკეთ იცის, რომ ამ სპორტში გარანტიები არ არსებობს, ლოდინს კი სარგებელი იშვიათად მოაქვს. ოლივეირას მხრიდან ალტერნატივაზე უარის თქმის შემთხვევაში, მახაჩევის მომავალი ბრძოლა საერთოდ სხვა მეტოქესთან შეიძლებოდა ჩანიშნულიყო. ცარუკიანთან დაპირისპირება კი (რისკის მიუხედავად), დივიზიონის ტიტულზე მთავარი პრეტენდენტის ვინაობას მკაფიოდ განსაზღვრავს მაინც.

MMA ბიზნესის ჩახლართულ ასპექტებს ცოტახნით რომ გავცდეთ, ეს ბრძოლა ფანებისთვის ნამდვილი საჩუქარია. მოჭიდავესა და ჯიუ-ჯიცუს ოსტატის უნიკალური დაპირისპირება - თანამედროვე, ტექნიკური, ელიტარული MMA-ს მაგალითი, რომელზეც ბოლო კვირები ჩუმად ვოცნებობდით… და მივიღეთ კიდეც. ერთი სიტყვით, პორიე-სენ დენისგან განსხვავებით, ოლივეირა-ცარუკიანის შემთხვევაში საწუწუნო არაფერი გვაქვს.

რას ნიშნავს ეს ბრძოლები დანარჩენი დივიზიონისთვის?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს ორი ანონსი ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. მაგალითად: პირადად მე მეგონა, რომ დასტინ პორიე ბენილ დარიუშს დაუპირისპირდებოდა, ხოლო ჩარლზ ოლივეირა - ისლამ მახაჩევს. თუმცა, MMA ხომ სწორედ იმისთვის მოიგონეს, რომ ყველაფერი თავდაყირა დააყენონ ხოლმე.

ასეთ პირობებში, რამე კონკრეტული ვარაუდის და პროგნოზის გაკეთება რთულად კი არა, ცოტა უაზროდაც მეჩვენება… თუმცა, მეც ხომ სწორედ იმისთვის ვარსებობ, რომ უაზრო ვარაუდები ვაკეთო. ამიტომ, გიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს:

თუკი, როგორც დანა უაითი ამბობს, მახაჩევი ტრავმირებულია და ზაფხულამდე ვერ იბრძვის, ჩემპიონის მომავალ ოპონენტს კი ნამდვილად ცარუკიანი-ოლივეირას მატჩი განსაზღვრავს… ყველა მზერა ახლა ჯასტინ გეიჯისკენ უნდა იყოს მიმართული: ბოლო ორ დღეში საგრძნობლად გაიზარდა იმის ალბათობა, რომ “The Highlight” საკუთარ BMF ქამარს მართლა მაქს ჰოლოვეითან დაიცავს. და, რა თქმა უნდა, სულაც არაა გამორიცხული, რომ ეს ბრძოლა UFC 300-ს main ან co-main ივენთად ჩაინიშნოს. 

რაც არ უნდა იყოს…

მსუბუქი წონა კვლავაც MMA-ს ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ და საინტერესო დივიზიონად რჩება. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით უცნობია ტრავმირებული დენ ჰუკერისა და რაფაელ ფიზიევის სტატუსი, ასევე ბუნდოვანია ბენილ დარიუშის და ჯაილინ ტერნერის მომავალი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომდევნო კვირებში არაერთი სიახლე და სიურპრიზი გველის. როგორ განვითარდება მოვლენები ამ “მუსიკალური სკამების” თამაშში, ვინ მოასწრებს დაჯდომას, ვინ კი - ფეხზე დარჩება… დრო გვაჩვენებს.

Dudey
Dudey - კრისტინა ავსარქისოვას ფსევდონიმი და სასცენო სახელია. ელექტრონული მუსიკოსი და Windfor’s Tbilisi-ს კრეატიული ქოფირაითერი. ის ბოლო 6 წელი თითქმის ყოველ კვირა დღეს, გამთენიისას, ოქტაგონზე გამართული ბატალიების ყურებით იწყებს. დუდის სჯერა, რომ თითო ბრძოლის უკან განსაკუთრებული ისტორია იმალება და სწორედ ამ ისტორიების მოყოლას ცდილობს europop-ზე და თავის Facebook-გვერდზე She Loves The Gloves.

კომენტარები

ბოლო ამბები