Thumbnail
  • ფოლკერ ფინკეს “გასვლითი შეხვედრის” გადაღებებზე შევხვდით
  • ფრაიბურგის ლეგენდარული მწვრთნელის ინტერვიუ ევროპოპის არხზე გამოქვეყნდა

თუკი რომელიმე უცხოელ საფეხბურთო მწვრთნელზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მართლა უყვართ და აფასებენ, ერთ-ერთი პირველი (თუ უპირველესი არა) ფოლკერ ფინკეა.

90-იანების ბოლოდან წლების მანძილზე, მის ფრაიბურგს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, რადგან ფინკე იყო ის პირველი ტოპ-მწვრთნელი, ვინც ქართველ ფეხბურთელებს ყველაზე უკეთ გაუგო და ბუნდესლიგაში მუდმივად ათამაშებდა. მეტიც: შეიძლება ითქვას, რომ ის ფრაიბურგი ალექსანდრე იაშვილის, ლევან კობიაშვილის და ლევან ცქიტიშვილის გარშემო იყო აწყობილი.

პროფესიით პედაგოგმა, რომელსაც კლუბი გერმანიის მასშტაბით ძალიან მწირ ფინანსურ რესურსს სთავაზობდა, შეძლო და ჩამოაყალიბა გუნდი, რომელიც მართალია, ჩემპიონი ვერ ხდებოდა, მაგრამ ბუნდესლიგაში კარგ ძალას წარმოადგენდა და რაც ალბათ უფრო მთავარია, საკმაოდ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა. ფინკემ თავისი საკუთარი, პატარა საფეხბურთო რევოლუცია მოახდინა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს ამ რევოლუციაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ.

ფრაიბურგში მან 16 წელი იმუშავა - 1991-დან 2007 წლამდე. წყვეტის გარეშე. ეს ძალიან ბევრია! ახლოს იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დანიშვნასთანაც, მაგრამ ექტორ კუპერი ამჯობინეს…

დღეს უკვე 75 წლის ფინკე დიდ საფეხბურთო სცენაზე იშვიათად ჩანს, უფრო მრჩეველი და ექსპერტია. ფოლკერ ფინკეს ჩვენ ფრაიბურგში, ალექსანდრე იაშვილთან ერთად “გასვლითი შეხვედრის” გადაღებებზე შევხვდით. არ შეიძლებოდა, ეს შანსი ხელიდან გაგვეშვა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ცალკე ჩავწერეთ, რომელიც “ევროპოპის” YouTube არხზე ახლახან გამოქვეყნდა.

როგორ დაიწყო და წარიმართა მისი და ქართველი ფეხბურთელების ურთიერთობა; როგორ ახსოვს თითოეული მათგანი; მისი აზრით რატომ ვერ აღწევდა საქართველოს ნაკრები წარმატებას; როგორ შეიცვალა ფეხბურთი - ამ და სხვა კითხვებზე ფოლკერ ფინკემ გულახდილად გვიპასუხა.

კომენტარები

ბოლო ამბები