Thumbnail

სალერნიტანასთან გამარჯვება ნაპოლის სხვა დროს განსაკუთრებულ წარმატებად არ ჩაეთვლებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეთვლება, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი კრიზისშია და ახლა მისთვის ნებისმიერი მოგება მნიშვნელოვანია. ჩვენთვის უფრო საინტერესო ის არის, რომ ხვიჩა იტალიაში რაჰმანის მიერ გატანილი გამარჯვების გოლზე რეაქციის გამო შეაქეს. გარდა ამისა: გიორგი ჩაკვეტაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგ ფორმაშია და იმედია, მარტამდე კიდევ მოუმატებს. წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანია დაამარცხეს და დღეს მე-9 ადგილისთვის იბრძოლებენ. გასული უიკენდის მნიშვნელოვანი ამბები "ორშაბათის საკითხავში": 


კვარა | რას წერენ იტალიაში ხვიჩას რეაქციაზე

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში ნაპოლიმ, ამირ რაჰმანის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით, აუტსაიდერი სალერნიტანა უმძიმეს ბრძოლაში, 2:1 დაამარცხა. რაჰმანის გოლზე საინტერესო რეაქცია ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც თანაგუნდელისკენ კი არ გაიქცა, არამედ, მინდორზე დაეცა და გოლი ძალიან ემოციურად, მარტომ იზეიმა. სწორედ ამ ჟესტს გამოეხმაურა ნეაპოლური საიტი, Area Napoli, რომელიც წერს, რომ ხვიჩას პრობლემა ფული არასდროს ყოფილა. "დაქანცული, მაგრამ ბედნიერი ქართველი მიწაზე ეცემა და ხელების გაშლით ხარობს... კვარას პრობლემა არასდროს ყოფილა ეკონომიკური. ქართველი, რა თქმა უნდა, სამართლიანად ითხოვს ხელფასის გაზრდას, მაგრამ არა სიხარბის გამო."

📋 | რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიაზე, წაიკითხეთ აქ.

ჩაკვე | 90 წუთი და 3 ქულა

ინგლისის ჩემპიონშიფის 27-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ქუინს პარკ რეინჯერსს ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში 2:1 მოიგო. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვალერიან ისმაელის გუნდში ზედიზედ მეოთხედ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და შეუცვლელად ითამაშა. ჩაკვეტაძე პირველ ნახევარში თავის გუნდს ძირითადად დაცვაში ეხმარებოდა. მეორე ტაიმის 56-ე წუთზე ჩაკვეტაძემ შესანიშნავი შეტევა წამოიწყო, რომლის დასრულებაც თავადვე შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გიორგი დაცვაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ფიგურული სრიალი | გუბანოვას ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

ანასტასია გუბანოვამ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მეორე მედალი მოუტანა. 21 წლის მოციგურავე, რომელმაც კონტინენტის შარშანდელ პირველობაზე ჩვენს ქვეყანას ისტორიული ოქრო მოუპოვა, წელს ვერცხლის მედალს დასჯერდა. კაუნასში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის წარმატებული გამოდგა: არაოფიციალურ ჩათვლაში ქვეყანა მე-4 ადგილზე გავიდა ორი ვერცხლით და წინ მხოლოდ იტალია (2 ოქრო, 2 ბრინჯაო), ბელგია (1 ოქრო, 1 ბრინჯაო) და საფრანგეთი (1 ოქრი) გაუშვა, თუმცა მედლების რაოდენობით (2) საქართველო მხოლოდ იტალიას ჩამორჩა.

📋 | ევროპის ჩემპიონატის შესახებ ყველა სტატია ნახეთ აქ

წყალბურთი | ნაკრები მე-9 ადგილისთვის ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა გერმანიას დაძაბულ ბრძოლაში 15:10 მოუგო და ბოლო მატჩში მე-9 ადგილისთვის ითამაშებს. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე დაკარგულია, გამოირიცხა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაც. დაძაბული მატჩი ბოლო მეოთხედამდე იყო, რომლის წინაც გერმანია ლიდერობდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში დუშან ვასიჩის წყალობით ნაკრებმა კარგად ითამაშა, 7:1 მოიგო და საბოლოოდ, 5-ბურთიანი უპირატესობაც დააფიქსირა. ვასიჩმა ხუთი დარტყმიდან ხუთივე გაიტანა. დღეს, 15 იანვარს მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ესპანეთის სუპერთასი | რეალმა ბარსა გაანადგურა

მადრიდის რეალმა 2024 წელს პირველი ტიტული მოიგო - ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბარსელონა 4:1 დაამარცხა. საუდის არაბეთში გამართული "ელ კლასიკო" ვინისიუს ჟუნიორის ბენეფისი იყო, რომელმაც პირველივე ტაიმში ჰეთ თრიკი შეასრულა. 

📋 | მატჩის მიმოხილვა და გამოხმაურება ნახეთ აქ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები