Thumbnail
  • რომა ზედიზედ მეოთხე კლუბია, რომელმაც მოურინიო შუა სეზონში გაათავისუფლა
  • მოურინიოს ფეხბურთის სისტემატური პრობლემა აქვს - დროს, ახალ თამაშს ჩამორჩა
  • ჟოზე თავისი წარსული წარმატებების ტყვეა და არ იცვლება
  • კრიტიკის და სიძულვილის მიუხედავად, ის ლეგენდად დარჩება

„HabeMOUs Papam“ - სულ ცოტა ხნის წინ ჟოზე მოურინიოს რომას ტრიბუნები ასე შეხვდნენ. რომმა ჟოზე მალევე შეიყვარა და თავისიანად მიიჩნია, სწორედ ამიტომ შეადარეს რომის პაპს. შეიძლება გარედან მნიშვნელოვნად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ მის მიერ კონფერენსლიგაზე გამარჯვება და მოპოვებული ტიტული რომისთვის ისტორიული ამბავია. რომას თუ რამე უჭირს და აკლია, ეს მოპოვებული ტიტულებია, მით უმეტეს, ევროპულ სარბიელზე. ამიტომ, რომასთვის მოურინიოც მისი ისტორიის ნაწილია. ჟოზე ალბათ სრულად ლეგენდად დარჩებოდა, მაგრამ მისმა გუნდმა შარშან დრამატული ფინალი სევილიასთან პენალტებში წააგო. ორ წელიწადში მოპოვებული ორი დიდი გამარჯვება ჟოზეს რომას ისტორიაში საკულტო ფიგურად აქცევდა.

გულშემატკივარი პორტუგალიელის მხარეზეა, საფეხბურთო იტალია რომას ამერიკელ მფლობელებს აკრიტიკებს, თუმცა, სიმართლე მაინც ის არის, რომ ჟოზე მოურინიო უკვე წამსვლელი კაცია. დიდი ფეხბურთიდან წასვლას ვგულისხმობ. რომა ზედიზედ მეოთხე კლუბია, რომელმაც ჟოზე შუა სეზონიდან გაუშვა. ამ ოთხივე კლუბში ჟოზეს აქვს თავისი სიმართლე და ლოგიკა. ჩელსიში მან ძალიან სუსტი შემადგენლობით, ყველასთვის მოულოდნელად პრემიერლიგა მოიგო, მანჩესტერ იუნაიტედს, ასევე საკმაოდ სუსტი შემადგენლობით, მოუტანა ევროპული ტიტული და მეორე ადგილი, რომელიც ფერგიუსონის შემდეგ ეპოქაში ისევ ამ გუნდის საუკეთესო შედეგია. ტოტენჰემშიც მართლა ძალიან უსამართლოდ, თასის ფინალის წინ გაუშვეს. ჟოზეს იქაც კი შეეძლო ტიტულით დაესრულებინა. ამის მიუხედავად, ჟოზეს სიმართლე სისტემურ პრობლემებს ვერ ფარავს.

რომში მას არ ჰქონია ურთიერთობების პრობლემა - ის უყვარდა გულშემატკივარს და მოთამაშეები მის გამო თავს იკლავდნენ. ჟოზეს რომას ბრძოლის და მოტივაციის პრობლემა არასოდეს ჰქონია. თუკი ინგლისში ის ტოქსიკურ ფიგურად მიიჩნევა, რადგან მანჩესტერში და ტოტენჰემში ყველა ხიდი დაწვა, იტალიური საფეხბურთო კულტურისთვის ის მაინც შინაურია. მას მხოლოდ კლუბის მფლობელები არ წყალობდნენ, რადგან ფრიდკინებს, ამერიკელ ბიზნესმენებს, ცუდი შედეგების გარდა, ჟოზეს მუდმივი თავდასხმები მსაჯებზე, დისკვალიფიკაციები და თავის მართლება არ მოსწონდათ. ამერიკელებს no excuse, ანუ "არა თავის მართლებას" კულტურა აქვთ, იტალიელებს კი კონსპირაციები უყვართ. ამიტომ, ჟოზეს თეორია, რომ მის გუნდს ყველა უსამართლოდ ჩაგრავს, იტალიურ საფეხბურთო კულტურაში მაინც კარგად იყიდებოდა.

რომში მოურინიოს აღმერთებდნენ

ურთიერთობებზე მეტად მოურინიოს სისტემური პრობლემები აქვს. მისი ფეხბურთი დროს ჩამორჩა. ისიც ვიცი, რომ ჟოზეს კრიტიკა, მისი დაცინვა და აბუჩად აგდება ხშირად მოდაშია. ბევრისთვის ის იდეალური ცუდი პერსონაჟია, რომელსაც შეგიძლია დასცინო და აკრიტიკო. ეს უსამართლობაა. ჟოზე ფეხბურთის ისტორიის ნაწილია, თან ისეთი ნაწილი, რომელიც მუდამ ლეგენდად, მითად დარჩება. მოურინიომ პორტუთი მოიგო ჩემპიონთა ლიგა - ასეთ გუნდს ლიგა უკვე 20 წელია აღარ მოუგია და შეიძლება კიდევ 20 წელი ვეღარ მოიგოს. ჟოზეს ხელში ჩელსი დიდ გუნდად, გრანდად იქცა. ტიტულებთან ერთად ჩელსის ისტორიაში ჟოზე ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად დარჩება. მან შექმნა ამ კლუბის გრანდული საფუძველი, ფუნდამენტი. ჟოზეს ისტორიული „ტრებლი“ და ჩემპიონთა ლიგა აქვს ინტერთან ერთად მოგებული და ალბათ ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ გვარდიოლას ბარსელონა, მის პიკზე, მისი სიდიადის მწვერვალზე ჰყავს დამარცხებული. არც მისი რეალი იყო ცუდი გუნდი და ზემოთ ხსენებული ბარსა რომ არ ჰყოლოდა კონკურენტად, შეიძლება ბევრად მეტი ტიტულით დაესრულებინა მადრიდული მოღვაწეობა.

ჟოზე იდეალურ ბოროტმოქმედად სწორედ მადრიდულმა პერიოდმა აქცია. მთელი მსოფლიო იყო შეყვარებული ბარსაზე, მის მსუბუქ, ინოვაციურ და გენიალურ სტილზე. ჟოზე ამ გუნდს ისე ებრძოდა, როგორც შეეძლო და როგორც იცოდა. წაგებასაც იოლად არ ურიგდებოდა. ამიტომ ის, როგორც ბარსას ანტიპოდი, ბარსას, მესის და ბარსელონას იდეალური სუპერგმირი გუნდის ბოროტი კონკურენტი, მაშინვე კრიტიკის და სიძულვილის იოლ სამიზნედ იქცა.

ახალი თაობის გულშემატკივარს შეიძლება ემოციის დონეზე არ ახსოვდეს და ამ შეგრძნებას მხოლოდ შედეგების და სტატისტიკის ცოდნით ვერ მიიღებ - ჟოზეს გუნდებს რეალამდე ჰქონდათ უძლეველობის აურა. ისინი იყვნენ ფიზიკურები, ათლეტურები, დისციპლინირებულები, ტაქტიკურად გამართულები, მებრძოლები და არასოდეს ნებდებოდნენ. ჟოზეს გუნდების ყველას ეშინოდა და ისე ჩანდა, რომ მოურინიო დაუმარცხებელი, წაუგებელი კაცია. მას წაგება ისე არ უყვარს, რომ არ შეიძლება აგებდეს.

ინტერის ტრიუმფი მოურინიოს ერთ-ერთი მთავარი გამარჯვებაა

ჟოზეს პრობლემა ის არის, რომ ფეხბურთი სწრაფად შეიცვალა. როცა ის პრემიერლიგაში მივიდა, მას ტაქტიკური უპირატესობა ყველასთან ჰქონდა. ჟოზეს საფირმო ნომერი იყო ცენტრის გადატვირთვა და იქ 3-4 მოთამაშის მოგროვება, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ტრადიციულ, პრემიერლიგურ 4-4-2-ს, რომელსაც ცენტრში მხოლოდ ორი ფიქსირებული მოთამაშე ჰყავს, იოლად უგებდა. ჟოზეს საფირმო ნომერი იყო დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა. ჟოზეს გუნდები იყვნენ კომპაქტურები და ძალიან ათლეტურები. არის ასეთი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ჟოზეს გუნდები ამ საუკუნის პრემიერლიგაში ხშირად თამაშში მეტოქეზე თითქმის 10 კილომეტრით მეტს დარბოდნენ.

თუმცა, ფეხბურთი შეიცვალა - გვარდიოლას ბარსელონას შემდეგ ეს თამაში განვითარების სხვა გზით წავიდა. დაცვიდან ამოდიან მოკლე პასით და არა გრძელი გადაცემით დროგბაზე, რომელიც ამ ბურთებს მართლა იდეალურად იღებდა. პატარა გუნდებიც კი მაღალ პრესინგს თამაშობენ და ეს პრესინგი იდეალურად აქვთ დალაგებული. თამაში უფრო სისტემური, რთული და თითქოს გეომეტრიული გახდა. ახალი თაობის მწვრთნელები გვარდიოლასთვის სახასიათო პოზიციური პერფექციონიზმის მაგალითზე გაიზარდნენ. მოურინიოს გუნდები საშუალოდ ისევ იმდენს დარბიან, რამდენსაც 15 წლის წინ. მაშინ ეს ბევრი იყო, ახლა ცოტაა. ახალი გრანდები უფრო მეტს მოძრაობენ.

ჟოზეს პრობლემა ის არის, რომ როდესაც ეს საფეხბურთო რევოლუცია მოხდა, ის ამ დროს მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე დიდი მწვრთნელი იყო. გვარდიოლა-მოურინიოს პირველ შეხვედრებში და პირველ წლებში, ჟოზეს ბევრად დიდი და თითქმის მითოლოგიური სტატუსი ჰქონდა. სწორედ ამიტომ ამ დიადმა და ჩემპიონმა კაცმა ცვლილებებზე და პირველ რიგში, საკუთარი თავის შეცვლაზე უარი თქვა. რატომ უნდა შეეცვალა რამე, როცა მისი ფეხბურთი იქამდე ყველაფერს იგებდა. მისი ტრაგედიაც ეს გახდა - თამაში განვითარდა, ჟოზე კი იქ, იმ წლებში დარჩა, როცა მისი ფეხბურთი ყველაფერს იგებდა.

რომას ჰყავდა ლუკაკუ-დიბალას დუეტი, ტემი აბრაჰამი, სკამზე ბელოტი, შუა ხაზში პარედესი და ლორენცო პელეგრინი. იტალიისთვის კარგი გუნდი იყო. ბოლო ორი სეზონია ნამდვილად უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, ვიდრე სპალეტის ნაპოლის. ამის მიუხედავად და ძალიან ბევრი ობიექტური პრობლემის ფონზე, მისი რომა მოძველებულ, მართლა ცუდ ფეხბურთს თამაშობდა. რომას უჭირდა კარგ გუნდებთან დაცვიდან ამოსვლა და დაცვიდან შეტევაში პასით გადასვლა, რომას უჭირდა პრესინგი, რომა ცუდად ათამაშებდა ბურთს შეტევაში და არ ჰქონდა პოზიციური თამაში. მოკლედ, ამ გუნდს ის სისტემური ნაკლოვანებები ჰქონდა, რომელიც ფეხბურთმა ბოლო 10-12 წლის განმავლობაში, ანუ პირობითად, გვარდიოლას რევოლუციის შემდეგ ისწავლა და განავითარა. ამიტომაც იყო რომ რომა ოთხეულშიც კი ვერ მოხვდა, არადა, შემადგენლობით, მაგალითად, წლევადელ იუვენტუსზე ცუდი გუნდი რატომ არის?!

მსგავსი სისტემური პრობლემები ჰქონდათ მის მანჩესტერ იუნაიტედს და ტოტენჰემს. ჩელსიში მისი მეორე პერიოდი და ძალიან ფასეული პრემიერლიგის ჩემპიონობა, ალბათ, ბოლო შემთხვევა იყო, როცა მისი თამაში სისტემურად, ხანგრძლივ პერსპექტივაში მუშაობდა. ცალკეულ შემთხვევებში ჟოზე ისევ ელიტური მწვრთნელია - მის ტოტენჰემს გვარდიოლას სიტისთან ძალიან გამართული ტაქტიკის წყალობით მოუგია, სათასო ტიტულებიც ჟოზეს თუნდაც კრიზისის წლებშიც არ აკლია. თუ კარგად გახსოვთ, შარშან ევროპა ლიგის ნახევარფინალში რომა ჩაბი ალონსოს ლევერკუზენს შეხვდა. ალონსო ახალი თაობის მწვრთნელებში ალბათ საუკეთესოა და მისი გუნდი ძალიან თანამედროვე და ინოცაციურ, ნასწავლ, სისტემურ ფეხბურთს თამაშობს. ჟოზემ ლევერკუზენს და ალონსოს ჭკუა ასწავლა და ეშმაკურად, ტაქტიკურად მოუგო. თუმცა, გრძელ პერსპექტივაში მისი ფეხბურთი ელიტურ დონეზე არ მუშაობს.

რომაში მას ისევ ის ცნობილი მესამე სეზონის პრობლემა ჰქონდა. ჟოზე სწრაფი შედეგის მწვრთნელია, ეხერხება გუნდიდან სწრაფადვე მაქსიმუმის ამოღება და მათთვის ტიტულების მოგება, თუმცა, მესამე სეზონიდან ხშირად მოურინიოს გუნდების კრიზისი იწყება ხოლმე. თითქოს გუნდი იღლება მისით და შედეგებიც უარესდება.

არის ურთიერთობების აგების პრობლემაც. ჟოზეს უყვარს ხოლმე თქმა, რომ როცა ის 20 წლის ფრენკ ლემპარდს შეხვდა, ის მაშინ უკვე ჩამოყალიბებული კაცი იყო და ახალი თაობის 20 წლის ბიჭები კიდევ ტიკ-ტოკზე და ინსტაგრამზე გაიზარდნენ და ჯერ კიდევ მოზარდები არიან. მისი ლემპარდივით არ ესმით.

მას სხვა ისტორიაც აქვს. ჯონ ტერის, ხისტ, უჟმურ და რკინის პერსონაჟს, მისი ჩელსის კაპიტანს, ყველა ცუდი თამაშის შემდეგ ეუბნებოდა, რომ ახალი ცენტრალური მცველის ყიდვას აპირებდა. ტერის პასუხი ის იყო, რომ ჟოზეს ამ რეპლიკის შემდეგ ის საუკეთესოდ ვარჯიშობდა და თამაშობდა. ის ამას მოტივაციად იყენებდა. ჟოზე ამაში იყო საუკეთესო - სტრესის შექმნის გზით მოთამაშეებს, ადამიანებს აიძულებდა, რომ განვითარების სხვა ეტაპზე გადასულიყვნენ.

ჩელსი დიდ გუნდად მოურინიოს ხელში იქცა

დღეს სხვა დროა და სხვა კულტურაა, აღზრდის, პროფესიული ურთიერთობების, ქცევის. დღეს მწვრთნელს სტრესის შექმნაზე მეტად სტრესის შემცირება, მოთამაშეებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს შექმნა მოეთხოვება. ის, რაც ჟოზესთვის წარმატებით მუშაობდა 15-20 წლის წინ, დღეს უკვე ბევრისთვის ტოქსიკურად გამოიყურება.

ისევე, როგორც ჟოზეს სხვა მოდელი. მოურინიოს უყვარდა თავისი კლუბების გარშემო ჩამოეყალიბებინა ატმოსფერო, რომ ჩვენ ვართ მარტო მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ, ყველა ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანდა, ყველა ჩვენ გვებრძვის. მისი ჩელსი და ინტერი სწორედ ასეთი მენტალობის გუნდები იყვნენ. ეს მოთამაშეებს ეხმარებოდა, რომ უფრო მეტად შეკრულიყვნენ და გაერთიანებულიყვნენ და დამატებითი მოტივაცია და ენერგია ეპოვათ თავიანთ თავში. თანამედროვე საფეხბურთო კულტურაში ეს კონფლიქტით და დაპირისპირებით „ყველა ჩვენ გვებრძვის“ განწყობა კლუბებისთვის უფრო ტოქსიკურად გამოიყურება, ვიდრე მოტივაციად. ასე იყო რომშიც - მოთამაშეებს და გულშემატკივრებს ესმოდათ ჟოზესი, მფლობელებს - არა.

ამ სტატიით იმის თქმა მინდა, რომ ჟოზე მოურინიო ლეგენდაა, ფეხბურთის ისტორიაში ძალიან დიდი და სრულიად დამსახურებული ადგილი აქვს. მისი დაცინვა, კრიტიკა და ბოროტმოქმედად გამოყვანა არასწორია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მისი ფეხბურთი, მიდგომები და მეთოდოლოგია მოძველდა და ტოპ-დონეზე სისტემატურად აღარ მუშაობს. ვისურვებდი, რომ ჟოზემ იპოვოს მისთვის სწორი გუნდი და გარემო. შეიძლება სადმე ნაკრებშიც გამოუვიდეს, რადგან სანაკრებო ფეხბურთი უფრო ნაკლებად სისტემურია. დამარცხებული და გაძევებული ჟოზეს ყურება ნამდვილად არ არის სასიამოვნო. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მან შეცვლაზე, სწავლაზე უარი თქვა და თავის ლეგენდარულ წარსულში დარჩა. ახლა, ისიც უფრო წარსულის კაცია, ვიდრე მომავლის.

კომენტარები

ბოლო ამბები